პარტნიორები:
    ავტორი:

    ადგილობრივების ინფორმაციით, ბაღდათში მაშველებმა ახალგაზრდა გოგოს და კიდევ ორი ქალის ცხედარი იპოვეს - "როგორც ვიცით, დედა-შვილი არიან..."

    ადგილობრივების ინფორმაციით, ბაღდათში მაშველებმა ახალგაზრდა გოგოს და კიდევ ორი ქალის ცხედარი იპოვეს - "როგორც ვიცით, დედა-შვილი არიან..."

    არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში სტიქიის ადგილზე გარდაცვლილთა შორის, რომელთა ცხედრები დილას მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დედა-შვილი არიან. ამის შესახებ ადგილობრივებმა AMBEBI.GE-ს განუცხადეს.

    "როგორც ვიცით ნაპოვნია ახალგაზრდა გოგონა დედასთან ერთად და კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონი' - ამბობენ ადგილობრივები.

    ამ დროისთვის ეძებენ კიდე 6 ადამიანს, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვილია მოყოლილი.

    "ერთი სახლი მიწასთან გასწორებულია, მოყოლილები არიან მამა და სამი შვილი და მეორე სახლში სამი ადამიანია მოყოლილი - ჩემი მაზლიშვილი, რძალი და დედამთილი. ამბობენ, რომ სამივე გარდაცვლილია" - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

    "წვიმების დროს სულ ასეთი პრობლემა იყო, სახლები საფრთხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივდიოდი ხოლმე და სახლს ვტოვებდი. ეს პრობლემა, წლებია არსებობს" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

    რა განცხადება გაავრცელა შსს-მ?

    "იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

    ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

    სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

    სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები".