ავტორი:

"ძალიან ცუდად ვართ, სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში... არ ვიცით მათი მდგომარეობა" - ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

"ძალიან ცუდად ვართ, სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში... არ ვიცით მათი მდგომარეობა" - ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის ცხედარი იპოვა.

როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი.

სტიქიის ადგილზე ცოტა ხნის წინ სკოლის პედაგოგები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც დღეს სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, მიწამ მოიყოლა. პედაგოგებს მძიმე ემოციური ფონის გამო საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ მეწყერში სამი საუკეთესო მოსწავლეა მოყოლილი.

"ჩვენი მოსწავლეები იყვნენ. ძალიან ცუდად ვარ. სამი მოსწავლე, საუკეთესო შვილები არიან. ეძებენ მაშველები. მათი მდგომარეობა არ ვიცით" - ამბობენ მასწავლებლები.

სოფელ ნერგეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ. როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. "ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს" - აცხადებენ შსს-ში.

ნახეთ ასევე: