ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს "ლელო“.
შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს 9 რეკომენდაცია მისცა შესასრულებლად იმისათვის, რომ გაწევრების შემდგომ ნაბიჯზე - მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.
რეკომენდაციები მოიცავს:
რატომ არ ესწრება "ლელო"?
როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, "ლელო“ საკუთარ გეგმას, თუ როგორ გაატარებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ რეფორმებს ერთ წელში, ხვალ წარუდგენს მედიას.
მისივე თქმით, "ლელო“ მონაწილეობას მიიღებს საკომიტეტო ფორმატებში რეფორმების განხილვის პროცესში.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის ევროკავშირში გაწევრება.
"ქართულმა ოცნებამ“ 18 თვე დახარჯა არა ევროპული რეფორმების გატარებაში, არამედ ევროპის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გატარებაში. მათი მიზანი და ამოცანა არასდროს ყოფილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, რადგან "ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს, "ლელო“ ემსახურება საქართველოს. ამიტომ ჩვენ სერიოზულად და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ისტორიულ შანსს. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რას ამბობენ "ნაციონალურ მოძრაობაში"?
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ იტყვის, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილი. კირკიტაძის განცხადებით, ოლიგარქია და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებული პრობლემები მოქალაქეებზე აისახება.
„ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა „ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც ჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს.
ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს“, - განაცხადა კირკიტაძემ.