ავტორი:

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსი სამხედროები მასკის Starlink-ის სისტემას იყენებენ - რა ჩანაწერს აქვეყნებს დაზვერვა და როგორია მასკის პასუხი

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსი სამხედროები მასკის Starlink-ის სისტემას იყენებენ - რა ჩანაწერს აქვეყნებს დაზვერვა და როგორია მასკის პასუხი

უკრაინულ სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანამგზავრული კავშირის Starlink-ის ტერმინალებს იყენებენ და ეს პრაქტიკა სისტემატურ ხასიათს იღებს.

SpaceX-ის დამაარსებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ "არც ერთი Starlink არ მიუყიდიათ რუსეთისთვის არც პირდაპირ და არც ირიბად“.

  • ბოლო პერიოდში ხშირად წერენ, რომ რუსული არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში Starlink-ის ტერმინალებს იყენებს. კერძოდ, მთავარი დაზვერვის სამმართველოში ადასტურებენ, რომ რუსები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნამდვილად იყენებენ მასკის ტექნოლოგიას.

"დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რუსი ოკუპანტები აღნიშნულ სისტემას იყენებდნენ. ეს სისტემურ ხასიათს იღებს“, - განაცხადა მთავარი სადაზვერვოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა.

11 თებერვალს სპეცსამსახურებმა ჩანაწერი გამოაქვეყნეს, როგორც ისინი ამტკიცებენ, ჩანაწერში ისმის რუსი ჯარისკაცების ხმა. ისინი ამბობენ, რომ შეძლეს Starlink-თან დაკავშირება. უკრაინის მთავარი სადაზვერვოს მონაცემებით, Starlink გამოიყენა რუსეთის შეიარაღებული ძალების 83-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ, რომელიც კლეშეევკასა და ანდრეევკას ოლქებში იბრძვის.

SpaceX-ის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის არცერთი ტერმინალი არ მიუყიდიათ.

"ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს SpaceX Starlink-ის ტერმინალებს რუსებზე ყიდის. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება რეალობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი ტერმინალი ირიბად თუ პირდაპირ არ გაყიდულა რუსებზე“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.

  • საიდან ხვდება რუსეთში Starlink-ის ტერმინალები?

მთავარი სადაზვერვოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი ამბობს, რომ ტერმინალები რუსეთში ოფიციალურად კი არ შედის, არამედ "პარალელური იმპორტით“. ეს არის კონტრაბანდა მესამე ქვეყნების მეშვეობით. იუსოვმა კონკრეტული ქვეყნების დასახელებისგან თავი შეიკავა.

8 თებერვალს SpaceX-ში განაცხადეს, რომ "კომპანია არანაირ ბიზნეს-საქმიანობას არ ეწევა რუსეთის მთავრობასთან ან მის შეიარაღებულ ძალებთან“.

"Starlink რუსეთში აქტიური არ არის, ანუ სერვისი ამ ქვეყანაში ვერ იმუშავებს. SpaceX-ს არასდროს გაუყიდია Starlink რუსეთში. თუ რუსული მაღაზიები ამბობენ, რომ Starlink-ს ყიდიან, გამოდის, რომ ისინი თავის მომხმარებლებს ატყუებენ“, - განაცხადეს კომპანიაში.

12 თებერვალს კრემლში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები არ იყენებენ Starlink-ის სისტემას. "ეს ჩვენთან არასერტიფიცირებული სისტემაა, შესაბამისად ოფიციალურად ის აქ ვერ იქნება. ამ სისტემას აქ ვერანაირად ვერ გამოვიყენებთ“, - ამბობს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.

ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროები Starlink-ის სისტემებს 2022 წლიდან იყენებენ. ამჟამად უკრაინისა და ილონ მასკის ურთიერთობა დაძაბულია. კიევი მადლობას უხდის თანამგზავრული კავშირისთვის მასკს, თუმცა ურთიერთობა მას შემდეგ აერიათ, რაც მასკმა რამდენჯერმე გააკრიტიკა ზელენსკი.

ავტორი: ანრი კურტანიძე