5 იანვარს, ქართველების გამორჩეული მეგობარი და საყვარელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი ისრაელში გარდაიცვალა. ბატონო კაკული ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ წონაში დაიკლო, ჰქონდა ტკივილები და ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი, მას შემდეგ, თითქმის ოთხი წელი იცოცხლა.
"იცოცხლა ისე, რომ არავინ შეუწუხებია. არასოდეს საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, არ უნდოდა, რომ საყვარელ ადამიანებს ენერვიულათ", - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მომღერლის უფროსი ვაჟი მიშელ გურიელაშვილი.
მიშელს ინტერვიუს ჩასაწერად ისრაელში დავუკავშირდით.
- მიშელ, როგორ გრძელდება ცხოვრება ბატონი კაკულის გარდაცვალების შემდეგ?
- ძალიან რთულია, ჩვენი ოჯახის, ცხოვრების მთავარი ძალა, ენერგია მამაჩემი იყო. ახლა თავიდან ვსწავლობთ სიარულს. ვიცით, რომ გარდაიცვალა, ამას ვეგუებით ნელ-ნელა, მაგრამ ის ჩვენთვის არასოდეს მოკვდება. გაურკვევლობაში ვართ ჯერ ისევ...
- ბოლო წლებში ავადმყოფობდა, წონაშიც დაიკლო... როდის დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი?
- 2020 წლის 2 მარტს. ძალიან მარტივად შეეგუა მომხდარს, მაგრამ სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლა. ცხოვრების დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად ებრძოდა ამ სენს. ფიქრობდა, რომ ადამიანი ბედისწერას ვერ გაექცეოდა და ვიდრე სული პირში მიდგას, ბოლომდე ვიცხოვრებ თქვენთან ერთადო. მართლაც, ბოლო წამამდე ისე იცხოვრა, დიდი სიყვარულით და ხალხთან ერთად. როდესაც დაავადების შესახებ გავიგეთ, ექიმებმა გვითხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი. ექიმს ვუთხარი, დაანებეთ მაგ ციფრებს თავი, ნახავთ, რომ ყველანაირ რეკორდს მოხსნის-მეთქი. როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ურთულესი სიტუაცია იყო, მამა მაინც იმედიანად იყო...
- ისრაელის სამედიცინო სისტემა გამორჩეულია მსოფლიოში... მანდ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი სამკურნალოდ. რა მოხდა მამას შემთხვევაში, დაგვიანებული იყო მკურნალობა?
- სამწუხაროდ. გვიან გავიგეთ, უკვე მეოთხე სტადია ჰქონდა. თან გააჩნია, რომელი სიმსივნეა, ამასაც აქვს მნიშვნელობა. თან მამამ მართლაც ყველა რეკორდი დაამყარა, არანაირ მნიშვნელობას არ აძლევდა ამ დაავადებას, მოგზაურობდა, საქართველოშიც იყო რამდენიმეჯერ ჩამოსული. სამწუხაროდ, ექიმებმა გვითხრეს, - ისეთ მომენტში აღმოვაჩინეთ დაავადება, რომ ვერაფერს ვუშველითო.
- მიშელ, პროდიუსერი გია გოგორიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, - ბოლო დროს ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არავის აგრძნობინებდა. იდგა სცენაზე და მღეროდა ძველებურადო...
- მამა ყოველთვის ამბობდა, ყველა მოწუწუნე კაცის დედაო... როცა სტკიოდა, ჩუმად მეტყოდა, აბა, წავედითო... მართლაც სიმღერით ცხოვრობდა და ხალხის სიყვარულით. ეს იყო მისი ჟანგბადი. ისრაელში ომი რომ დაიწყო, ამან ძალიან იმოქმედა, ნერვიულობდა, ცუდად გახდა, ვერც მღეროდა, ვის ემღერებოდა, არადა, მისი ჟანგბადი სიმღერა იყო.
- განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო და აქაც გამორჩეულად ხვდებოდნენ. იწვევდნენ კონცერტებზე, ტელევიზიებში. თქვენც ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად, მამამ შეგაყვარათ საქართველო?
- ისრაელში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ მამაჩემის წყალობით ყველაფერი შევიყვარე. ამბობდა ხოლმე, ისრაელში ვცხოვრობ და საქართველოში ვცოცხლობო. ნამდვილად ასე იყო, თუ შენ შენი წარსული არ იცი, მომავალი ვერასოდეს გექნება.
მერაბ სეფაშვილს ურეკავდა ხოლმე, - ედუარდოვიჩ, რა წამოვიღოო. მერაბი ეუბნებოდა, - კაკულ, ყავა ჩამომიტანეო. - არ უნდოდა შეწუხება. მამა ეუბნებოდა, - სანთლებსაც წამოვიღებ აუცილებლადო. შედიოდა ეკლესიაში და სანთლები მოჰქონდა საქართველოში მეგობრებისთვის. რელიგია დედასავით არის, როგორც საკუთარ დედას სცემ პატივს, ისე სხვის დედას უნდა სცე პატივი. ასე გაგვზარდა მამამ. ლოცვას ყველგან მიიღებს ღმერთი.
- თქვენც ჩამოდიოდით საქართველოში, მღეროდით მამასთან ერთად, თუმცა არ ვიცნობთ თქვენს და-ძმას...
- ერთი და მყავს 36 წლის და ძმა, 31 წლის. ჩემი ძმა პროფესიონალი მოჭიდავე იყო, რაღაც პერიოდი საქართველოშიც ცხოვრობდა, ალბათ დაახლოებით ხუთი წელი. ჩემი და მღერის, მასწავლებელია. ხუთი შვილიშვილი ჰყავს მამას და მეექვსე გზაშია.
- დედაზე მინდა გკითხოთ, ქალბატონი ლორეტა, ყოველთვის ყველგან თან ახლდა მეუღლეს, ვიცი, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ...
- მამაჩემი სულ იმას ამბობდა, რომ ჩვენ სხვანაირი ცხოვრება არ ვიცითო, ერთმანეთთან ისე იყვნენ. სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ, მეგობრული, ძმაკაცური. ყოველთვის ერთად იყვნენ, დედა მამისთვის ამოღებული ხმალი იყო. ღმერთმა ქნას, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი გვყავდეს, დედაღა დაგვრჩა.
როდესაც მამა დაიღუპა, ყველა დაბნეულები ვიყავით. დედას ვთხოვე, წამოდი, ჩემთან საცხოვრებლად-მეთქი, ჩემმა დამ, არა, მარტო ვცხოვრობ და ჩემთან წამოვიდესო, ამ დროს ჩემი ძმა იძახის, - დედიკო ჩემთან მინდაო. ამ დროს დედა ადგა და გვითხრა, ძალიან მსიამოვნებს რომ ჩემზე კამათობთ, მაგრამ მე ჩემი პატარა კუთხე მინდა, აქ დავრჩები და ყველასთან სტუმრად მოვალო. ვუთხარი, - ასე არ გამოვა, მე მამაც დავკარგე, ძმაკაციც და ყველაფერი-მეთქი. ამ დროს დედამ თქვა, ყველამ რაღაც დაკარგა, მაგრამ მე ცხოვრება დავკარგეო. ვცდილობთ მაქსიმალურად შვილებმა, შვილიშვილებმა გავამხნეოთ, მამას არ მოეწონებოდა, რომ მის გამო ვინმე სევდიანი იყოს.
- როგორ გამხნევებდა, რას გეუბნებოდა ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე დამძიმდა...
- მარიგებდა, რა იყო მისახედი, დრამის დადგმა არ უყვარდა. უბრალო პიროვნება იყო, სიცილი და ხალისი უყვარდა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ვისაუბრეთ, მეუბნებოდა, რა უნდა გამეკეთებინა... ტირილი დავიწყე და მითხრა, ცრემლები არ არის საჭირო, ოჯახს მიხედეო. ნაოჭიც კი არ შესცვლია სახეზე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რამდენიმე საათი ჰქონდა დარჩენილი.
საერთოდ, არავისთან საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, ამბობდა, - სხვები რატომ უნდა ვანერვიულოო. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე სანახავად მოვიდა ნათესავი და ეს აქეთ არიგებდა, თავის მეუღლეზე ეკითხებოდა, რომელიც ცუდად იყო. კი არ მალავდა ცუდად ყოფნას, უბრალოდ, ადამიანებს უფრთხილდებოდა, არ უნდოდა ენერვიულათ.
- გამორჩეული მეგობრობა ჰქონდა მერაბ სეფაშვილთან. ვიცით, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მერაბი ისრაელში ჩამოვიდა და დაემშვიდობა.
- ასე გამოვიდა, რომ დაემშვიდობნენ ერთმანეთს... ომის გამო ძალიან გაუჭირდა მერაბს ბილეთების შოვნა. ძლივს იშოვა, ბევრი იწვალა. გადაწყდა, რომ ორშაბათ დღეს უნდა ჩამოსულიყო, წინა სამშაბათიდან რომ დაიწყო მამამ, ყოველდღე მეკითხებოდა, როდის უნდა ჩამოვიდესო. ვეუბნებოდი, მამა, ხომ ყოველდღე ელაპარაკები მერაბს და არა, მაინც შემახსენეო, ავიწყდებოდა ხოლმე. მერაბი რომ ჩამოვიდა, არ ვიცი, ეს რა იყო, დამშვიდობება კი არა, უმძიმესი კადრები, ახლაც თვალწინ მიდგას.
ღმერთმა მომცა იმის ბედნიერება, რომ კაკულის შვილი ვარ და მერაბის გაზრდილი ვარ. მერაბმა მარტო მეგობრობა და ძმაკაცობა კი არ იცის, ვერც ვისაუბრებ როგორი ადამიანია, ისეთი ერთგულია. აი, გული რომ გულს შეხვდება, ისე შეხვდნენ წლების წინ ერთმანეთს კაკული და მერაბი და ერთი ოჯახი გავხდით. მერაბს მამასაც ვეძახი, ბიძასაც, ძმასაც და მეგობარსაც. ბიოლოგიური ძმები არ ყოფილან, მაგრამ იმაზე მეტნი იყვნენ ერთმანეთისთვის.
- მიშელ, როგორია მამის გარეშე სცენაზე დგომა და როგორ გაგრძელდება თქვენი და საქართველოს ურთიერთობა?
- მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც საქართველოს და ისრაელის დროშას ყოველთვის ყველაზე მაღლა ასწევს. ჩემი სამშობლო არის ისრაელი და საქართველო, მე მეტი სამშობლო არ მაქვს. რაც შეეხება სიმღერას, ხანდახან არ მემღერება, მაგრამ მამის გარეშე სცენაზე დგომა ყველაზე მეტად მიჭირს. ჩვენი საერთო ენა გვქონდა, თვალებით ვსაუბრობდით...
წაიკითხეთ ასევე: