ფლორიდაში დაფუძნებულმა სტარტაპ კომპანია Space Perspective-მა ახალი სატესტო კაფსულა წარმოადგინა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც დედამიწის ნახვა კოსმოსიდან სურს.
"ნეპტუნი" რაკეტების ნაცვლად, უშველებელი ბურთის წყალობით შეძლებს მგზავრების სტრატოსფეროში გადაყვანას. კომპანიის თქმით, ხომალდი ოპერირებას მომავალი წლიდან დაიწყებს და ბორტზე 8 მგზავრს უმასპინძლებს.
Space Perspective-ის მტკიცებით, "ნეპტუნი" ადამიანებისთვის შექმნილ მოქმედ კოსმოსურ ხომალდებს შორის ზომით ყველაზე დიდია (გარდა ისეთი კოსმოსური სადგურებისა, როგორიც ISS-ია). მათ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ნეპტუნი" რიგით მესამე კომერციული სუბორბიტალური ხომალდია, რომელიც ოდესმე აშენებულა: "ამ კოსმოსური კაფსულის მსგავსი მსოფლიოს არაფერი უნახავს. განსაცვიფრებელი ცვლილებების მომსწრენი ვხდებით, არა მხოლოდ კოსმოსის ჩვენებური აღქმა იცვლება, არამედ ისიც, თუ რას წარმოვიდგენთ, როცა კოსმოსურ ხომალდზე ვფქრობთ",- განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა ტაბერ მაკკალუმმა განცხადებაში.
მას შემდეგ , რაც "ნეპტუნი" კომერციულ ოპერირებას დაიწყებს, მასში ერთდროულად 8 მგზავრისა და კაპიტნის ჩასხდომა იქნება შესაძლებელი, რაც კომპანიის თქმით, რეკორდული ციფრია. Space Perspective გეგმავს, რომ თავისი პირველი პილოტირებული სატესტო ფრენები წლის ბოლომდე განახორციელოს, ხოლო კომერციული ფრენები იმ 1750 ადამიანისთვის, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, 2025 წლიდან დაიწყება.
ეს უნიკალური გამოცდილება 30 კილომეტრამდე სიმაღლეზე ექვსსაათიან მოგზაურობას მოიცავს და თითოეული ბილეთის ფასი $125 000 დოლარს შეადგენს. "თუ სხვა კომერციულ თვითმფრინავზე ასვლა შეგიძლიათ, მაშინ ხომალდ "ნეპტუნზეც" ახვალთ. ეს იმ ადამიანებისთვის არაჩვეულებრივი გამოცდილება იქნება, ვისაც დედამიწის კოსმოსიდან ნახვა სურს, მაგრამ რაკეტით მოგზაურობისას დისკომფორტს განიცდიან", - აცხადებს კომპანია.
წყარო: businessinsider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა