ავტორი:

ორბანიც თანახმაა და შეთანხმება მიღწეულია - ევროკავშირი უკრაინას 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ორბანიც თანახმაა და შეთანხმება მიღწეულია - ევროკავშირი უკრაინას 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს გამოუყოფს

ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, 3 თებერვალს, სპეციალურ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით. არსებობდა შიში, რომ უნგრეთის პრეზიდენტი, ვიქტორ ორბანი დახმარების პაკეტს დაბლოკავდა, როგორც მან ეს გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე გააკეთა.

  • "უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

"შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

  • მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას.

"ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი.

მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

  • "შეთანხმება მიღწეულია - კარგი დღეა ევროპისთვის", - ასე ეხმიანება ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას

"შეთანხმება მიღწეულია. ევროპულმა საბჭომ ჩვენი პრიორიტეტები დააფიქსირა. უკრაინის მხარდაჭერა. არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა. კარგი დღეა ევროპისთვის“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.