2 დღის წინ ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ, კომუნიკაციების სპეციალისტმა, ტრენერმა და სპიკერმა, ჩემთვის ძვირფასმა ლალო ნებიერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მომღერალი, ნიჭიერი ბიჭი ნარს ტეილორი (დიმიტრი ნარსია) American Idol-ში საქართველოს სახელით მონაწილეობს.
ეს სწორედ ის ამერიკული კონკურსია, სადაც ერთი წლის წინ გამორჩეული, ძალიან ნიჭიერი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე მონაწილეობდა. ნარსის გამოსვლას American Idol-ში 18 თებერვალს ABC Network-ის და Hulu-ს ეთერში ვიხილავთ. შევიტყობთ, რა შედეგით დაასრულა პროექტი ქართველმა მონაწილემ.
"დღეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან დედაჩემის დაბადების დღეა და ეს არის სიურპრიზი, რომელიც მინდა, მას მივუძღვნა! ერთი წელია, რაც ჩემთან აღარ ხარ, მაგრამ იცოდე, ჩემით იამაყებ. დედა, მენატრები და ძალიან მიყვარხარ! ეს გამოსვლა შენ გეძღვნება!"
ლალო ნებიერიძე, რომელიც American Idol-მა ნარსთან საკომუნიკაციოდ პროექტზე თარჯიმნად მიიწვია, რამდენიმე დღეა, თბილისში იმყოფება. ცხადია, მას შედეგებზე ვერაფერს ვკითხავდი, წინასწარ დეტალებსაც ვერ გამიმხელდა, მაგრამ ნარს ტეილორზე, კონკურსის ატმოსფეროსა და მონაწილეთა ურთიერთობებზე მაინც ვთხოვე, მოეყოლა.
ლალო ნებიერიძე:
- ნარსი პროექტშიც და ყველგან აცხადებს, რომ არის ქართველი და საქართველოს სახელით გამოდის. ძალიან კარგი ბიჭია. ამერიკაში ერთი წლის წინ ჩამოვიდა. პროექტში ბედი უნდა ეცადა. ძალიან რთული ქასთინგები უნდა გაევლო. საბედნიეროდ, ნარსმა ეს ეტაპი დაძლია და კონკურსშიც მოხვდა. ის ნუცა ბუზალაძის გამოსვლის შემდეგ, მეორე სეზონში ერთადერთი ქართველია.
ინგლისურად ძალიან კარგად მღერის, ამერიკული აქცენტიც კი აქვს, მაგრამ მისი პრობლემა ინგლისურად საუბარია. რამდენიმე წინადადებით საკუთარი თავის წარდგენა შეუძლია, მაგრამ პროექტის მიმდინარეობისას ჟიური მონაწილეებს კითხვებს უსვამენ და ნარსს ამგვარი კომუნიკაცია გაუძნელდებოდა. ამიტომ აღმოვჩნდი მეც პროექტში, თარჯიმნის ამპლუაში და შესაბამისი ხელშეკრულებაც გამიფორმეს.
ეს იყო პირველი პრეცედენტი American Idol-ში, როდესაც თარჯიმანი დასჭირდათ და ისიც ეთერში აღმოჩნდა. ფაქტობრივად, უნებლიედ მეც პროექტის მონაწილე აღმოვჩნდი, რადგან თარჯიმნობასთან ერთად ნარსის გულშემატკივარიც ვიყავი და ჟიურის გადაწყვეტილებების გამხმოვანებელიც. ეგ კი არა, ნარსსთან გასაუბრებისას ჟიური მე მეკითხებოდა, ქართულად როგორ ითქმებოდა ესა თუ ის სიტყვა, რისი თქმაც ნარსისთვის უნდოდათ. საბოლოოდ არ ვიცი, მონტაჟის შემდეგ ამ დიალოგებიდან რას დატოვებენ, მაგრამ წესით, რაღაცები მაინც დარჩება, რადგან ხელშეკრულება ჩემს ეთერში გამოჩენაზეც გაფორმდა. ზოგადად, ეს პროექტი არ არის საერთაშორისო, ამიტომ მასში მხოლოდ ამერიკელები მონაწილეობენ. მგონი, არ ვცდები და პროექტის პირველი უცხოელი მონაწილე - არაამერიკელი, იყო ქართველი ნუცა ბუზალაძე, რომელსაც ამ პროექტიდან გამომდინარე მისცეს "მწვანე ბარათიც“ და რეზიდენტის სტატუსიც, მაგრამ მას თარჯიმანი არ დასჭირვებია. მეორე უცხოელიც ქართველი აღმოჩნდა, ამჯერად - ნარსი, რომელსაც თარჯიმანი დასჭირდა.
- თავად ნარს ტეილორზე რას იტყვი, რამდენი ხანია, რაც ამერიკაშია, ამერიკამდე სად მღეროდა და როგორი ადამიანია?
- ერთი წელიწადია, რაც ნარსი ამერიკაშია. თავიდან მაიამიში ჩავიდა, რამდენიმე თვეში კი ლოს ანჯელესში გადმოინაცვლა. მე აქ გავიცანი, ლოს ანჯელესში, American Idol-ის გადაღებებზე. ვიცი, რომ 5-6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის, თანაც - შესანიშნავად. ნაკლებად გულღიაა, და საკუთარ ამბებს იშვიათად ჰყვება. ერთხელ თქვა, მუსიკა და სიმღერა რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, დედაჩემის დამსახურებაა, მას დავყავდი მუსიკაზე და მანვე შემაყვარა დაკვრაც და სიმღერაცო. საკუთარი სიმღერებიც აქვს ჩაწერილი. ადრე მეგობრებთან ერთად ბენდი ჰქონია და მიწვევით საზღვარგარეთაც დადიოდნენ. რაც ამერიკაში ჩამოვიდა, ყოველ "უიქენდზე“ კონცერტებს ატარებს.
- შენ როგორ აღმოჩნდი პროექტში?
- პროექტის გადაღებები იყო შაბათს, დილის 6 საათიდან. პარასკევს საღამოს ოფისში ვიყავი, მუშაობას ვამთავრებდი და უნდა გავსულიყავი, რომ ნუცა ბუზალაძის მესიჯი მივიღე (ნუცასთან ძალიან ვმეგობრობ), პროექტში ქართველი თარჯიმანი სჭირდებათ და ვერსად იპოვეს, იქნებ შენ დაგვეხმარო. პროდიუსერებს მივცემ შენს ნომერს და დაგიკავშირდებიანო. არც ვიცოდი, რა ხდებოდა, მაგრამ დავთანხმდი და 5 წუთში დამირეკეს. American Idol-ის პროდიუსერები მელაპარაკებოდნენ, იქნებ გვიშველოთო.
ამიხსნეს ყველაფერი და მეორე დილის 6 საათზე გადაღებაზე დამიბარეს. უზარმაზარი, ძალიან მასშტაბური გადაღებები იყო, ქართველი ნარსიც იქ გავიცანი და მალევე დავმეგობრდით, რადგან მთელი გადაღებების განმავლობაში, პროექტის მასშტაბით, უჩემოდ, რომ იტყვიან, ნაბიჯი არ გადაუდგამს. გარდა ჟიურის წინაშე წარდგომისა, უამრავი ინტერვიუ ჩაწერეს - სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა ადამიანებმა. იქ ე.წ. გულახდილი ოთახიც აქვთ, სადაც ჰყვებიან ჭორ-მართალს, პირადს და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ ნარსსთან ერთად ყველაფერი გამოვიარე და, ფაქტობრივად, მეც პროექტის მონაწილე გავხდი. მერე American Idol-ის ხუმრობად იქცა: სამყარომ რომ გადაწყვიტოს და ლალო უზარმაზარ სიმღერის კონკურსზე გაიყვანოს, რა იქნებაო? პასუხი იყო: როგორ გავა ლალო, ის ხომ არ მღერის? მაგრამ არა უშავს, ლალომ ილაპარაკოსო. გამოვიდა, რომ პროექტის ჩვეულებრივი მონაწილე ვიყავი, ოღონდ ნარსი მღეროდა და მე - ვლაპარაკობდი.
- თუ გიამბეს, რით მოხიბლა ნარსმა ამერიკული ჟიური?
- საერთოდ, ამ უზარმაზარი პროექტის მონაწილეებს მთელი ამერიკის მასშტაბით არჩევენ, სხვადასხვა შტატში ჩადიან და 14-15 წლიდან დაწყებული, ზემოთ, საუკეთესო შემსრულებლებს იწვევენ კონკურსზე. ამჯერად 200-ზე მეტი მონაწილე შეარჩიეს და გაოგნებული ვიყავი, რამდენი ნიჭიერი ადამიანი იყო თავმოყრილი ერთ სივრცეში. კონკურსს მიღმაც ისე მღეროდა ყველა, ლამის შოკში ჩავვარდი. მაგრამ კონკურსში გასამარჯვებლად, სიმღერის პარალელურად, ყურადღებას აქცევდნენ სასცენო მონაცემებს, ტიპაჟს და ა.შ.
დაახლოებით, 5000 კაცი მუშაობდა ამ პროექტზე და, მიუხედავად ნარსის ინგლისურად მწირი კომუნიკაციის ფონზე, ყველა გიჟდებოდა მასზე, მათ შორის - ბავშვებიც. ყველა ნარსს ეძახდა, ძალიან შეიყვარეს, ნებისმიერ სივრცეში, სადაც გაივლიდა, ხალხი ფეხზე წამოდგომით ხვდებოდა, ეხუტებოდა, ამბობდნენ, ისეთი გულიანი ტიპია და ისე უყვარს მუსიკა, ისე გველაპარაკება მუსიკის ენით, მისი ინგლისურის ცუდი ცოდნა არაფერს წყვეტს, ძალიან გამორჩეულიაო. აშკარად აფანატებდნენ ჩვენს ქართველ ბიჭზე და ბევრი უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას.
ამდენ მუსიკოსში მხოლოდ ნარსს მოაფიქრდა და მოჰქონდა პატარა დინამიკი, რთავდა მუსიკას და დერეფნებში ცეკვავდა და მღეროდა. სადაც დადგებოდა, სულ ცოტა, 500 ადამიანი მაინც იკრიბებოდა მის ირგვლივ. მონაწილეებისთვისაც კი ფავორიტი იყო და ბევრი დაუმეგობრდა კიდეც. თავისი ქარიზმით მართლაც შტურმით "აიყვანა“ იქაური პუბლიკა. სცენაზე გამოჩენისთანავე ჟიურის წევრები ღიმილით ხვდებოდნენ. ზოგადად, ყველა გულშემატკივრობდა. კონკურსის ამ ეტაპს უწოდებენ "ჰოლივუდის ოქროს ბილეთს“ და ამ კონკურსზეც ყველა იბრძვის Hollywood Week-ში მოსახვედრად. 18 თებერვალს ყველანი შევიტყობთ საბოლოო შედეგს - მიიღო თუ არა ჩვენმა ნარს ტეილორმა ჰოლივუდის ოქროს ბილეთი.
ავტორი: ირმა ხარშილაძე