არცთუ დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში მწერლისა და მთარგმნელის, ჩემთვის ძვირფასი და პატივსაცემი ადამიანის, ნიკა ბაძაღუას სტატუსს გადავაწყდი, დედის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო წუხდა და საზოგადოებას გვთხოვდა დახმარებას:
"ჭირს ვინც სახლში მალავდა, დედაც მას მოუკვდაო", - ამბობენ ჩვენში (სააფხაზოში), ჰოდა, დედა რომ დიდხანს მყავდეს, ვერ დავმალავ ამ ჭირს სახლში!სამწუხაროდ, დედაჩემს - თეა ბაძაღუას აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე - გლიობლასტომა და 2024 წლის 9 იანვარს ნეიროქირურგმა ირაკლი თოიძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაუკეთა ურთულესი მიკროოპერაცია, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთულია. პაციენტს სჭირდება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, მასაჟები, ახლო მომავალში ქიმიოთერაპიის კურსიც დასჭირდება.ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, თუნდაც მცირედით, ამ ურთულესს ბრძოლაში იქნებ გვერდში ამოგვიდგეთ"...
ნიკა ბაძაღუას დედის ჯანმრთელობის ამბის დაწვრილებით მოყოლა ვთხოვეთ:
- დედაჩემი თეა ბაძაღუა 49 წლის არის. 2023 წლის ნოემბრის პირველ დღეებში აფხაზეთიდან მესტუმრა თბილისში. სიმართლე გითხრა, მაშინ არც მეტყველება უჭირდა და არც ხელ-ფეხს უჩიოდა, ჩვეულებრივ დადიოდა, თავისით. 16 ნოემბერს შევიტყვეთ, რომ ჩემი ბებია, დედის დედა გარდაიცვალა და დედა აფხაზეთში გაემგზავრა, მაგრამ ამ ამბავმა იმდენად ძლიერ იმოქმედა მასზე, რომ ბებიაჩემის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, ჯანმთელობის მდგომარეობა მკვეთრად რომ შეერყა. ამიტომ დედა კვლავ თბილისში ჩამოვიყვანე და გამოკვლევებისთვის "ავერსის" კლინიკაში მივიყვანე.
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის შემდეგ „ავერსიდან“ „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაგვამისამართეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და საბოლოოდ დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე - გლიობლასტომა. რეაბილიტაციას 17 იანვრიდან სახლში გავდიოდით, თუმცა 1 კვირის თავზე ისევ ცუდად გამიხდა, სუნთქვა გაუჭირდა და 4 დღის წინ სასწრაფოთი კვლავ კლინიკაში გადავიყვანეთ.
ამჟამად კვლავ კლინიკაში წევს, კარდიოთერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობა მეტად რთულია: დედას მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს წართმეული და მეტყველებაც უჭირს. კომპიუტერულმა კვლევებმა კი გულის გარსში შეპარული სითხე აღმოაჩინა... ვიცი, რომ გლიობლასტომა არ იკურნება! ექიმებისგან ისიც ვიცი, რომ ამ დიაგნოზის დასმიდან პაციენტები ორ წლამდე ცოცხლობენ!
ისიც კარგად ვიცი და ბოლომდე გასიგრძეგანებული მაქვს, რომ დედაჩემისთვის რასაც ვცდილობ, ყველაფერი მისი სიცოცხლის რაც შეიძლება მეტად გახანგრძლივებისთვის და ტკივილების შემსუბუქებისთვის კეთდება! თუმცა... უფლის სასწაულებიც რომ ხდება? - ამისი ღრმად მწამს და მჯერა! სწორედ ამ სასწაულის მოლოდინში რომ ვარ, ამიტომაც ვიბრძვი დედაჩემის სიცოცხლისთვის ბოლომდე, როგორც ის იბრძოლებდა ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში და ვითარებაში!
"ამ რთულ ბრძოლაში, მარტო არ უნდა დარჩე! ასეთ დროს ვჭირდებით ადამიანები ერთმანეთს!“ - მითხრა ჩემმა ძმამ, პაატა ბლიაძემ...იმ მომენტიდან ერთობლივად ვიბრძვით დედაჩემისთვის მე და თქვენ - ჩემო ძვირფასო საზოგადოებავ! ოღონდაც დედა გადამირჩინე ახლა, უფალო და ღმერთო ჩემო და არასდროს არაფერს გთხოვ და არც რამეზე დავიწუწუნებ შენ წინაშე... უფალო და გულისხმიერო ადამიანებო, გევედრებით, დედა გადამირჩინეთ!
პ.ს. ვფიქრობ, ნიკა ბაძღუას ამ სიტყვებს გულს მიღმა ბევრი ვერ გაატარებთ და როგორც ყოველთვის გვჩვევია, შეძლებისდაგვარად ამოვუდგებით ნიკა ბაძაღუას, 49 წლის დედის გადასარჩენად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ვისაც სურვილი გაქვთ, თუნდაც მცირედით დაეხმაროთ ნიკას დედას,
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:
TBC ბანკი - #GE72TB7709845061100084
Liberty ბანკი - #GE22LB0211151556575000; მიმღები: ნიკა ბაძაღუა
ავტორი: ირმა ხარშილაძე
რა სამწუხაროა რომ გადარჩენის ასეთი ცოტა შანსი აქვს, იქნებ ქიმიოთერაპიის კურსმა შვება მისცეს, უფალი გფარავდეთ!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სასწაულებიც ხდება 🩷 ჯანმრთელობას ვუსურვებ ქალბატონს, ევროპაში რამე უკეთესი მეთოდები ხომ არ აქვთ ნეტა?