გასულ წელს, სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის 23 210 შემთხვევა გამოვლინდა - ამავე პერიოდში, დადგინდა სიჩქარის გადაჭარბების 1 მილიონ 303 032 ფაქტი, მათ შორისაა სიჩქარის გადაჭარბება სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებაში და აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებიც.
რაც შეეხება 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ წელში ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის 568 108 შემთხვევა გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად კი, ეს მონაცემი მოიცავს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვებას, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია.
გარდა ამისა, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, წლის ბოლომდე საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის სულ 4354 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორისაა ფაქტები, როდესაც აღნიშნული დარღვევა პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 15 დღის განმავლობაში განმეორებით დაუდგინდა.
ამასთან, გასულ წელს BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომის 152 340 შემთხვევა გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად აღნიშნული დარღვევის თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს შემდეგ სამართალდარღვევას: სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა.