"ბრალს აღიარებს - განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა",- ამის შესახებ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ადვოკატმა ელდარ გვალიამ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ადვოკატმა, ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულს გამოძიების საწყისშივე დაენიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
"მე რომც არ მოვითხოვო, გამოძიება ვალდებულია, ამ შემთხვევაში, დანიშნოს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ისედაც დანიშნავენ.
გამოძიებას ორი თვე აქვს თავდაპირველი ვადა, შემდეგ შეიძლება კიდევ გააგრძელონ ვადა, ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დანიშნონ ექსპერტიზა, იმედია, თავიდანვე დანიშნავენ ამ ექსპერტიზას.
ცნობილია [ძმის დაკავების შესახებ] და თვითონ განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა“,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე განხორციელებული სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.
მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა გუშინ, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. ძმებს ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.