ავტორი:

"ის ისეთი ტკბილია. როცა ვუყურებ, სხვა ყველაფერი მავიწყდება" - როგორია მამობა 80 წლის ასაკში: რობერტ დე ნირო თავის 10 თვის შვილს, ჯიას გვაცნობს

"ის ისეთი ტკბილია. როცა ვუყურებ, სხვა ყველაფერი მავიწყდება" - როგორია მამობა 80 წლის ასაკში: რობერტ დე ნირო თავის 10 თვის შვილს, ჯიას გვაცნობს

ლეგენდარული მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო უკან არ იხედება და მომავალს იმედიანად უყურებს. "მზად ვარ ყველაფერი მივიღო, რასაც ცხოვრება წინ დამახვედრებს",- ამბობს დე ნირო ჟურნალ People-თან.

80 წლის მსახიობი შესვენებას არ აპირებს და კარიერასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსაც აწყობს. მისი მთავარი მიზანი ახლა მუშაობის გაგრძელება და ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარებაა.

მსახიობს გასულ წელს შეყვარებულთან, ტიფანი ჩენთან შვილი შეეძინა, რომელსაც ჯია დაარქვეს. ჯია დე ნიროსთვის მეექვსე შვილია.

რობერტი თავის 10 თვის გოგონაზე ღიმილით საუბრობს: "ის ისეთი საყვარელი ბავშვია. ძალიან ტკბილია. როცა მას ვუყურებ, სხვა ყველაფერი მავიწყდება. ის, რომ ჯიასთან ერთად დროის გატარება შემიძლია, უზომოდ მახარებს."

დე ნიროს დანარჩენი შვილები 56, 47, 28, 25 და 12 წლისანი არიან.

დე ნიროს თქმით, ყველაზე მეტად მთელი ოჯახის ერთად შეკრება სიამოვნებს: "უბრალოდ, მათთან ერთად ყოფნა და სამოგზაუროდ თბილ ადგილებში სიარული ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო რამაა".

როცა ჟურნალისტები რობერტს პენსიაზე გასვლის შესახებ ეკითხებიან, ის პასუხობს: "ამას ჯერ არ ვგეგმავ".

როგორც ჩანს, დე ნიროს მამის როლი 5 შვილის გაზრდის შემდეგაც სიამოვნებას ანიჭებს და 80 წლის ასაკშიც გეგმებს აწყობს: "ჩემი გოგონა ნახევრად ჩინელია. მინდა, რომ ჩინური ენაც ისწავლოს და ინგლისურსა და ჩინურ ენაზე საბავშვო სიმღერები თვითონ ვასწავლო, მინდა, ორივე ენა იცოდეს".

თუმცა, მსახიობი იმასაც აღიარებს, რომ მამობა არც ისეთი ადვილია: "არაფერია მარტივი. მძიმე სამუშაოს შესრულება მე მაინც არ მიწევს, რადგან ეს ჩემმა შეყვარებულმა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა მას ყველანაირად მხარს ვუჭერ. მარტოებს არ გვიწევს ყველაფერთან გამკლავება და დამხმარეებიც გვყავს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია", - დასძენს მსახიობი.

რობერტი და ტიფანი

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა