მეფე ჩარლზ III დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მისი სიმსივნის დიაგნოზის ამბავი გავრცელდა. ის დედოფალ კამილასთან ერთად წმინდა მარია მაგდალინელის სახელობის ეკლესიას ესტუმრა და მის სანახავად შეკრებილ ხალხს თბილად უღიმოდა. ეკლესიის ეზოში მეფე-დედოფლის გამოჩენას 100-მდე კეთილისმსურველი ინგლისელი ელოდა და ორივეს შორიდან ესალმებოდა.
წინა დღით ბრიტანეთის მეფემ მიღებული მხარდაჭერისთვის საზოგადოებისადმი მადლიერება გამოხატა. შაბათს ღამით გავრცელებულ განცხადებაში მონარქი ამბობს, რომ მათი გვერდში დგომა გამამხნევებელია და დიდ ნუგეშს ანიჭებს: "ისიც მამხნევებს, რომ ჩემი დიაგნოზის მოსმენამ კიბოს პაციენტებისთვის დაუღალავად მომუშავე ორგანიზაციების საქმე ყურადღების ცენტრში მოაქცია. მათ გაწეულ შრომას და თავდადებას ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებითაც ვაფასებ".
მეფის სიმსივნის დიაგნოზის შესახებ ოფიციალური განცხადება ბუკინგემის სასახლემ ორშაბათს გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, მეფე ჩარლზმა მკურნალობის კურსი მეორე დღესვე დაიწყო.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა