ავტორი:

პირველი ქართველი, ვისაც "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე წამოუდგა - "ეს ორმხრივი მადლიერებაა: ესპანელების მხრიდან და ილიას მხრიდანაც მასზე გაწეული ამაგის გამო" (ვიდეო)

პირველი ქართველი, ვისაც "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე წამოუდგა - "ეს ორმხრივი მადლიერებაა: ესპანელების მხრიდან და ილიას მხრიდანაც მასზე გაწეული ამაგის გამო" (ვიდეო)

25 თებერვალს, "სანტაიგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივარი, ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელშიც მადრიდის "რეალი" "სევილიას" მასპინძლობდა, უდიდესი ოვაციით შეხვდა ქართველ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას, რომელმაც ესპანელ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა. შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე, ილია თოფურიამ ალექსანდრა ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ცნობილია, რომ ილია მადრიდის "რეალის" დიდი ფანია, თავის მხრივ მისი დიდი გულშემატკივრები არიან გუნდის ლეგენდები: სერხიო რამოსი, რომელიც სტადიონზე ილიასთან ერთად გავიდა და იკერ კასილასი. სიმბოლურად, ბურთი თამაშში სწორედ ილიამ შეიყვანა...

ილიას "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც კი ფეხზე წამოუდგა.

მოგვიანებით, თოფურია მას პირისპირ შეხვდა.

ჩემპიონმა პრეზიდენტისგან "რეალის" საპატიო მაისური მიიღო.

"რამხელა პატივია, რომ ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების საჩემპიონო ქამარი სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალი"-"სევილიას" თამაშის წინ წარადგინა და მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა.

აქ ვის აღარ უთამაშია, თავად "რეალი" ხომ ყოველთვის ვარსკვლავებიანი გუნდია, მაგრამ მსგავსი რამ იშვიათად მომხდარა, ხოლო ილია პირველი ქართველია, ვისაც ეს პატივი ერგო და დამსახურებულადაც. თანაც, ბურთი თამაშში მან შეიყვანა.

რეალელები როგორ გულშემატკივრობდნენ ილიას ვოლკანოვსკისთან ბრძოლის წინ აბსოლუტური საბრძოლო პირველობის (UFC) 298-ე ღონისძიებაზე, კი ვხედავდით, რონალდუს გარდა, რომელიც მეტოქის მხარეს იყო და მათთვისაც პატივია ქართველი მებრძოლის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოსვლა.

ეს ორმხრივი მადლიერებაა - ესპანელების მხრიდან და ილიას მხრიდანაც მასზე გაწეული ამაგის გამო. ამიტომაც არის, რომ ოქტაგონზე საქართველოს დროშის გარდა ესპანეთის დროშითაც გამოდის.

იმედია, ჩვენი საამაყო მებრძოლი, რომელსაც ოქტაგონზე 15-დან 15 მოგება აქვს (ასპ-ზე 7 მოგება), საჩემპიონო ქამარს საქართველო-ლუქსემბურგის ნაკრებთა მარტის თამაშზეც წარადგენს", - წერს ქართველი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

იხილეთ ასევე: