ავტორი:

"ოკეანიდან კივილის ხმა ისმოდა..." - ავსტრალიაში ქალს ზვიგენი დაესხა თავს: როგორ გადაარჩინეს ის სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა

"ოკეანიდან  კივილის ხმა ისმოდა..." - ავსტრალიაში ქალს ზვიგენი დაესხა თავს: როგორ გადაარჩინეს ის სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა

ავსტრალიელ ქალს სიდნეი ჰარბორში ზვიგენი დაესხა თავს, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა, ამ სასწაულს კი ის ოკეანის სანაპიროზე მყოფ ადამიანებს, პოლიციელებს და მედიკოსებს უმადლის, რომლებმაც ფაქტობრივად, გმირობა გამოიჩინეს და განსაცდელში ჩავარდნილ ქალს დაეხმარნენ.

ლორენ ო’ნილი გასულ შაბათს, მზის ჩასვლისას სანაპიროზე იყო, როდესაც ზვიგენი დაესხა თავს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 29 წლის ქალს უმძიმესი დაზიანება ფეხზე ჰქონდა მიღებული. ქირურგები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და შეძლეს, რომ ქალისთვის ფეხი შეენარჩუნებინათ და ამპუტაცია არ გამხდარიყო საჭირო.

მოგვიანებით, ქალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იმ კლინიკამ გაავრცელა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაზარალებული მადლობას უხდის მედიკოსებს, პოლიციელებს და ასევე უამრავ ადამიანს, რომლებიც მისი მდგომარეობით ინტერესდებიან.

ქალის თქმით, ის აპირებდა ცურვას ცხელი დღის შემდეგ და როცა წყალში შევიდა, ამ დროს თავს დაესხა ზვიგენი.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ქალი ცხოვრობდა ოკეანის იმ სანაპიროსთან, რომელიც აღჭურვილია ზვიგენებისგან დამცავი ბადეებით, მაგრამ ის ხშირად შედიოდა ღია წყალში საბანაოდ.

თვითმხილველების თქმით, ოკეანიდან ქალის კივილის ხმა ისმოდა, ის წყლიდან გამოიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთმა ქალმა - ვეტერინარმა, პირველადი დახმარება გაუწია და სისხლდენა შეუჩერა. ფაქტობრივად, სწორედ მან გადაარჩინა ო'ნილის სიცოცხლე.