ავტორი:

"ერთი ვერსიით, ბიზნესის ასაწყობად ბინა ჩაადებინეს ბანკში, თურმე საყვედურობდა, უბინაოდ დამტოვეთო..." - რას ჰყვებიან რუსთავის უმძიმესი დანაშაულის მოტივზე?

"ერთი ვერსიით, ბიზნესის ასაწყობად ბინა ჩაადებინეს ბანკში, თურმე საყვედურობდა, უბინაოდ დამტოვეთო..." - რას ჰყვებიან რუსთავის უმძიმესი დანაშაულის მოტივზე?

გუშინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის აგრარულ ბაზარში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ხორცის სექციაში მოვაჭრეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაჭრილია. როგორც "კლინიკა რუსთავში" განაცხადეს, 25 წლის ნიკა ორველაშვილს ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. გარდაცვლილები არიან - ნოდარ ორველაშვილი, მალხაზ და დათო აბულაშვილები და პაატა მჭედლიძე. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც წყარო რუსთავიდან AMBEBI.GE-ს უყვება, ორველაშვილების ოჯახური დავა ფინანსებსა და ბიზნეს-წილებს უკავშირდება.

"35 წლის გიორგი ორველაშვილი უცოლშვილო იყო და რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაახლოებით 1-2 წლის წინ, მან ნაქირავები ბინა გადაწვა, რომელიც სწორედ ბიძამ უქირავა. როგორც ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ერთი ვერსიით, ბიზნესის ასაწყობად ბინა ჩაადებინეს ბანკში, ფული თვითონ აიღეს, გიორგი კი ნაქირავებში შეუშვეს.

ამ ფულით მათ "სტამბულის ბაზარში" ადგილები იქირავეს და ხორცის ბიზნესი დაიწყეს. ამ ბიზნესში გიორგისაც ჰქონია წილი. როგორც ამბობენ, საბოლოოდ ამ ბაზრის ბიზნესიდანაც გაუშვეს. მკვლელობა გაუმართლებელია... თურმე გიორგი სულ საყვედურობდა ბიძას და ბიძაშვილს, რა გამიკეთეთ, უბინაოდ დამტოვეთო... გუშინ დილას თოფი წაუღია (სოფლიდან ჩამოუტანია), ბიძისთვის ხორცი უთხოვია ნისიად, ალბათ საბაბს ეძებდა, რადგან შეიარაღებული წავიდა.

მამა-შვილს უარი უთქვამს, ამას კი ცეცხლი გაუხსნია, ბიძა ადგილზე მოკლა, ბიძაშვილსაც ესროლა, რომელიც ხელში დაიჭრა, მერე ხორცის გამყიდველი ორი ძმა - აბულაშვილებიც მიაყოლა. ამის მერე მოკლა შესანიშნავი კაცი - 4 შვილის მამა პაატა მჭედლიძეც. მას უთქვამს, ნუ ისვრიო, გიორგიმ კი - წამიყვანეო, მძღოლმა არ წაიყვანა და ესროლა. ამის მერე გიორგი აფთიაქ "ფარმ სახლში“ შევარდნილა და უთქვამს, კაცი მოვკალი, პოლიციაში დარეკეთო, არსად წასულა და ჩაბარდა“.