თბილისში ყველა ღირსშესანიშნავ ადგილს თავისი ისტორია აქვს. ზოგიერთი მათგანი ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათია. "ქართლის დედის" მონუმენტური ქანდაკება თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომლის ავტორი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელია. თბილისის 1500 წლისთავისთვის, 1958 წელს კომუნისტების ერთ-ერთი პროექტი სწორედ "ქართლის დედა“ აღმოჩნდა.
სოლოლაკის გორაზე, მაშინდელი "კომკავშირის ხეივანში" გიგანტური ქალის ფიგურა, მონუმენტი უნდა დაედგათ. ის ხის იქნებოდა - ცალ ხელში ღვინის თასი ეჭირებოდა (მოყვრისთვის) და ცალ ხელში - ხმალი (მტრისთვის). თავიდან ასე იყო ცნობილი, რომ მონუმენტი დროებითი უნდა ყოფილიყო.
20-მეტრიანი, ალუმინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ქალის ქანდაკების ავტორი ისევ ელგუჯა ამაშუკელი გახლდათ. ავტორს უთქვამს, გავალამაზებო და ქანდაკება მთლიანად ახლით შეიცვალა. საქართველოს დედის გრძელმკლავიანი კაბა უფრო თანამედროვე ვერსიით შეიცვალა, მეტად თანამედროვე თავსაბურავი მოირგო, რომელიც დაფნის ფოთლებითაა დამშვენებული. ამ თანამედროვე ჩაცმულობამ მაშინ გარკვეული პოლემიკა გამოიწვია – ვიღაცები ამბობდნენ, რომ თითქოს ავთენტურობა დაკარგაო.
ელგუჯა ამაშუკელი კი აი, რას ამბობდა:
"შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე, სიხარულთან ერთად, ბევრი ტკივილიც განმიცდია. ვიდრე ჩემს ამა თუ იმ მხატვრულ ჩანაფიქრს ხორცს შევასხამდი, არაერთი და ორი წინააღმდეგობა გადამილახავს... საერთოდ, ადამიანი ნათელი დღეებით ცოცხლობს. ბოროტს, ცუდს, უსიამოვნოს ის მალე ივიწყებს, თუმცა, არის მოვლენები, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ისე მძაფრადაა ჩაკირული, რომ არ ამოიშლება“. ერთი ასეთი გამორჩეული მოვლენა იყო „ქართლის დედის“ მონუმენტის დადგმა.
1963 წლის იანვარში თაბორის მთაზე "ქართლის დედის" ქანდაკება დადგეს, მანამდე იმავე ადგილას, 1958 წელს დაიდგა ხის "ქართლის დედის" ქანდაკება, რომელიც ალუმინის ფურცლებით 1963 წელს შეიმოსა. ეს ქანდაკება თბილისის 1500 წლის საზეიმო დღეებში, 1958 წელს შევქმენი და მას "დედაქალაქი" ვუწოდე, "ქართლის დედა" მას ხალხმა მოგვიანებით შეარქვა. ქანდაკებაში ხმლისა და თასის აქსესუარი გამოხატულებაა არა მრავალშვილიანი ქართველი დედის ბუნებისა, არამედ, ჩვენი დედაქალაქის – თბილისის ისტორიული ხვედრისა – ათასი ჯურის მტრებთან გაუთავებელი ბრძოლებისა და კეთილი გრძნობით მოსულ სტუმართან ურთიერთობისა. მისი რეპროდუქცია მსოფლიოს არაერთმა ჟურნალმა და გაზეთმა დაბეჭდა. რაც უფრო იზრდებოდა ქანდაკების პოპულარობა, მით უფრო კრიტიკული ხდებოდა მისდამი დამოკიდებულება".
იყო ასეთი ეპიზოდიც - ყველასთვის გასაოცრად, მოქანდაკე თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანმა დაიბარა და უთხრა, რომ ძეგლი უნდა მოეხსნათ და სხვა ადგილას უნდა დაედგათ, მაგალითად, მახათაზე, რადგან იგი რუსთაველის პროსპექტიდან ხელს უშლიდა ლენინის ძეგლის აღქმას. საილუსტრაციოდ ავტორს წინ დაუდეს ლენინის ძეგლის ფონზე გადაღებული "ქართლის დედის" ფოტო.
"...უეცრად ვერ გავაცნობიერე ვერც ნათქვამი და ვერც - ფოტო. როცა სურათს ყურადღებით დავაცქერდი, უმალ მივხვდი, რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ვიღაცას სპეციალურად ჩემი ნამუშევარი "ქართლის დედა" ისეთი წერტილიდან გადაუღია, რომ ქანდაკება ბელადს კისერზე ხმალს აბჯენდა. ყველაფერს მივხვდი", - აღნიშნავდა მოგვიანებით ელგუჯა ამაშუკელი.
თუმცა "ქართლის დედის" ძველი მონუმენტის ახლით შეცვლამ მცირე დაბნეულობაც გამოიწვია. ერთ დილას თბილისის მოსახლეობამ გაიღვიძა და სოლოლაკის მთაზე ორი ქართლის დედა დაინახა. ნისლიანი დილა ყოფილა და ფიქრობდნენ, ალბათ გვეჩვენებაო. ზოგმა უცხოპლანეტელების თემასაც დაუკავშირა და ილუზიონისტების ტრიუკსაც... არადა, რეალურად არაფერი ეჩვენებოდათ, იქ რაღაც დროით მართლაც ორი "ქართლის დედა" იდგა.
მაშინდელი ქალაქის მერი ნიკო ლეკიშვილი იმ პერიოდს ასე იხსენებდა:
"თბილისის მერი რომ ვიყავი, ძალიან მძიმე პერიოდი იყო და ათასი რამ ხდებოდა. ერთხელაც შევიტყვე, რომ ქართლის დედის ძეგლი გაეძარცვათ. მივედი და რას ვხედავ, ძეგლს მთელი „აბშივკა“ შემოცლილი აქვს. შიგნით ხე კი დამპალია და სადაცაა, წაიქცევა... მოკლედ, ელგუჯა ამაშუკელს დაველაპარაკე. მან ძეგლის ჩამოსასხმელი ვარიანტი მიჩვენა და ახალი ქართლის დედა ჩამოვასხით. პოსტამენტი აშენდა და ინჟინერს ვუთხარი: ახალი ძეგლი ღამით დადგით და ძველი მერე მოხსენით, რომ თბილისი ქართლის დედის გარეშე არ დარჩეს-მეთქი. ამათ ახალი ძეგლი კი დადგეს, მაგრამ ძველი ძეგლის მოხსნა ვერ მოასწრეს და მთელი დღის განმავლობაში ორი ძეგლი იდგა. თურმე, იმ ადგილის სიახლოვეს ''ქართული ხმები'' ქეიფობდნენ. დილით სახლიდან რომ გამოსულან და ორი ძეგლი დაუნახავთ, „პახმელიაზე“ ერთ-ერთ მათგანს ეგონა, „ბელაია გარიაჩკა“ დამემართაო და ცუდად გამხდარა".
ამ ნამუშევრისთვის 1966 წელს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. ქანდაკების სიმაღლე 20 მეტრია. სიმაღლე ზღვის დონიდან – 480 მეტრი. მონუმენტის გვერდით თუ დადგებით, თბილისი და მისი შემოგარენი მოჩანს. ძეგლი მდებარეობს ბოტანიკურ ბაღთან და ნარიყალას ციხესთან. ამ ადგილს ტურისტული დატვირთვაც აქვს მასთან მისვლა შესაძლებელია ფეხით ან საბაგირო გზით.