ავტორი:

მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრზე ოკეანე იპოვეს - ისინი მიმასზე სიცოცხლის ფორმირებას შესაძლებლად მიიჩნევენ

მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრზე ოკეანე იპოვეს - ისინი მიმასზე სიცოცხლის ფორმირებას შესაძლებლად მიიჩნევენ

პარიზის ობსერვატორიის მეცნიერებმა სატურნის თანამგზავრ მიმასის ყინულოვანი გარსის ქვეშ "ახალგაზრდა" ოკეანე აღმოაჩინეს. ის სულ რაღაც 5-15 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.

  • ცნობისთვის: მიმასი - პლანეტა სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც 1789 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა. სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის გმირის, გაიას ვაჟ მიმასის პატივსაცემად. ასევე მოიხსენიება როგორც სატურნი I.

როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყებულ კვლევაშია ნათქვამი, ეს აღმოჩენა მიმასს უფრო საინტერესოს ხდის მეცნიერებისთვის.

მკვლევრები თანამგზავრზე სიცოცხლის ფორმირებას შესაძლებლად მიიჩნევენ. როგორც ცნობილია, დედამიწაზე სწორედ პირველყოფილ წყლებში გაჩნდნენ პირველი ცოცხალი ორგანიზმები მილიარდობით წლის წინ.

"ეს არის მზის სისტემაში ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ადგილი თხევადი წყლის მოსაძებნად. თანამგზავრი ერთი შეხედვით ძველი და უმოქმედო ჩანს, რომელზეც შეიმჩნევა დიდი რაოდენობით კრატერები. მიმასზე ოკეანის არსებობას დღემდე არაფერი მიანიშნებდა", - აცხადებს პარიზის ობსერვატორიის ასტრონომი ვალერი ლენი.

მეცნიერთა თქმით, ოკეანის არსებობა მიუთითებს მიმასის შიგნით ძლიერ სითბოს წყაროზე, რომელმაც ყინული წყლად აქცია. უფრო მეტიც, წყალი ამ ყინულოვანი თანამგზავრის ნახევარზე მეტს შეადგენს. აღმოჩენა გაკეთდა NASA-ს კოსმოსური ხომალდის Cassini-ის მიერ მოწოდებული სურათების ანალიზით. მან გამოიკვლია სატურნი და მისი თანამგზავრები 2004 წლიდან 2017 წლამდე. მეცნიერები ამბობენ, რომ წყლის კონტაქტმა კლდოვან ბირთვთან შეიძლება "გაუხსნას გზა სიცოცხლეს“. თუმცა, ოკეანე ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, შესაბამისად, არ არსებობს გარანტია, რომ იქ უკვე არსებობს სიცოცხლე.