ავტორი:

"ნიუ-ჯერსის სტადიონზეც კი აჩვენეს, როგორ მიჭერს შევარდნაძე ხელს და როგორ ვასხამ "ბორჯომს" ნათაძეს" - 30 წლის წინანდელი პოლიტიკური ამბები: როგორ გააოცეს რჩეულიშვილთან წყნეთში ასული ელჩები?

"ნიუ-ჯერსის სტადიონზეც კი აჩვენეს, როგორ მიჭერს შევარდნაძე ხელს და როგორ ვასხამ "ბორჯომს" ნათაძეს" - 30 წლის წინანდელი პოლიტიკური ამბები: როგორ გააოცეს რჩეულიშვილთან წყნეთში ასული ელჩები?

AMBEBI.GE-ს არქივში უამრავ საინტერესო სტატია არსებობს, რომელთა ხელახალი გადაკითხვა ამ თუ იმ მოვლენას, ფაქტს, ამბავს ამ გადასახედიდან, კიდევ უფრო სხვაგვარად დაგვანახვებს ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი 2015 წელს ვახტანგ რჩეულიშვილის მიერ ჩვენთვის მოცემული ინტერვიუაა. რჩეულიშვილი ინტერვიუში მისი პოლიტიკაში ყოფნის პერიოდს იხსენებს და გულახდილად საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარება იყო იმდროინდელ მთავრობაში, როდესაც მას საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილეობა (1992-1995 წლები) უწევდა.

  • ვინ მართავდა მაშინ ქვეყანას, როგორ მუშაობდა პარლამენტი, რა ურთიერთობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანთან და ა.შ. მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს უახლოეს წარსულს.

1992-1995 წლების საქართველოს პარლამენტი

ის უნიკალური იყო რამდენიმე ნიშნით: მას სახელმწიფოს მეთაური - ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა; იყო პირველი ქართული პარლამენტი მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მთელმა მსოფლიომ აღიარა; ამ პარლამენტმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული განვითარების კურსს, ქვეყნის დასავლურ არჩევანს; როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერს, პატივი მერგო, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში პირველი ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ვყოფილიყავი და პირველი შენიშვნაც ევროპელი კოლეგებისგან მაშინ მიგვეღო…

ცხადია, ევროპამ გაგვაკრიტიკა, მაგრამ როდის უჯერებს ამაყი ქართველი სხვას, სანამ ცხვირს არ წაიტეხს? სწორედ იმ უნიკალურმა პარლამენტმა მიიღო ქვეყნის კონსტიტუცია და ამ კონსტიტუციის ხელმოწერის ცერემონიალის დროს, მის ეზოში ააფეთქეს შევარდნაძე (მეც მასთან ერთად)!

პარლამენტი - 1992-1995 წლები

მაშინ დაეცა სოხუმი, ზუგდიდში დაბრუნდა ზვიად გამსახურდია, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველო შევიდა დსთ-ში, მოიკიდა ფეხი ტერორიზმმა - მოკლეს ედპ-ს ლიდერი გია ჭანტურია, შევარდნაძის ფონდის თავმჯდომარე - სოლიკო ხაბეიშვილი. წარსულში კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი მართავდა ქვეყანას, სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველკვარტალურად ვიღებდით, შემოვიდა კუპონი, გათავისუფლდა ფასები პურზე - ხალხი მთელ ღამეს პურის რიგებში ათენებდა!

მაგრამ სწორედ ამ პარლამენტის დროს შედგა ქვეყანა: შემოვიდა ეროვნული ვალუტა - ლარი, ამოქმედდა სასამართლო, შსს და პროკურატურა, ხელისუფლებიდან წავიდნენ (დააპატიმრეს) ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი, რუსეთში გაიქცა იგორ გიორგაძე, ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პოსტსაბჭოთა ელიტა (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები). ქვეყანა თანდათან ფეხზე წამოდგა. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო არაჩვეულებრივად წარმომადგენლობითი პარლმენტი, რომელმაც გააერთიანა საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, იმ დროისთვის არსებული პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა დაქსაქსული შეურიგებელი ზვიადისტებისა. დეპუტატებს შორის იყო საქართველოში ცნობილი თითქმის ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ქართული კულტურის გამოჩენილი წარმომადგენელი: ჭაბუა ამირეჯიბი, თენგიზ აბულაძე, რეზო ჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზურაბ წერეთელი და სხვები.

პარლამენტში მოვიდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ირინა სარიშვილი-ჭანტურია და მამუკა გიორგაძე (გია ჭანტურია არ შემოსულა პარლამენტში), აკაკი ასათიანი, ირაკლი წერეთელი, ნოდარ ნათაძე, ვაჟა ადამია თავისი პარტიებით, დისიდენტები - ირაკლი შენგელია, მიხეილ ნანეიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა (ე.წ. "პუტჩისტები"), რესპუბლიკელები (ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და სხვა), მწვანეები ქარტია "მონარქისტები," ძველი თაობის ცნობილი პოლიტიკური სახეები - ჟიული შარტავა, ჯუმბერ პატიაშვილი, თეიუმურაზ შაშიაშვილი და იმ დროისათვის ახალი სახეები - ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჟვანიას ახალგაზრდული გუნდი. ერთი სიტყვით, ამდენი ცნობილი ადამიანი არც ერთ სხვა პარლამენტში არ შემხვედრია. სპიკერატში წარმოდგენილები ვიყავით - ვახტანგ გოგუაძე (სპიკერი), რუსუდან ბერიძე (მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე) და მე. მაშინ ჩაეყარა საფუძველი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ინსტიტუტს - მე ვიყავი უმრავლესობის ლიდერი, რუსუდან ბერიძე კი უმცირესობისა.

ჯაბა იოსელიანი

ჯაბა იოსელიანი უნიკალური პიროვნება იყო. სახელმწიფო იერარქიაში მეორე კაცის პოზიცია ეკავა შევარდნაძის შემდეგ. ყოფილი კანონიერი ქურდი და მოქმედი შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელი ასეთ თანამდებობაზე ქვეყნისთვის ცხადია, საშიშროებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ ეტაპზე სტაბილურობის შენარჩუნების სხვა საშუალება არ იყო. ის აჩერებდა ზვიადისტებს მასობრივი საპროტესტო აქციებისგან, ძალას სძენდა სახელმწიფოს იძულების მექანიზმს, რომლის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. შევარდნაძემ სრულად გამოიყენა მისი ეს შესაძლებლობები და მერე მხედრიონთან ერთად მოიცილა ისიც და კიტოვანიც. მე ვაფრთხილებდი ჯაბას ამის შესახებ, ვახსენებდი ცნობილ ფრაზას - "რევოლუცია საკუთარი შვილების ჭამას იწყებს". მაგრამ ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა - უბრლოდ, ბოლო წლებში პროცესებს ვეღარ აკონტროლებდა, საკუთარი ფორმირების მძევლად იქცა. ამავე დროს ბევრი გამორჩეული თვისების მატარებელი იყო: ჭკვიანი, ნაკითხი, მამაცი და ბოლოს და ბოლოს, სიმპათიური. ფულს პირადად არ ესწრაფოდა - ოჯახში არასოდეს მიჰქონდა მილიონები. ბევრჯერ ამომდგომია გვერდში - პოლიტიკურადაც (როდესაც პარლამენტში თანამდებობიდან გადაყენებას მიპირებდნენ), ეკონომიურადაც (როდესაც სიმამრს ბიზნესს ართმევდნენ). გია ჭანტურიას მსგავსად, ჩემი მოკვლის საკითხიც რომ დადგა, ჯაბას ჩარევამ მიხსნა. ერთი სიტყვით, თავისი დროის შვილი იყო და ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა იმდროინდელ საქართველოში.

რა პრობლემების წინაშე იყო პარლამენტი

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, საქართველოს ერთი და იგივე პრობლემა აქვს - დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთე. საქართველოს მთავარი პრობლემა რუსეთის იმპერიული ამბიციები, აფხაზური და ოსური სეპარატიზმი იყო. მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და სწორედ ეს იქცა და რჩება რუსეთთან მთავარ პოლიტიკურ პრობლემად. ვინაიდან დაპირისპირება რუსეთთან ცივილური არჩევანის საკითხია და ორივე მხარე ამ არჩევანის მძევალია…

პოლიტიკა კარს მიღმა

როდესაც სტრასბურგში ჩავედით, დიდი პატივისცემით მიგვიღეს. მაშინ კლინტონი ამერიკის პრეზიდენტად ახალი არჩეული იყო. მასპინძლებთან ერთად ევროპარლამენტის უზარმაზარ შუშის ლიფტში რომ შევედით, თანამშრომლებმა იმ დროს ამერიკის პრეზიდენტად ახლადარჩეულ პრეზიდენტს მიმამსგავსეს (ეტყობა, ჭაღარით) და ჩურჩული დაიწყეს - კლინტონი, კლინტონიო. საქართველოში რომ ჩამოვედით, იმჟამინდელი რესპუბლიკის პროკურორმა - თედო ნინიძემ შევარდნაძეს ეს ამბავი მოუყვა. ეს რა არისო, - უპასუხა შევარდნაძემ, - კლინტონი რომ ჩავიდა ვიზიტით სტრასბურგში და ლიფტში შევიდა, ყველამ ჩურჩული დაიწყო - რჩეულიშვილი, რჩეულიშვილიო!

სკანდალური ინციდენტი, რომელიც ისტორიაში შევიდა

ნოდარ ნათაძესთან თავიდანვე ცუდი ურთიერთობა მქონდა. ჩუღურეთის რაიონში (სადაც კენჭს ვიყრიდი), "სახალხო ფრონტში" მისი მოადგილე, გოჩა გავაშელი მიპირისპირდებოდა და არჩევნები გამიყალბა. კიდევ კარგი გაყალბებული ოქმების სასამართლო ექსპერტიზა ჩავატარე და ორ უბანში არჩევნები თავიდან ჩავატარებინე. მხოლოდ ამის წყალობით შევედი პარლამენტში, მაგრამ ნათაძის საჩივრის გამო პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება არ დაამტკიცა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინე, სცნო პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ იმ დროს ნათაძის პოლიტიკურმა პარტნიორებმა, ვახტანგ ხმალაძემ და რეზო შავიშვილმა ამ ოქმების გაცნობის შემდეგ, მხარი უყოყმანოდ დამიჭირეს (პატიოსანი პოლიტიკოსები არც ისე იშვიათია, როგორც ხალხს ჰგონია).

ნათაძე კი ყოველთვის ასეთი ხასიათის, მაგრამ ვერავინ უბედავდა ღიად შეკამათებას. განსაკუთრებით ძველი კომუნისტები ერიდებოდნენ - სასტიკად დაშინებული ჰყავდა. თუკი რეგლამენტს არღვევდა, მე მიკროფონს მოურიდებლად ვუთიშავდი. ერთხელაც, მიკროფონი რომ გავუთიშე (სხდომები მკაცრად მიმყავდა, ვინაიდან ამდენი ავტორიტეტული ადამიანის დისციპლინის ჩარჩოებში მოქცევა სხვანაირად შეუძლებელი იყო), პრეზიდიუმში მოვარდა და შევარდნაძეს მიმართა, - "ვიღაც ნაბიჭვარს მიკროფონს არ გავათიშინებო". შევარდნაძე კარგად მიცნობდა და ხელი დამიჭირა, არაფერი უთხრაო. მაშინ მეორე ხელით დავისხი ჭიქაში "ბორჯომი" და სახეში შევასხი. დისციპლინის პრობლემა პარლამენტში საბოლოოდ გადავჭერი! ამ კადრებმა მთელი მსოფლიო შემოიარა. მაშინ პარლამენტის ახალგაზრდა თანამშრომელი, მიხეილ სააკაშვილი ჰყვებოდა, რომ ნიუ-ჯერსის ცნობილ სტადიონზე "პინკფლოიდების" კონცერტის დროს, შესვენებაზე უზარმაზარ ეკრანზეც კი უჩვენებიათ ეს სცენა - როგორ მიჭერს შევარდნაძე ხელს და როგორ ვასხამ "ბორჯომს" ნათაძეს... მაგრამ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან პოლიტიკური ბრძოლის მიუხედავად, ვმეგობრობდი.

ერთხელ წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში დავპატიჟე იმ დროისთვის საქართველოში აკრედიტებული ელჩები. თან, პარტიული ლიდერებიც იყვნენ სუფრასთან: გია ჭანტურია, აკაკი ასათიანი, ზურაბ ჟვანია და სხვები. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, ერთმანეთის სადღეგრძელოებზე რომ გადავედით და ქეიფი დავიწყეთ, გაოცებული ელჩები მოგვიბრუნდნენ და გვითხრეს: თქვენ ხომ არ დაგვცინით, - პარლამენტში ჩხუბს რომ იწყებთ, ჩემოდნებს ვალაგებთ, ქვეყნიდან გასაქცევადო და თურმე როგორ გყვარებიათ ერთმანეთიო!