"გრემის" 66-ე დაჯილდოება, რომელიც კვირას საღამოს ლოს-ანჯელესში შედგა, სიურპრიზებით იყო სავსე და მაყურებელს თავი არაერთი მიზეზით დაამახსოვრა. მუსიკის უდიდეს საღამოზე არც მეტი, არც ნაკლები, სელინ დიონი გამოჩნდა, მაილი საირუსმა თავისი პირველი და მეორე "გრემის" ჯილდო ერთ ღამეში მოიგო, ტეილორ სვიფტი კი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი შემსრულებელი, რომელიც წლის ალბომის ჯილდოს უკვე ოთხგზის მფლობელია.
ტეილორ სვიფტის წლის ალბომის ნომინაციაში გამარჯვება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი იმით გახდა, რომ მას პრიზი სელინ დიონმა გადასცა, რომელიც სცენაზე ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდა. "მთელი გულით ვამბობ, რომ აქ ყოფნა მიხარია",- უთხრა დიონმა დამსწრე აუდიტორიას.
კვირას გამართულ ცერემონიაზე სხვა მთავარი ჯილდოები მაილი საირუსმა და ბილი აილიშმა მიიღეს. წლის სიმღერის სტატუსი ფილმ Barbie-ს ბილი აილიშის შესრულებულმა საუნდტრეკმა მოიპოვა, წლის საუკეთესო ჩანაწერის და საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულებისთვის კი ჯილდო მაილი საირუსს გადასცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კაილი მინოუგმა საუკეთესო პოპ-ჟანრის ცეკვის ჩანაწერისთვის რიგით მეორე "გრემის" ჯილდო მოიპოვა.
"გრემიზე" სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა და ცერემონიის სცენაზე პირველად გამოჩნდა კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯონი მიტჩელი. 80 წლის მომღერალმა მისი კლასიკად ქცეული Both Sides Now მჯდომარემ შეასრულა.
ახლა კი წითელი ხალიჩის ფოტოებს გადავხედოთ:
წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა