ტაისონ ფიური - ამოუცნობი, ადამიანი-დრამაა. ის დათქმულ ვადამდე 7 კვირით ადრე დაიბადა და ინკუბატორში სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი. 2010-იანებში ფიურიმ უმძიმესი დეპრესია დაამარცხა, პარალელურად, ის ებრძოდა ჭარბწონიანობას, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას. იყო დრო, როდესაც სუიციდს აპირებდა, ამის შესახებ ფიურიმ თავად მოყვა.
ამ ურთულესი გზის დაძლევაში ცოლი, პერისი ეხმარებოდა. მოკრივე და პერისი 15 წელია ერთად არიან, ზრდიან 7 ბავშვს და კიდევ 3 გეგმაში ჰყავთ.
ისევე როგორც ტაისონი, პერისიც ბოშების ოჯახში დაიბადა. მათ ცელიბატი, ანუ დაუქორწინებლობის შესახებ ფიცი ჰქონდათ დადებული.
მოგვიანებით მოკრივე იხსენებდა, რომ 20 წლის ასაკში დაახლოებით, 500 პარტნიორი ჰყავდა შეცვლილი.
პირველი გაცნობა მთლად სასიამოვნო არ აღმოჩნდა: ტაისონმა პერისი სინდის (ბარბის მეორეხარისხოვანი ვერსია) შეადარა, რაც გოგონას ეწყინა.
მეორედ ისინი პერისის მე-16 დაბადების დღეზე შეხვდნენ, რის შემდეგაც ურთიერთობა დაიწყეს. უკვე მეორე პაემანის შემდეგ, ტაისონმა ოჯახს განუცხადა, რომ გოგოს ცოლად მოყვანა სურდა. მოგვიანებით პერისმა აღიარა, რომ ბიჭი პირველივე შეხვედრიდან მოეწონა: "თავიდანვე მომეწონა - ძალიან განსხვავდებოდა სხვა ბიჭებისგან. პაემანზე ბევრჯერ დამპატიჟა, მაგრამ სულ უარს ვეუბნებოდი“.
2008 წლის ნოემბერში წყვილმა იქორწინა, თუმცა ქორწილი ფიურის იმპულსურობის გამო, კინაღამ ჩაიშალა. მას სურდა, რომ დღესასწაული რამდენიმე თვით გადაეტანა, რათა შეჯიბრებების გრაფიკში ჩამჯდარიყო. საქმე ისაა, რომ ამის შესახებ არც უშუალოდ პერისს, არც მის დედას არაფერი უთხრა, როდესაც გოგომ ეს გაიგო, მოკრივესთან ურთიერთობა დაასრულა.
"ტაისონის სამყაროში ჩვენი ულამაზესი დღის, ისევე როგორც მისი ბრძოლის გადატანა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. თუმცა მე არაფრის გაკეთება შემეძლო. ერთ კონფლიქტს მეორე მოსდევდა, მეორეს - მესამე. მორიგი დიდი კამათის შემდეგ, ქორწილის გაუქმება და ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტა გადავწყვიტე. მას ეგონა, რომ ვხუმრობდი, მაგრამ, როდესაც ველაპარაკე და მთელი სიმართლე ვუთხარი, მიხვდა, რომ ძალიან სერიოზულად ვიყავი განწყობილი“, - ამბობს პერისი.
2008 წლის ნოემბერში წყვილმა გოგონას მშობლიურ ქალაქში დონკასტერში ბოშების ტრადიციებით იქორწინა. მაშინ პერისი 18 წლის იყო. ქორწილზე 300 ადამიანამდე შეიკრიბა. რამდენადაც მორწმუნე კათოლიკები იყვნენ, ქორწინებამდე ერთად არასდროს დაუძინიათ. "მაშინაც კი, როდესაც დავინიშნეთ, ტაისონს ჩემი მშობლების ტრაილერში ეძინა, ხოლო მე - სახლში“, - ამბობს ცოლი.
ფიურის ქორწინებამდე რამდენიმე ასეული პარტნიორი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნანობს. "ეს ერთადერთია, რასაც ვნანობ - სექსი ქორწინებამდე. მეხსიერებიდან ამის წაშლა რომ შემეძლოს, ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად იდეალური იქნებოდა. მე ალბათ, 500-ზე მეტი სექსუალური პარტნიორი მყავდა, არ ვიცი, ვეღარ ვითვლი“, - სინანულით ამბობს ფიური.
ამასთან, ფიური პერისისთვის პირველი და ერთადერთი პარტნიორია, გოგონას მშობლები 16 წლამდე ბიჭებთან შეხვედრასაც კი უკრძალავდნენ.
2015 წელს ფიურიმ მძიმე წონის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მან ლეგენდარული ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა. ბოშას მოგების თითქმის არავის სჯეროდა და ერთი შეხედვით, შეუძლებელიც კი ჩანდა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, მთელი მისი ცხოვრების მიზანი იყო, რომ ვლადიმირი დაემარცხებინა. ზუსტად ამიტომ, როდესაც მიზანს მიაღწია, თითქოს ცხოვრების აზრიც გაუქრა. მან ყველაფრის მიმართ დაკარგა ინტერესი.
დარდის შემსუბუქებისთვის კი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა. დაეწყო დეპრესიაც.
შემდეგ კარიერაც დაასრულა და 3 წელი რინგზე აღარ გასულა. არადა, ეს იყო მისი "ოქროს წლები“, როდესაც მძიმე წონოსანი მოკრივის სხეული და მონაცემები პიკშია.
მოკრივე უკონტროლო ხდებოდა. როდესაც მისი ცოლი ორსულად იყო და შვილის გაჩენას ელოდებოდა, ფიური სახლში დღეობით არ იყო ხოლმე. სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც მოკრივე ახლო მაღაზიაში გასულა და მერე დღეს აშშ-ში, ნიუ-იორკში გაუღვიძია.
პერისი ამ დეპრესიის დროს ფიურის საყრდენი იყო. პირველად მაშინ გაუცრუვდა იმედი, როდესაც ფიურის დოპინგ-ტესტში კოკაინის კვალს მიაკვლიეს. "ასე განადგურებულად თავი არასდროს მიგრძვნია. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ბოლო წვეთი იყო და ჩვენი ქორწინება ამდენს ვეღარ გაუძლებდა. მაგრამ როგორც აქამდე გამიკეთებია, ჩემ თავს უბრალოდ ვუთხარი, მოითმინე და ეს ქარბუქი გადაიტანე“, - ამბობს ცოლი.
კრიზისის პირველივე წლიდან ოჯახს არ ესმოდა, რა სჭირდა ტაისონს. მაშინ პერისს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ქმარი მენტალურად იყო ავად: "როდესაც ამის შესახებ გავიგეთ, რაღაცნაირი შვება იყო. აღარ ვიმტვრევდით თავს, თუ რა სჭირდა ჩემს ქმარს. დემონები მასში ძალიან ადრეული ასაკიდან, ბავშვობიდან იყვნენ. ის არ არის ცუდი ადამიანი და არც ეგოისტია - უბრალოდ დაავადება იყო ასეთი.
ბიპოლარული აშლილობა კი მისი ხასიათის მკვეთრ გარდასახვებს ხსნიდა. შეიძლება ის ძალიან ბედნიერი ყოფილიყო და ზუსტად ერთ წუთში სუიციდით შეპყრობილი ხდებოდა. ხოლო ობსესურ-კომპულსიური აშლილობა მის ღრმად ჩაციკლულ საქციელებს ხსნიდა, რომლებიც ხან გადატვირთულ ვარჯიშებში გამოიხატებოდა და ხან საერთოდ კვირებით უქმად ყოფნაში", - ამბობს ტაისონ ფიურის ცოლი.
სახლში დილის 10 საათზე დაბრუნდა და ცოლს უთხრა, რომ ალკოჰოლს თავს ანებებს და კრივში დაბრუნება სურს. ფსიქოთერაპევტმა მას ანტიდეპრესანტები დაუნიშა. პერისის თქმით, ქმარი ლოცულობდა, ბევრად რელიგიური გახდა, ის წამლები კი არ დაულევია, თუმცა კრივის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე დიდი ქამბექისთვის ამას ხელი არ შეუშლია.
"საყრდენად ყოფნა უზომოდ ბევრ ძალას მოითხოვდა, იმიტომ რომ იმ დროს სრულად იძირებოდა, ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა და უბრალოდ ძლიერ ქალად ყოფნა - წარმატების გასაღებია.
როგორც ქალი, დედა და ცოლი ვთვლიდი, რომ არ უნდა მიმეტოვებინა. მაგრამ ტაისონმაც ბევრი გააკეთა, მისით ძალიან ვამაყობ“, - ამბობს ბედნიერი პერისი.
ახლა ოჯახს 7 შვილი ჰყავს, მაგრამ 10-ზე ოცნებობენ. მიუხედავად ასეთი ციფრისა და ბედნიერებისა, რომლებიც ბავშვებმა მოიტანეს, ტაისონმა და პერისმა დიდი ტკივილებიც გამოიარეს. პერისს ორჯერ მოეშალა მუცელი: 2014 და 2018 წლებში.
"ნაცვლად იმისა, რომ პერისთან ვყოფილიყავი, იმავე საავადმყოფოს სხვა ფრთაში ვიმყოფებოდი, სადაც ბიძაჩემი ჰიუი კვდებოდა. ორივე ტრაგედია ერთ დროს, 2014 წლის ბოლოს მოხდა. ვებრძოდი ამას, მაგრამ ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა ეს ფიქრები, იმიტომ რომ კლიჩკოსთან ბრძოლისთვის ვემზადებოდი“, - ამბობს მოკრივე.
მეორე ტრაგედია 2018 წელს ზუსტად ფიურის დაბრუნებისას, პირველი ბრძოლის დღეს მოხდა.
"ორსულობის დაახლოებით მერვე კვირაში ვიყავი. ბრძოლის დღეს ვიცოდი მუცლის მოშლის შესახებ, მაგრამ სანამ ტაისონის ბრძოლა არ დასრულდა, ამაზე არ მითქვამს“ - იხსენებს პერისი.
კიდევ ერთი მძიმე ამბავი მოხდა 2021 წლის აგვისტოში, როდესაც მეექვსე შვილი, ქალიშვილი ათენა დაიბადა. მაშინ ფიური დეონტეი უაილდერთან მესამე ბრძოლისთვის ემზადებოდა. ბრძოლამდე ორი თვე რჩებოდა, ქალიშვილი გულის მანკით დაიბადა: მშობიარობის შემდეგ, გულისცემა წუთში 300-ს აღწევდა, არადა, ნორმალური მაჩვენებელი 120-ია.
ტაისონმა და პერისმა სკოლა 11 წლის ასაკში მიატოვეს, ეს ბოშების ოჯახში გავრცელებული გამოცდილებაა. მათმა ქალიშვილმა ვენესუელამაც სკოლა 11 წლის ასაკში მიატოვა, თუმცა სასკოლო პროგრამით კერძო მასწავლებლებთან მეცადინეობს.
"ჩემ ქალიშვილებს განათლება არ ექნებათ, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ასეთი სტილის დროს, ის საჭირო არ არის. ისინი იზრდებიან, თხოვდებიან და კაცზე ზრუნავენ. მინდა, რომ ჩემ ვაჟებს ჰქონდეთ განათლება, მე ის არ მაქვს, არადა, რეალურად სულელი ვარ.
მინდა შვილებს განათლება მივცე, რომ თაღლითები არ გახდნენ. ისინი ყველანი ისედაც კრივით დაკავდებიან, რომც არ გახდნენ პროფესიონალი მოკრივეები, კრივი ცხოვრების დაფასებას ასწავლით.
კრივი ბოშების კულტურა და ტრადიციაა. როცა სხვა კულტურაში ბავშვები ბურთს დააგორებენ, ჩვენ ვჩხუბობთ. როდესაც რაიმე კამათი გვაქვს, ჩვენ პოლიციას არ ვეძახით, ვიხდით მაისურებს, გავდივართ ქუჩაში და ვიწყებთ მუშტი-კრივს“, - ახსნა ტაისონმა.
17 თებერვალს ტაისონ ფიური ტიტულების გაერთიანებას უკრაინელი ალექსანდრ უსიკის წინააღმდეგ შეეცდება. ბრძოლა საუდის არაბეთში ჩატარდება.
ნახეთ ასევე: