ავტორი:

სულ მცირე 64 დაღუპული და ასობით დაკარგული - გამანადგურებელი ტყის ხანძრები ჩილეში: ქვეყანაში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

სულ მცირე 64 დაღუპული და ასობით დაკარგული - გამანადგურებელი ტყის ხანძრები ჩილეში: ქვეყანაში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

ცენტრალური ჩილეში გამანადგურებელმა ტყის ხანძრებმა მინიმუმ 64 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, "ქვეყანა უდიდესი ტრაგედიის წინაშეა",- განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში დაღუპულთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი.

რამდენიმე დღის წინ დაწყებულმა ტყის ხანძრებმა ტურისტებში პოპულარულ ორ სანაპირო ქალაქს, ვინია-დელ-მარსა და ვალპარაისოს განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა. ეს ქალაქები ჯამში მილიონზე მეტ მაცხოვრებელს იტევს.

გავრცელებული ხანძრის გამო, ჩილეს ხელისუფლებამ ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში საღამოს 9 საათზე კომენდანტის საათი დააწესა და მეხანძრეების დასახმარებლად სამხედროები გაგზავნა.

გაბრიელ ბორიჩმა ქვეყანაში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა, რომელიც ორშაბათს დაიწყება და დასძინა, რომ ჩილე ცუდი ამბებისთვის მზად უნდა იყოს: " ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და თანაც საკმაოდ მნიშვნელოვნად. მთლიანად ჩილე იტანჯება და გლოვობს ჩვენს დაღუპულებს".

"ჩილეში ამ დროისთვის ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაზიანებულია 1000-ზე მეტი სახლი",- განაცხადა ხელისუფლებამ. ჯერ კიდევ შაბათის მონაცემებით, ჩილეში 90-ზე მეტი ხანძარი მძვინვარებდა. "ჩვენ ერთად ვართ, საგანგაშო სიტუაციაში ყველანი ერთად ვიბრძვით. ჩვენი პრიორიტეტი ადამიანების გადარჩენაა,"- თქვა ბორიჩმა თავის გამოსვლაში.