ყველაფერი არის სპეკულაცია, რომ ჩვენ რამენაირად შევუშალეთ ხელი და არ ვართ დაინტერესებული, - ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნესმენ გიორგი კოდუას განცხადებას ამერიკის მიმართულების ფრენების დაწყების საქმეში მისთვის ხელშეშლის შესახებ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ მისმა მოადგილემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ „კოდუა მორიგ ჯერზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს“.
"ჩემმა მოადგილემ ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომ ბატონი კოდუა მორიგ ჯერზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. მის კომპანიას დღეს არცერთი ავიახომალდი არ გააჩნია, რომლის საფუძველზე მას ექნებოდა შესაბამისი უფლებები და ლიცენზიები, რომ აშშ - ის ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით განეხორციელებინა ფრენა. ეს ბატონი მონაწილეობდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავიაკომპანიებში და თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკარგა ოპერირების უფლება. ასე იყო, ბოლო შემთხვევაშიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ძალიან უჭირდა, გაეცა ავიაკომპანიაზე ოპერირების ნებართვა, რადგან შეუსაბამო იყო მის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო ფლობდა.
"ასევე ბორტის მფლობელმა მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა. შესაბამისად, ბორტის არარსებობის პირობებში, კომპანიას, რომელსაც არ აქვს ავიახომალდი, წარმოგიდგენიათ, რომ ჰქონდეს ოპერირების უფლება? კანონმდებლობით ეს ასეა განსაზღვრული. ეს ავტომატურად წყდება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, ხშირად აქვთ საუბარი ამერიკელ პარტნიორებთან, თუ როგორ შეიძლება საქართველოსა და ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წაახალისონ.
"ჩვენ არა მხოლოდ დღეს, არამედ ხშირად გვაქვს საუბარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, თუ როგორ შეიძლება კიდევ წავახალისოთ საქართველოსა და ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, დაკავშირებადობა, ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა და პირდაპირი ფრენების დაწყება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც კოდუამ bpn-თან განმარტა, ეკონომიკის სამინისტროში თვეების წინ, მაშინ როცა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იყო, საელჩოს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად შეხვედრა გაიმართა. მისივე თქმით, სამინისტრომ შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უთხრა, რომ აშშ-ს მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყების ორგანიზებისგან თავი უნდა შეეკავებინა.
"დაყენებული მქონდა საკითხი და ამერიკის საელჩოც ჩავრთე, წარმომადგენლები მივიყვანე ეკონომიკის მინისტრთან. შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ მივესალმებით ამ საკითხსო, მაგრამ შეხვედრა რომ მორჩა, მითხრეს, რომ თუ შეიძლება თავი შემეკავებინა ამ რეისების ორგანიზებისგან“, - განაცხადა გიორგი კოდუამ.