ავტორი:

"13 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს" - სასამართლომ ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

"13 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს" - სასამართლომ ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მილიონი აშშ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.

აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით, 2 მილიონი აშშ დოლარი გაათეთრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 2 000 000 ლარამდე ოდენობის ფულადი თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.