ავტორი:

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულები გამომცემლობა "პალიტრა L-ს" ესტუმრნენ

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულები გამომცემლობა "პალიტრა L-ს" ესტუმრნენ

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულები გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ ესტუმრნენ. მათ გამომცემლობის დირექტორმა, მთავარმა რედაქტორმა და სხვა თანამშრომლებმა უმასპინძლეს. გამარჯვებულებმა შემდგომი სამუშაო პროცესები განიხილეს და დაგეგმეს.

ნინო ჟვანია, გამარჯვებული: „ეს კონკურსი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალბედა ავტორებს, თავი გამოავლინონ. კონკურსი საკმაოდ მაღალპროფესიონალურ დონეზე და პატიოსნად ჩატარდა. ასეთი რამ ხშირად არ ხდება საქართველოში და ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გამომცემლობას.“

ნათია საგინაშვილი, გამარჯვებული: „ეს კონკურსი არის ძალიან დიდი ბიძგი და სტიმული ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს და უნდა წერა. ყველას აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ნამუშევარი მიტანოს ჯერ გამომცემლობამდე და შემდეგ - მკითხველამდე. ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო, რადგან პირველად მივიღე „პალიტრა L-ის“ კონკურსში მონაწილეობა. პირველივე ჯერზე რომ წარმატებას აღწევ - ეს ნამდვილად ძალიან დიდი სიხარულია ჩემთვის.“

ელენე კუპრაშვილი, გამარჯვებული: „გამარჯვება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, რადგან ხალხის რჩეული გავხდი. ვხუმრობ კიდეც, რომ ბოლო პერიოდში გამარჯობის ნაცვლად მადლობით შეხვედრა დავიწყე. ძალიან მინდა, რომ ადამიანებს, ვინც ხმა მომცა და აქტიურად მედგა გვერდში, იმედი არ გავუცრუო. ველოდები, რომ მივიღებ ობიექტურ შეფასებას, როგორი ავტორი ვარ, როგორი ნაწარმოები მაქვს. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესთან დაკავშირებული დიდი შთაბეჭდილებები მელოდება.“

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, აღნიშნული კონკურსი დამწყები ავტორების ძალიან კარგი სტარტია სამწერლო ცხოვრებაში.

„ძალიან საინტერესო სამი ახალგაზრდა ავტორი გავიცანით. მათ ჩვენი საგამომცემლო საქმიანობის თავისებურებები და მათთან თანამშრომლობის პრინციპები გავაცანით. თითოეულს ეყოლება მენტორი და მათთან ერთობლივი მუშაობის მერე დაწყება სარედაქციო სამუშაოები. შედეგად კი მკითხველი საინტერესო სიახლეებს მიიღებს“, - განაცხადა მაია ალუდაურმა.

კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 7 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.

R