ავტორი:

თავდასხმა ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც ისრაელი "ჰამასის" უკანასკნელ ბასტიონად მიიჩნევს - გაფრთხილებები დასავლეთიდან და შეტევის პირველი მსხვერპლი

თავდასხმა ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც ისრაელი "ჰამასის" უკანასკნელ ბასტიონად მიიჩნევს - გაფრთხილებები დასავლეთიდან და შეტევის პირველი მსხვერპლი

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰს დაარტყა, რის შედეგადაც სულ ცოტა 37 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ჯანდაცვის ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოსთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ძლიერმა დაბომბვამ ქალაქში პანიკა გამოიწვია. Reuters-ი იუწყება, რომ ისრაელმა დარტყმები თვითმფრინავების, ტანკებისა და გემების გამოყენებით განახორციელა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ორ მეჩეთსა და რამდენიმე სახლს დაარტყეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში სანდო გეგმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იქ მყოფი დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის უსაფრთხოებას.

მანამდე, რამდენიმე ქვეყანამ და დახმარების ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხილა, რომ რაფაჰზე თავდასხმა კატასტროფული იქნებოდა.

"ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით - ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს ამ ტერიტორიას. პრიორიტეტი უნდა იყოს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეჩერება დახმარების შესატანად და მძევლების გამოსაყვანად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“, - დაწერა 11 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა.

განცხადება გაავრცელა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რაფაჰზე ისრაელის სამხედრო თავდასხმას საშინელი შედეგები მოჰყვებოდა.

"ჰამასი" კი დაიმუქრა, რომ ისრაელის რაფაჰზე თავდასხმის შემთხვევაში, მძევლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშლებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული ოპერაციის შედეგად, "ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს.

მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ორი გადარჩენილი მძევალი გამოკვლევებისთვის რამათ განის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

რაფაჰი "ჰამასის" უკანასკნელი ბასტიონია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა "ეიბისისთან“ ინტერვიუში ამ ცოტა ხნის წინა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ამუშავებდა დეტალურ გეგმას რაფაჰის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველსაყოფად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში ოპერაციის დასრულების მოკლე ვადა დაასახელა - 10 მარტამდე.

  • რაფაჰი - ქალაქი ღაზის სექტორის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვარზე. მისი ნაწილი ეგვიპტეში მდებარეობს. ამჟამად ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანია, მათგან დიდი ნაწილი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან არის ლტოლვილი. ისრაელი მიიჩნევს, რომ რაფაჰზე შტურმისა და ქალაქის გაწმენდის გარეშე, შეუძლებელი იქნება ღაზის სექტორის კონტროლი და "ჰამასის" სრული ლიკვიდაცია. თუმცა რაფაზე თავდასხმამ და მოსალოდნელმა უზარმაზარმა სამოქალაქო მსხვერპლმა შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი მკაცრი რეაქცია იმ არაბული ქვეყნებიდანაც კი, რომლებიც აქამდე შედარებით ზომიერ პოზიციას იკავებდნენ ისრაელის მიმართ.