ავტორი:

ამონარიდები "ანე ფრანკის დღიურიდან", რომელსაც მკითხველი პირველად გაეცნობა ახალ სრულყოფილ გამოცემაში

ამონარიდები "ანე ფრანკის დღიურიდან", რომელსაც მკითხველი პირველად გაეცნობა ახალ სრულყოფილ გამოცემაში

პროექტის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ანე ფრანკის დღიურის სრული ვერსია. „უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების“ - სწორედ ასე ჰქვია ახალ, სრულყოფს გამოცემას, რომელიც ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ავტორს დაუბრუნდა თავისი სახელიც - „ანე“.

გამოცემა წიგნის მაღაზიის თაროებზე 19 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა მანამდე შანსი გაქვთ, რომ ონლაინ შეიძინოთ და სტამბიდან პირდაპირ თქვენი წიგნის თაროზე აღმოჩნდეს.

ახლა კი გაგაცნობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და წიგნის სრულ ვერსიაშია შესული:

„ჩვენი თავშესაფარი უკვე ნამდვილ სამალავად იქცა! საქმე ისაა, რომ კუგლერმა გაგვაფრთხილა, ამ ბოლო დროს დამალულ ველოსიპედებს ეძებენ და ბევრი ჩხრეკა ტარდება, ამიტომ უკანა სახლის შესასვლელში მბრუნავი კარადა ჩავდგათ, რომელიც კარივით გაიღებაო. კარადის დამზადება ვოსკაილმა იკისრა (ვოსკაილმა უკვე იცის ჩვენს შესახებ, ისიც დახმარებას არ გვაკლებს).“

*****

„კვირას ამსტერდამ-ნოორდი მძიმედ დაიბომბა. როგორც ამბობენ, დიდია ნგრევა, რამდენიმე ქუჩა სულ გაცამტვერებულა. ალბათ, ქვეშ მოყოლილი ხალხის ამოსათხრელად დიდი დრო დასჭირდებათ. ჯერჯერობით 200 ადამიანი ითვლება დაღუპულად, არის უამრავი დაშავებული. საავადმყოფოები გაივსო. თურმე ბავშვები ჩამოქცეული შენობების ქვეშ დაკარგულ მშობლებს ეძებენ. ჟრუანტელი მივლის, როცა ყრუ გრგვინვის ხმა მახსენდება, შორიდან რომ მოდის, როგორც მოახლოებული განადგურების ნიშანი.“

*****

“არ შემიძლია, ვერ ვივიწყებ იმ სიზმარს, რომელშიც პეტერმა ლოყა შემახო. რა დიდებული გრძნობა იყო! როგორ დავიჯერო, რომ ისიც არ ოცნებობს კოცნაზე? ნუთუ მარტო მორცხვობა აკავებს, რომ სიყვარულში გამომიტყდეს? მაშ, რატომ მთხოვს, რომ ხშირად ვიყო მასთან? რას ელოდება, რატომ არ იღებს ხმას?“

*****

„გუშინ სის ჰეისტერის სტატია წავიკითხე, რომელშიც წერს, რატომ წითლდება ადამიანი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სტატია პირადად მე მეხებოდა. მართალია, ასე ადვილად არ ვწითლდები, მაგრამ სტატიაში სხვა რამეებიც წერია, რაც ზედგამოჭრილია ჩემზე. ავტორი წერს, მაგალითად, რომ სიმწიფის ასაკში შესული გოგონა მდუმარე ხდება, უფიქრდება იმ საოცრებებს, რომლებიც მის სხეულში ხდება. ზუსტად იმავეს ვგრძნობ მეც. ამიტომაა, რომ ამ ბოლო დროს მარგოს, დედასა და მამას წინაშე სირცხვილს განვიცდი. მარგოს, რომელიც ჩემზე უფრო მორიდებულია, საერთოდ არ აქვს სირცხვილის გრძნობა!

მერე დამესიზმრა, ვითომ პეტერის ოთახში ვდგავართ პირისპირ, კიბის გვერდზე. რაღაცას ვეუბნები, ის კი მკოცნის. მერე მეუბნება, ნუ მეარშიყები, არც ისე მიყვარხარო. სასოწარკვეთილი ხმით ვბუტბუტებ: `პეტერ, მე არ გეარშიყები!~

გამეღვიძა და მიხაროდა, რომ ეს საუბარი სიზმარში მოხდა და არა ცხადში.

წუხელაც დამესიზმრა, თითქოს ერთმანეთს ვკოცნიდით, მაგრამ პეტერის ლოყები არ მომეწონა. ისეთი რბილი არ ჰქონდა, როგორიც მეგონა. მამასავით ლოყები ჰქონდა, თითქოს დიდი ხანია იპარსავსო.“

*****

“ის ღია ფანჯარასთან იდგა, მარცხენა მხარეს. მე მარჯვნივ ამოვუდექი. რომ იცოდე, რამდენად უფრო ადვილია ღია ფანჯარასთან ნახევრად ბნელ ოთახში საუბარი, ვიდრე სინათლეზე! აშკარად, პეტერიც იგივეს ფიქრობდა. იმდენი ვილაპარაკეთ, იმდენ რამეს შევეხეთ, რომ ყველაფერს ნამდვილად ვერ გადმოგცემ. ეს იყო საუკეთესო საღამო, რაც კი უკანა სახლში გამიტარებია.“

*****

“პეტერმა მითხრა, ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და ცდილობენ, ჩემი ნდობა მოიპოვონ, მაგრამ მე არ ვაძლევ საშუალებასო. მე გავუმხილე _ როცა სევდა მაწუხებს, საბანში ვეხვევი და ვტირი-მეთქი. მე კი სხვენში ავდივარ და გინებით ვიოხებ გულსო. ვუთხარი, მე და მარგომ, როგორც იქნა, გავუგეთ ერთმანეთს, მაგრამ ბოლომდე გულახდილები მაინც არ ვართ, რადგანაც სულ ერთად ყოფნა გვიწევს-მეთქი. მოკლედ, ხან რა ვთქვით და ხან _ რა, ვილაპარაკეთ ნდობაზე, გრძნობებზე, საკუთარ თავზე. პეტერი ზუსტად ისეთი პიროვნება აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა!“

*****

“როგორ ფიქრობ, მომიწონებენ მშობლები იმ ამბავს, რომ თხუთმეტი წლის გოგონა ჩვიდმეტი წლის ბიჭთან ერთად საწოლზე ვზივარ და ერთმანეთს ვკოცნით? მგონი, არ მომიწონებენ, მაგრამ ამ ამბავში ჩემს თავს უნდა მივენდო. იცი, რა მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს მის მკლავებში! როგორ მიცემს გული, როცა მისი სახე ლოყაზე მეხება! რა საამურია, როცა იცი, რომ ვიღაც გელოდება! მაგრამ (ვაი, რომ მაგრამ) მეშინია, ამაზე არ გაჩერდეს პეტერი. არა, არ დამვიწყებია, რასაც დამპირდა, მაგრამ... ბოლოს და ბოლოს, მაინც ბიჭია!“

*****

“და მაინც, ჩემო კიტი, ალბათ ამჩნევ, რომ ცოტას ვყოყმანობ. მგონი, ჩემი სინდისი ვერ ეგუება ამ ფარულ რომანს. რას ფიქრობ, ვალდებული ვარ თუ არა, რომ მამას ვუამბო ყველაფერი? ჩვენი საიდუმლო უნდა იცოდეს თუ არა სხვა ადამიანმა? ხომ დაიკარგება მთელი ხიბლი, მაგრამ იქნებ ასე მაინც დავიმშვიდო სინდისი? პეტერს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ამ საკითხზე!

ჰო, მართლა, ბევრ რამეზე მინდა დალაპარაკება. აბა, მარტო ერთმანეთის ფერებაში რა ყრია? ჩვენი აზრები ერთმანეთს უნდა გავანდოთ. ასე იბადება ნდობა; ხოლო თუ ნდობა იქნება, ვერაფერი მოგვერევა.“

*****

“პეტერს ალერსი აკლია. ცხოვრებაში პირველად იპოვა გოგონა. პირველად დაინახა, რომ ჩემისთანა ახტაჯანასაც კი შეიძლება გული ჰქონდეს, გრძნობები ჰქონდეს, სულ სხვანაირი იყოს, როცა მასთან პირისპირ დარჩები. პეტერმა პირველად გახსნა გულის კარი. აქამდე მას არ ჰყოლია მეგობარი, არც ბიჭი და არც გოგონა. ახლა კი ერთმანეთი ვიპოვეთ. არც მე ვიცნობდი მას აქამდე, არასდროს მქონია ბიჭებისადმი ნდობა. დღეს კი, აი, სადამდე მივედი...“

*****

“სულ ვეკითხები საკუთარ თავს, განა დამალვას და ამდენ ტანჯვა-წამებას სიკვდილი არ სჯობდა?! სხვებიც ხომ დაისვენებდნენ ჩვენგან! მაგრამ ამის გაფიქრებაც კი გვზარავს. ჯერ კიდევ ტკბილია სიცოცხლე, ჯერ კიდევ გვიხმობს ბუნების ყივილი და არ დაგვიკარგავს იმედი.

დაე, მალე მოხდეს, რაც მოსახდენია, თუნდაც დაგვხვრიტონ! იმაზე მეტი საშინელება ხომ არ იქნება, რა დღეშიც ახლა ვართ? დაე, დამთავრდეს ეს ყველაფერი, აღარაფრის არ მეშინია. ის ხომ მაინც გვეცოდინება, გადავრჩით თუ დავიღუპეთ!“

*****

“ვხედავ, როგორ მიჰყავთ ეს მსოფლიო ნელ-ნელა გაპარტახებამდე. სულ უფრო გარკვევით მესმის მოახლოებული ჭექა-ქუხილის ხმა, მოსპობას რომ გვიპირებს. ვგრძნობ მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამებას და მაინც, საკმარისია, ცას ავხედო, რომ მჯერა, ყველაფერი გამოსწორდება, სისასტიკეს ბოლო მოეღება და მსოფლიოში ისევ იზეიმებს მშვიდობა. მანამდე კი შევეცდები, სათუთად მოვუარო ჩემს იდეალებს, ვინ იცის, იქნებ ისეთი დრო დადგეს, რომ გამომადგეს!“

*****

ჩვენ კი რა მშვენივრად მოვეწყვეთ! ჩვენთვის ვართ, თბილად და მშვიდად. ეს საშინელებები ალბათ არც კი შეგვაწუხებდა, იმათი ჯავრი რომ არ გვკლავდეს, ვინც ჩვენთვის ძვირფასია, ვისაც უკვე ვეღარაფრით ვუშველით. სინდისი მქენჯნის, მე რომ აქ, თბილ ლოგინში ვწევარ, ჩემი საყვარელი მეგობრები კი, ვინ იცის, სად არიან, ცოცხლები არიან თუ არა.

შიში მიპყრობს ხოლმე, როცა ვიგონებ ყველა იმ ადამიანს, რომლებთანაც ოდესმე სულიერი სიახლოვე მქონია და რომლებიც ახლა ამ ქვეყნად ყველაზე სასტიკი ჯალათების ხელში აღმოჩნდნენ.

თან, მხოლოდ იმის გამო, რომ ებრაელები არიან.

უბნის ბავშვები თხელი პერანგებითა და ხის ქოშებით დარბიან. არც პალტო, არც თბილი ქუდი, არც წინდები... კაციშვილი არაა მათი პატრონი. მშიერ მუცელზე ცარიელ სტაფილოს ღრღნიან, გაყინული სახლებიდან გაყინულ ქუჩაში გამოდიან, იქიდან კი უფრო გაყინულ საკლასო ოთახებში მიდიან. აბა, უკვე ისეთი გაჭირვებაა ჰოლანდიაში, რომ უთვალავი ბავშვი დაწანწალებს ქუჩაში. გამვლელებს ეტორღიალებიან და ლუკმა პურს სთხოვენ.

შემიძლია კიდევ მრავალი საათი ვილაპარაკო იმ საშინელებებზე, რაც ომმა მოგვიტანა, მაგრამ ამით კიდევ უფრო დავითრგუნავ თავს. ისღა დაგვრჩენია, მოთმინებით დაველოდოთ ამ უბედურების დასასრულს. ებრაელებთან ერთად, ქრისტიანებიც იცდიან. მთელი დედამიწა იცდის. ბევრი ალბათ საკუთარ სიკვდილს ელოდება.“

*****

„დავბორიალობ ერთი ოთახიდან მეორეში, უაზროდ ავდივარ და ჩავდივარ კიბეზე და თავი ფრთებდაგლეჯილი ბულბული მგონია, რომელიც უკუნეთ სიბნელეში გალიის კედლებს ეხეთქება. `გარეთ მინდა, ჰაერზე! სიცილი მინდა!~ _ გაჰყვირის ჩემი შინაგანი ხმა. მე კი პასუხსაც აღარ ვცემ, დივანზე ვწვები და ვიძინებ, რომ თუ ვერ მოვკლავ, იქნებ ოდნავ მაინც შევამოკლო ეს დრო, ეს სიჩუმე და ეს საზარელი შიში.“

ეს კი სულ ბოლო ჩანაწერია. ამის შემდეგ შეწყდა:

1944 წლის 1 აგვისტო

„საკმარისია, ცოტა ხანი ჩუმად და სერიოზულად ვიჯდე, რომ ყველას ჰგონია, ისევ რაღაცას თვალთმაქცობსო. იძულებულს მხდიან, რამე სასაცილო ვთქვა, რომ თავი დავიძვრინო. ახლა ჩემი ოჯახის წევრები! ავიშვიშდებიან, ავად გახდაო, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი აბებით გამჭყიპავენ, ყელში ჩამხედავენ. აბა, სიცხე ხომ არ აქვსო, შუბლზე ხელს დამადებენ. კუჭში როგორ გადიხარო, შემეკითხებიან. რა ხასიათი წაგიხდაო, მისაყვედურებენ. მოკლედ, იმდენს იზამენ, მოთმინებიდან გამომიყვანენ და მეც უკმეხობაზე გადავალ. მერე დავნაღვლიანდები, ბოლოს კი გადამიბრუნდება გული. გარეთ გამოვა ჩემი ცუდი მხარე, კარგი კი ისევ შეიმალება და მივეცემი ფიქრს: რა ვიღონო, როგორ გავხდე ისეთი, როგორიც მინდა ვიყო, როგორიც მართლა ვიქნებოდი... ამქვეყნად ჩემს მეტი რომ არავინ არსებობდეს.“

R