აშშ-ში ამინდის პროგნოზის ყველაზე ცნობილ წინასწარმეტყველ ცხოველად ტყის ვირზაზუნა ითვლება, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ცხოველებიდან, რომლებსაც, ფოლკლორის მიხედვით, ამინდის პროგნოზირების საოცარი უნარი აქვთ. ასეთ ცხოველებს შორის ვხვდებით ძროხებს, რომლებიც წვიმის მოსვლამდე წვებიან. ამ ასოციაციების უმეტესობა თანამედროვე მეცნიერებისთვის გამოუსადეგარია, მაგრამ მითებს შორის ხანდახან დოკუმენტირებულ ფაქტებსაც ვხვდებით.
ფენოლოგია არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ცხოველების და მცენარეების ცხოვრების სტილი ამინდისა და კლიმატის მიხედვით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, თუ როგორ რეაგირებენ თევზები ან გადამფრენი ფრინველები წყლისა და ჰაერის ტემპერატურის ცვლილებებზე.
ძველი ფერმერების ალმანახში (ჩრდილოეთ ამერიკაში ძველი ფერმერის ალმანახი 1792 წლიდან ყოველი წლის სექტემბერში ქვეყნდება და მასში ამინდის პროგნოზები, მცენარეთა დარგვის წესები და სხვა ინფორმაციაა თავმოყრილი) მწერების, ცხოველების და მათი ამინდის პროგნოზირების უნარების შესახებ ათეულობით მითი თუ რეალობა გვხვდება. მაგრამ არსებობს კვლევა, რომელიც ვარაუდობს, რომ ზოგიერთ ცხოველს თანდაყოლილი გრძნობა აქვს, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი კატასტროფის მოახლოებას გრძნობს.
გერმანელმა მკვლევარებმა ისიც შეისწავლეს, შეუძლიათ თუ არა ცხოველთა სხვადასხვა სახეობებს მომავალი მიწისძვრის წინასწარ განსაზღვრა. მოხსენების თანახმად, მათ აღმოაჩინეს, რომ ცხოველები, მათ შორის ძროხები, ცხვრები და ძაღლები მიწისძვრამდე 20 საათით ადრე ბევრად უფრო აქტიურები ხდებოდნენ.
სიმართლეა ის მოსაზრებაც, რომ ჭრიჭინებს ბუნების თერმომენტრის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. მწერები ექტოთერმები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან ერთად იცვლება და შედეგად, ზაფხულის განსაკუთრებით თბილ ამინდში უფრო სწრაფად ჭრიჭინებენ. დოლბერის კანონის თანახმად, ჭრიჭინებსა და ამინდს შორის კავშირს გარკვეული ფორმულა აღწერს: "შეგიძლიათ 15 წამში ჭრიჭინის რაოდენობა დათვალოთ, დაამატოთ 40 და თქვენ მიიღებთ ტემპერატურას ფარენჰეიტებში",- აღნიშნავს ოკეანის და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია.
მეოცე საუკუნის ბევრმა ჰერპეტოლოგმა ისიც დაადასტურა, რომ ბაყაყების სხვადასხვა სახეობებს წვიმამდე ცოტა ხნით ადრე განსაკუთრბეული ხმების გამოცემა ახასიათებთ, რომელსაც ისინი "წვიმის ზარს" უწოდებენ. მეცნიერთა აზრით, ეს საგანგაშო "ზარები" შესაძლოა ნალექის მოსვლამდე ტენიანობის მატებით იყოს გამოწვეული.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა