ავტორი:

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი გოგონების ცხედრები იპოვეს

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში ტყუპი გოგონების, ანა და ქეთი რობაქიძეების ცხედრები იპოვეს. ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონაში სულ რვა ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს. გოგონები სახლში მამასთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, მათი ცხედრებიც ნაპოვნია.

ჩვენი ინფორმაციით, ყველაზე მეტად მათი სახლი დაზიანდა. როგორც ბავშვების პედაგოგი გვიყვება, ეზო სრულად გასწორებული იყო, სახლის სახურავი კი მეწყერმა მდინარის მეორე მხარეს გადაისროლა.

იმ ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები, ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.