ავტორი:

დისნეილენდში ვიზიტი იმდენად სტრესულია, რომ ოჯახები სპეციალურ გაკვეთილებს ესწრებიან - რა ხდება მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ გასართობ პარკში?

დისნეილენდში ვიზიტი იმდენად სტრესულია, რომ ოჯახები სპეციალურ გაკვეთილებს ესწრებიან - რა ხდება მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ გასართობ პარკში?

იცოდით, რომ დისნეილენდში მგზავრობა არა მხოლოდ გართობასთან, არამედ სტრესთანაც იყო დაკავშირებული? მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ გასართობ პარკში მოგზაურობის დაგეგმვა იმდენად გართულდა, რომ ოჯახები სპეციალურ გაკვეთილებსაც კი ესწრებიან იმის სასწავლად, თუ როგორ გააგნონ გზა და სასურველ ატრაქციონებზე ასვლა მოახერხონ.

"ვიცოდი, რომ დისნეილენდის ინდუსტრიული კომპლექსი დამაბნეველი იქნებოდა, მაგრამ ასეთ რთულსაც ვერ წარმოვიდგენდი...",- განაცხადა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ტერეზა ბრაუნმა, რომელიც დისნეის პარკს აგვისტოში ოჯახთან ერთად ესტუმრა. "ტვინს ძალა უნდა დაატანო, რომ იქ როგორმე გზა გაიკვლიო",- დასძენს ტერეზა.

სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად გადაწყვიტა ინფლუენსერმა ბრუკ რეიბოლდმა, რომ 200-გვერდიანი სახელმძღვანელო შეექმნა. სხვადასხვა ინფორმაციით გაჟღენთილი სახელმძღვანელო, სახელად "დედის სახელმძღვანელო დისნეის სამყაროში", შეგიძლიათ 40 დოლარად შეიძინოთ.

"მთელი სისტემაა შექმნილი იმისთვის, რომ დისნეილენდში დრო ბევრად უფრო სასიამოვნოდ გაატაროთ",- განაცხადა რეიბოლდმა.

რეიბოლდის მსგავს დახმარებას გაგიწევთ მოგზაურობის დამგეგმავი კირსტენ ანდრადე პიტსბურგიდან. კირსტენს $39-იანი ონლაინ კურსი აქვს, რომელიც დისნეილენდში მოგზაურობის დაგეგმვას გასწავლით. "ჩვენ პატარა ქვიზიც კი გვაქვს შედგენილი",- განმარტავს კირსტენი.

დისნეილენდის რუკა

ექსპერტები პარკის ვიზიტორებს გართობის მხრივ ზედმეტი მოლოდინების ქონას არ ურჩევენ. მათი თქმით, იმის გარდა, რომ პარკში დილის 7 საათზე უნდა გამოცხადდეთ, თან აუცილებლად უნდა იქონიოთ ტელეფონი და სპეციალური აპლიკაციაც, რომელიც გზის გაგნებაში დაგეხმარებათ. "ვფიქრობ, ხალხს ყველაზე მეტად იმის დაჯერება უჭირს, რომ პარკში ვიზიტი წინასწარვე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული",- ამბობენ ისინი.

ამავდროულად, დისნეის დაგეგმვის ბიზნესის დამფუძნებელი ჯესიკა მიკელსონი გვირჩევს, რომ პარკს ფლორიდის ყველაზე ცხელ პერიოდში უნდა ვეწვიოთ - აგვისტოდან სექტემბრამდე, ანუ მაშინ, როცა ბავშვები სკოლას უბრუნდებიან. "როცა დისნეიში მოგზაურობ, გინდა, რომ გარშემო ყველაფერი დაათვალიერო და ყვავილების სურნელით დატკბე. ის ფაქტი, რომ ტელეფონის აპლიკაციაზე უნდა იყო მიჯაჭვული და დამატებითი ბატარეა ატარო მხოლოდ იმისთვის, რომ ერთ ატრაქციონზე ასვლა მოახერხო, ეს მთელ ვიზიტს გაშხამებს",- ამბობს დისნეის ერთ-ერთი ვიზიტორი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა