ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით აფხაზების უკმაყოფილებამ რუსეთი გააღიზიანა. ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ გაავრცელა: "არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი", - დაწერა მან სოციალურ ქსელში. ამ ვითარებაში ისმის კითხვა, დღეს საქართველოს აქვს ბერკეტები, რომ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე რამენაირად იმოქმედოს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს:
- თქვენი კითხვის ბოლოდან დავიწყებ და გეტყვით, რომ აქვს... სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ბიჭვინთის აგარაკებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს მართლაც აფხაზი საზოგადოების ზეწოლის შედეგია. დღეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ცაიტნოტში არიან. რუსეთს ჰყავს აფხაზეთში წარმომადგენელი, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც ვეღარ "ქაჩავს"... თავიდან აფხაზი საზოგადოების ერთი ნაწილი თბილად შეხვდა მის ჩამოსვლას, როგორც ცნობილი გვარის წარმომადგენელსა და განათლებულ ახალგაზრდას, მაგრამ დღეს მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. ასე რომ, რუსული პოლიტიკა ვერ მუშაობს ისე, როგორც კრემლს სურს. მათ სურთ კოლონიასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ ასე არ გამოდის. კოლონია არის ე.წ. სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთში კი სხვა ვითარებაა... ვფიქრობ, ამ ნოტას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური სანქციები და ტრანშების დამუხრუჭება. აფხაზეთში ენერგეტიკის პრობლემები ისევ მწვავედ დგას. ტყუილად კი არ იყო ამას წინათ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული და ცდილობდა ეს პრობლემები ჩვენი დახმარებით მოეგვარებინა.
რუსებს აფხაზების პოზაში დგომა მოჰბეზრდათ, ხომ ხედავთ, ძებნაც კი გამოაცხადეს ახრა ავიძბაზე, რომელიც რუსეთის გმირია. ავიძბა სრულად პრორუსია, მაგრამ ის, რასაც აკეთებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, რუსებს ყელში ამოუვიდათ - ბანდიტიზმსა და ფულის შოვნაზეა გადასული. ისინი ფიქრობენ, ეს ურჩი აფხაზები უნდა დავსაჯოთ, ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური პროექტები კი განვახორციელოთო.
იმის თქმა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არ შეიძლება, მაგრამ საკითხავია, რამდენად შედეგიანად. უკვე რამდენი ხანია ვამბობ, რომ საქართველომ რბილი ძალის აქტიურად გამოყენება უნდა დაიწყოს. ეს იქნება სოციალური ქსელები, საინფორმაციო სივრცე, სხვადასხვა ტიპის ყოფილი თუ ახალი კავშირები, მათ შორის ეკონომიკური თუ ადამიანური, თან ეს ყველაფერი უნდა მუშაობდეს სისტემურად. ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სისტემის პროექტები, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა უფრო მეტი მიმართულებით აქტიურობა. წაიკითხეთ სრულად
იხილეთ ასევე: