ავტორი:

"თავხედი" ჯონსონი, CIA "ნორდ სტიმის" აფეთქების უკან, ქართველი დაქირავებული ჯარისკაცები და მოლაპარაკება უკრაინასთან - პუტინის იშვიათი ინტერვიუ დასავლელ ჟურნალისტთან და მთავარი აქცენტები

"თავხედი" ჯონსონი, CIA "ნორდ სტიმის" აფეთქების უკან,  ქართველი დაქირავებული ჯარისკაცები და მოლაპარაკება უკრაინასთან -  პუტინის იშვიათი ინტერვიუ დასავლელ ჟურნალისტთან და მთავარი აქცენტები

Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. ეს არის ბოლო წლებში პუტინის დასავლური მედიის წარმომადგენელთან ინტერვიუს იშვიათი მაგალითი. ტაკერი პუტინს კრემლში ესტუმრა.

ინტერვიუში, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, პუტინმა ტაკერს 30-წუთიანი ისტორიის გაკვეთილი შესთავაზა, რა თქმა უნდა, ისტორიის მისეული ვერსია უამბო. ჩვენ შევარჩიეთ ინტერვიუდან რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

  • პუტინი ამბობს, რომ ილონ მასკი "შეუჩერებელია“

მას შემდეგ, რაც ისტორიაზე ისაუბრა - ჩინგიზ ხანიდან დაწყებული, რომის იმპერიით დამთავრებული, პუტინმა კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებითაც გაგვიზიარა მოსაზრება.

პუტინმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით თქვა, რომ საკითხში ექსპერტი არ არის, მაგრამ ილონ მასკს შესაძლოა, გარკვეული მოსაზრებები ჰქონდეს.

"კაცობრიობა ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე დგას. ახლა უკვე შესაძლებელია ზეადამიანის შექმნა. სპეციალიზებული ადამიანი, გენეტიკურად მოდიფიცირებული სპორტსმენი, მეცნიერი, სამხედრო პირი. არის ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა აშშ-ში უკვე ჩაუნერგა ჩიპი ადამიანს ტვინში.

ვფიქრობ, მასკის შეჩერება შეუძლებელია. ის ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. პუტინმა დასძინა, რომ საჭიროა საერთაშორისო შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები, რათა "ხელოვნური ინტელექტის განვითარება უკონტროლო არ გახდეს".

  • პუტინი იმუქრება მესამე მსოფლიო ომით, თუ აშშ ჯარს შეიყვანს უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ "იაფფასიან პროვოკაციაში" დაადანაშაულა კიევისთვის გაწეული მუდმივი სამხედრო დახმარების გამო და გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ არ განალაგოს საკუთარი ჯარი უკრაინაში.

"თუ ვინმეს აქვს რეგულარული ჯარის გაგზავნის სურვილი, ეს ნამდვილად მიიყვანს კაცობრიობას ძალიან სერიოზული, გლობალური კონფლიქტის ზღვარზე", - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ამერიკამ საშინაო საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. "არაფერი უკეთესი არ გაქვთ გასაკეთებელი? საზღვარზე პრობლემები გაქვს, მიგრაციის საკითხები, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული საკითხები. რუსეთთან მოლაპარაკება უკეთესი არ იქნება? გააფორმეთ შეთანხმება. გააცნობიერეთ, რომ რუსეთი თავისი ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

  • პუტინი ამტკიცებს, რომ Nord Steam CIA-მ ააფეთქა

პუტინის განცხადებით, "ნორდ სტიმის" დივერსიის უკან CIA დგას. ტაკერ კარლსონმა პუტინს ასე მიმართა: "ვინ ააფეთა Nord Steam?” რაზეც პუტინმა უპასუხა - "შენ, რა თქმა უნდა“.

ტაკერმა იხუმრა და თქვა, რომ ის ვერ იქნებოდა, რადგან იმ დღეს დაკავებული იყო, პუტინმა კი ასე უპასუხა:

"CIA-ის არ აქვს ასეთი ალიბი“.

  • "თავხედი ბორის ჯონსონი"

"თავხედი ბორის ჯონსონის გამოა, რომ უკრაინა იბრძვის, ამბობს პუტინი" და განმარტავს, რომ 2022 წელს, როდესაც თითქმის მიღწეული იყო სამშვიდობო შეთანხმება თურქეთის ჩართულობით, ბორის ჯონსონმა ჩაშალა.

“ის ფაქტი, რომ ისინი ემორჩილებიან დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მოთხოვნას, ან დარწმუნებას, სასაცილოდ გამოიყურება. სად არის ახლა ბატონი ჯონსონი? და ომი კი გრძელდება“, - ამბობს პუტინი.

  • "უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას მიაღწევენ"

"უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, ებრძოლონ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე. ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც მივალთ შეთანხმებამდე. და იცით რა? შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს დღევანდელ სიტუაციაში: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება", - განაცხადა პუტინმა.

  • "რუსეთს სპეციალური ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია"

"არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა:

"უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა“.

რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ისაუბრა უკრაინაში დაქირავებულ ჯარისკაცებზე. მისი თქმით, უკრაინაში ახლა ყველაზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი პოლონეთიდანაა, მეორე ადგილზე რაოდენობის მიხედვით არის აშშ, ხოლო მესამეზე - საქართველო.

ავტორი: ანრი კურტანიძე