"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პანკისის ხეობის, სოფელ წინუბანში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. წერს, რომ მისი მიზანი ქვეყნის მთავარ საგანმანათლებლო მოძრაობად ქცევაა და ამიტომ რეგიონებს წიგნებით სტუმრობს.
"დღეს პანკისის ხეობას, სოფელ წინუბანს ვესტუმრეთ ახალი წიგნებით და ვთქვით, რომ ერთ ქვეყანას და ერთ იდეას ვემსახურებით, მიუხედავად ეთნიკური, კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა.
რომ ვამაყობთ კიდეც ამით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უპირატესობა და რომ ძალა სწორედ წიგნიერება, განათლება და ცოდნაა.პანკისს ჩვენს წარმომადგენელ მარგარეტ დაიაურთან ერთად ვსტუმრობდით და ორი ადგილობრივი წარმომადგენელი გვყავს უკვე: ბრწყინვალე მასწავლებელი აზა ხანგოშვილი და შესანიშნავი ახალგაზრდა მუსლიმ ბორჩაშვილი" - წერს გიორგი კეკელიძე .
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარში "ბიბლუსმა" და გიორგი კეკელიძემ ერთობლივად დააფუძნეს ,,წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება", რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა გიორგი კეკელიძე. საზოგადოება ქართული სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას და საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას მოემსახურება.