ავტორი:

"მისი საყვარელი ფრაზა იყო "ის აქ არის...“ წავიდა, მაგრამ თავისი საოცარი მუსიკით ის მართლაც მარად აქ იქნება" - როგორ იხსენებენ დიდ მაესტროს კოლეგები და შეგირდები

"მისი საყვარელი ფრაზა იყო "ის აქ არის...“ წავიდა, მაგრამ თავისი საოცარი მუსიკით ის მართლაც მარად აქ იქნება" - როგორ იხსენებენ დიდ მაესტროს კოლეგები და შეგირდები

"დღეები მიდიან,“ "გზები, გზები,“ "პატარა გოგო,“ "მზე ჩემი მეგობარია,“ "ისევ წვიმს,“ "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, "დინამო, დინამო“ და სხვა... - ვაჟა აზარაშვილის სიმღერები ქართველმა მსმენელმა დიდი ხანია შეიყვარა.

ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორი 7 თებერვალს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლი და საესტრადო.

უამრავი ადამიანი, ნაცნობი თუ უცნობი მწუხარებას, დანანებას და თანაგრძნობას გამოხატავს, რადგანაც ბატონი ვაჟას მუსიკა ყველასთვის ახლობელია და თითოეულის გულამდე მიდის.

მუსიკოსი, პროდიუსერი გია ბაღაშვილი მაესტროს ასე ემშვიდობება:

"წავიდა დიდი მაესტრო! დიდი შემოქმედი და დიდი პიროვნება! ქართული საკომპოზიციო სკოლის მშვენება!.. კეთილშობილი, ღირსეული, ნიჭიერების მოტრფიალე, ახალგაზრდების გვერდში მდგომი, თბილი, გულიანი, პრინციპული და მართალი კაცი!.. იუმორით და ხალისით სავსე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ნაღდი ქართული სიმღერების შემქმნელი, თანაც ისეთების, საუკუნეებს რომ შემორჩება და თაობები რომ იმღერებენ!.. წავიდა ჩემი ძვირფასი პედაგოგი და უფროსი მეგობარი!.. წავიდა, მაგრამ ის აქ არის!.. ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული, მაესტრო!“

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვაჟა აზარაშვილის წასვლით მართლაც ეპოქა დამთავრდა:

"დიდი ადამიანების, უდიდესი მელოდისტების ეპოქა დამთავრდა. მელოდია ხელწამოსაკრავი სიტყვა არ არის. მელოდიაში დევს ყველაფერი, რაც კარგთან შეიძლება ასოცირდებოდეს. ეს არის სიბრძნე, სიკეთე, კეთილშობილება და ძალიან დიდი სიყვარულის უნარი. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ადამიანები წერენ მელოდიურ ნაწარმოებებს.

ვაჟა აზარაშვილის ყველა მელოდია გამსჭვალულია მართლა უდიდესი სიყვარულით თავისი ქვეყნის მიმართ, ადამიანის მიმართ, მეგობრის მიმართ, სამყაროს მიმართ. საოცარი ნამუშევრები აქვს. ჩემთვის ახლა ერთი დიდი წერტილი დაესვა ამ სიკეთეს. რაც გულდასაწყვეტია... მისი წასვლა ძალიან მასევდიანებს.

მართლა თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას სახალხო, ეს არის ვაჟა აზარაშვილი. ამიტომ ყველა ქართველს ვუსამძიმრებ ამ ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლას. სამწუხაროდ, აღარ დაიწერება ის საოცარი მელოდიები, როგორიც ვაჟა აზარაშვილს ჰქონდა...

ბატონ ვაჟასთან ვმეგობრობდი. რამდენჯერმე ინტერვიუც კი მომცა და ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრები გვქონია.

მისი პიროვნების დასახასიათებლად ისიც კმარა, თუ როგორ ლაპარაკობდა თავის კოლეგებზე. მისგან ბევრი საინტერესო ისტორია მომისმენია, ყველაფერი დაფიქსირებული მაქვს და ნელ-ნელა მათ თავის ადგილს მივუჩენ...

არასდროს დამავიწყდება მისი ბოლო შეფასებაც, როდესაც მარიამმა "გზები, გზები“ იმღერა. ეს მხოლოდ დიდ ადამიანს შეუძლია, დამირეკა და მადლობა გადამიხდა იმისთვის, რომ სიმღერა ასეთი სახით შეასრულაო. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება იყო. მანამდე კი მისი რა სიმღერაც მიმღერია, თავისი საყვარელი ფრაზით - "ის აქ არის, ბრავო!“ - მაფასებდა ხოლმე. ამ ფრაზით ამ ქვეყნად დადიოდა და ის ყოველთვის აქ იქნება. იმიტომ, რომ ყველა ქართველის გულში მარად იქნება ვაჟა აზარაშვილი.

***

თავად ბატონი ვაჟა კი აი, რას ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში იმაზე, თუ როგორ დაიწყო მუსიკის წერა და როგორ მოვიდა წარმატება მის ცხოვრებაში:

შვილთან, ნათია აზარაშვილთან ერთად

"მუსიკის წერა შვიდწლედში სწავლისას დავიწყე და იმის მერე ცხოვრება არც წარმომიდგენია. მაშინ ძირითადად, სავიოლინო ნაწარმოებებსა და საგუნდო სიმღერებს ვწერდი. 1970 წელს ჩემი კონცერტი ვიოლონჩელისა და სიმებიანი ორკესტრისთვის დაუკრეს და ჩემი აღმავლობა, კარიერული წინსვლა მაშინ დაიწყო. იმ კონცერტს ტრიუმფალური წარმატება ჰქონდა. მხარში მედგნენ უკვე ცნობილი კომპოზიტორები - გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, არჩილ ჩიმაკაძე, რომლებიც ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ... მეორე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორთა კავშირმა ხუთი პრემია გასცა და აქედან სამი მე ავიღე... თანდათან ჩემი რომანსები და სიმღერებიც პოპულარული გახდა, როლებსაც ცნობილი მომღერლები მღეროდნენ“.

ცნობილია ისიც, რომ ბევრი სიმღერა ლეგენდარული ნანი ბრეგვაძისთვის აქვს დაწერილი, ამაზე თავად ასე ჰყვებოდა:

"ნანი ბრეგვაძე - უნიჭიერესი მომღერალი ჩემი კურსელი იყო. მისთვის დავწერე "ისევ წვიმს" და "დღეები მიდიან". სხვათა შორის, "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება" უეცრად, მანქანაში დავწერე, ამ სიმღერას ნანი ბრეგვაძე "ორერასთან" ერთად მღეროდა და ძალიან პოპულარული გახდა. ანსამბლ "ორერას" "ხევსურული ბალადა" დავუწერე, რომელიც ასევე პოპულარული გახდა... "ორერაში“ ჩემს სიმღერებს ლამის ყველა მღეროდა - გენო ნადირაშვილის შესრულებით ცნობილი გახდა "პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა", "დამშრალ ნაკადულს"...

პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე, ambebi.ge-სთან კომპოზიტორს ასე იხსენებს:

"საინტერესო კლასიკური ნაწარმოებები, სიმღერები აქვს შექმნილი. ჩემთვის მასზე საუბარი მხოლოდ როგორც ავტორზე, რთულია. მამაჩემის ახლო მეგობარი იყო, სწორედ მან დააძალა მამას, რომ კომპოზიტორთა კავშირში შესულიყო... მამას გარდაცვალების მერე მისი თანადგომა ჩემ მიმართ განსაკუთრებული იყო... არ არსებობს ხვალ, არსებობს მხოლოდ დღეს და ახლა. რაც დრო გადის, ამაში მით უფრო ვრწმუნდები. ადამიანების გახარება, სიყვარულის გამოხატვა დღეს და ახლა უნდა მოვასწროთ. ამიტომ, ბოლო წლებში, როდესაც ბატონი ვაჟას რაიმე ნაწარმოებს ვასრულებდით, ნათიას, მის შვილს ვთხოვდი, რომ მამა ჩვენს კონცერტზე მოეყვანა. მადლობა მას და მის ოჯახს, რომ ყოველთვის მოჰყავდათ. როდესაც სცენიდან მის შექმნილ ნაწარმოებებს ვუძღვნიდით, უზომოდ უხაროდა. ერთი წლის წინ ალბათ მისი სახლიდან ერთ-ერთი უკანასკნელი გასვლა იქნებოდა, რაზეც თავიდან ცოტა ვინანე, ნათიას ვთხოვე, მამა ქართული კინომუსიკის შედევრების "მეხსიერების ბარათი 2“- ის პროექტზე მოეყვანა. კიბეზე ამოსვლა ცოტა გაუჭირდა და ვთქვი, რატომ შევაწუხე-მეთქი? მისი ნაწარმოებები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ფილმიდან "მზე შემოდგომისა“. მთელი დარბაზი, 2000 კაცი ფეხზე დაუდგა. ტაშს უკრავდნენ და მას ცრემლი მოერია. ეს იყო დიდი სიყვარულის გამოხატვა და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს მოვასწარით.

85 წლის რომ გახდა, ახალი თაობის მუსიკოსებთან ერთად, დაბადების დღის აღნიშვნა მოუწყვეთ. ბავშვივით გახარებული იყო... დიდი მეგობარი და ადამიანი გახლდათ და მის შემოქმედებაშიც არის ბევრი სიკეთე. ასევე საოცარი იუმორი ჰქონდა და გამორჩეული თვითირონიაც.

ბატონ ვაჟას უყვარდა ამ ფრაზის თქმა - "ის აქ არის!“ რომ დამინახავდა, მეუბნებოდა, - მამაშენი გხედავს, ის აქ არისო... წავიდა, მაგრამ თავისი საოცარი მუსიკით ის მართლაც მარად აქ იქნება...

მისი სიმღერები თაობებს გადაეცემა... ავიღოთ თუნდაც "დინამო, დინამო“ - აქაც იგრძნობა მისი გულწრფელი დამოკიდებულება, ის სიხარული, რომელიც ამ თამაშს მოჰქონდა. ერთი შეხედვით, უბრალო გადაწყვეტაში ჩადო გენიალურობა. გულშემატკივრის შეძახილი მელოდიად აქცია.

დიდი კაცი წავიდა".

***

რაც შეეხება ცნობილი სიმღერის, "დინამო, დინამო“ დაწერის ამბავს ბატონი ვაჟა ასე ჰყვებოდა:

"ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარდა და სულ სტადიონზე ვიყავი. მახსოვს, თბილისის "დინამოს" ყველა წარმატება თუ მარცხი. ყველა ცნობილ ფეხბურთელთან ვმეგობრობდი... სიმღერა "დინამო" 1976 წელს დავწერე, როცა ჩვენმა ბიჭებმა ერევნის "არარატს" მოუგეს. ეს მატჩი მოსკოვში გაიმართა. მახსოვს, მთელი ღამე არ მიძინია და უეცრად დავწერე ან რა დამაძინებდა?! ამ სიმღერის ტექსტი მორის ფოცხიშვილმა შექმნა და ის საოცრად პოპულარული გახდა. ეს სიმღერა ჩვენს "დინამოს" კარგად დაებედა - მსოფლიოში ცნობილი გუნდი გახდა. დიუსელდორფში ევროპის თასების თასიც 1981 წლის 13 მაისს მოიგო“.

  • მუსიკოსის, იუმორისტის თამუნა ლეკვეიშვილის მოგონება საყვარელ პედაგოგზე ასეთია:

"კონსერვატორიაში გვქონდა საგანი - საკრავთმცოდნეობა, რასაც ბატონი ვაჟა მასწავლიდა. შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ყველა ლექტორის ლექცია მაქვს გაცდენილი, ბატონი ვაჟას ლექცია კი - არასდროს... ძალიან საინტერესო იყო, იქვე მუსიკას გვასმენინებდა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი. ის იყო ლექტორი, რომელიც საგანს გაყვარებდა. სტუდენტებთან ძალიან მეგობრობდა. წარმოიდგინეთ, რომ ლექციაზე ჩვენი ასაკის ხდებოდა. ახალგაზრდებთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა. არაჩვეულებრივი მუსიკა აქვს, ისეთი, სულ რომ დარჩება... საოცარი შემოქმედების ავტორია და არა მარტო სიმღერების, მაგალითად, "ნოქტიურნი“, "სენტიმენტალური ტანგო“ და კიდევ ბევრი...

ჩემი საყვარელი ქართული სიმღერების ჩამონათვალში პირველ სამ ადგილზე მისი ნამუშევრებია...

ყოველთვის მგულშემატკივრობდა. ოჯახს საერთო მეგობარი გვყავს და ცოტა ხნის წინ იმ ადამიანმა მითხრა, სულ გკითხულობს და ამბობს, გული მწყდება, რომ ეს გოგო მუსიკას არ წერს, არადა, როგორი იმედი მქონდაო... საყვარელი ადამიანი იყო და გული ძალიან დამწყდა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს".

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და მთელ მუსიკალურ სამყაროს.