პუტინის ოპონენტმა ბორის ნადეჟდინმა 100 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა შეძლებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებას.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიეცემა თუ არა მას თავისუფალი კამპანიის წარმართვის უფლება.
ნადეჟდინმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ხელმოწერებით სავსე ყუთით ხელში დგას: "ეს არის ჩემი სიამაყე - ათასობით ადამიანის შრომა მრავალი უძილო ღამის განმავლობაში", - დაწერა მან.
ბორის ნადეჟდინი ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა "პრაქტიკულად გაანადგურა რუსეთის თანამედროვე სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტები" და აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, მისი პირველი ამოცანა ომის დასრულება იქნება.
უზბეკეთში დაბადებულ 60 წლის ნადეჟდინს მხარს უჭერენ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოკავშირეები.