ავტორი:

"გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, შალვა კეკელიას და მისი მრევლის ჩათვლით... ჩვენც გვაქვს უფლება გავიცინოთ იმაზე, რომ..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, შალვა კეკელიას და მისი მრევლის ჩათვლით... ჩვენც გვაქვს უფლება გავიცინოთ იმაზე, რომ..." - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მამა შალვა კეკელიას მიერ კლუბ "ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისის ჩაატარებას ეხმაურება და წერს"

"გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, შალვა კეკელიას და მისი მრევლის ჩათვლით.

ჩვენ ეს ვიცით.

სამწუხაროდ, შალვა კეკელიამ არ იცის.

რომ იცოდეს, ქუჩა-ქუჩა არ ირბენდა, უმცირესობებზე ძალადობის წასაქეზებლად.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ როგორც შალვა კეკელიას აქვს გამოხატვის თავისუფლება და სრული უფლება "ბასიანთან" ილოცოს, ისე ჩვენ გვაქვს უფლება გავიცინოთ იმაზე, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკას ეს ადამიანი კლუბთან აპროტესტებს და არა მთავრობის კანცელარიასთან".

შეგახსენებთ, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ "ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა. კლუბთან შეკრებილები იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები.

მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები."ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოსთან, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ მოგვიტანია დღემდე, ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს. დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქართველები ვმდგარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. უამრავმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ღირსება, პატივი, ეროვნულობა ტრადიციები გვქონოდა.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანის“ განცხადებით, 19 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახდა შეუძლოდ.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდას პირველადი დახმარება მომენტალურად გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერც კლინიკაში შეძლეს.