ავტორი:

ავსტრალიის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც ყოველდღიურად არაერთი ექსკურსია ეწყობოდა, ქალს ზვიგენი დაესხა თავს - სანაპიროები დროებით დაიკეტა

ავსტრალიის ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც ყოველდღიურად არაერთი ექსკურსია ეწყობოდა, ქალს ზვიგენი დაესხა თავს - სანაპიროები დროებით დაიკეტა

დასავლეთ ავსტრალიაში, ჯურიენის ყურეში 40 წლამდე ქალს ზვიგენი დაესხა თავს. პარამედიკოსებმა ზარი ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მიიღეს და ადგილზე ორი ეკიპაჟი გაგზავნეს. "როგორც ჩანს, სერიოზულ ინციდენტთან გვაქვს საქმე",- განაცხადა სამაშველოს სპიკერმა.

ადგილობრივი მეთევზეების მონაყოლის მიხედვით, ქალი წელამდე სიღრმის წყალში ბანაობდა, როცა მას ორმეტრიანი ზვიგენი დაესხა თავს. დაშავებული ნაპირზე კერძო ნავით მიიყვანეს, საიდანაც ის სასწრაფოდ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმავე ღამეს ქალი ვერტმფრენით პერთის სამეფო ჰოსპიტალში მოათავსეს.

მეთევზეების თქმით, ინციდენტი კუნძულ სენდლენდის მახლობლად მოხდა. კუნძული ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომელსაც ტუროპერატორები ყოველდღიური ექსკურსიების ჩასატარებლად სტუმრობენ. ტურის განმავლობაში სტუმრებს მხიარულ ზღვის ლომებთან ერთად ბანაობაც შეუძლიათ.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ამ რეგიონში ზვიგენის თავდასხმა 1967 წლის შემდეგ არ მომხდარა.

მომხდარს ავსტრალიის პირველადი მრეწველობის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტი იძიებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიმდებარე სანაპიროები დროებით დაკეტა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა