ავტორი:

"ახლო მომავალში საქართველოში შემცირდება ნალექები, გაიზრდება გვალვიანი დღეები, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს" - რა გველის კლიმატური ცვლილებების გამო?

"ახლო მომავალში საქართველოში შემცირდება ნალექები, გაიზრდება გვალვიანი დღეები, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს" - რა გველის კლიმატური ცვლილებების გამო?

კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს არაერთ ურთულეს პრობლემასთან უწევს გამკლავება. როგორც ქართველი კლიმატოლოგები ამბობენ და მოვლენებიც ცხადყოფს, ბოლო ათწლეულში ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წყალმოვარდნების შემთხვევათა რიცხვი. მათივე თქმით, ქვეყნის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წყალდიდობა-წყალმოვარდნების საფრთხე კვლავ დიდია. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა მყინვარების დნობა და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა შოვის ტრაგედიის შემდეგ, რომელიც, როგორც გაირკვა, გლაციალურმა ღვარცოფმა გამოიწვია.

როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე და რამდენად გაზრდილია მისგან მომდინარე საფრთხეები, "კვირის პალიტრასთან" ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ:

ლაშა სუხიშვილი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი:

- რამდენიმე წლის წინ კლიმატის ცვლილება უფრო პროგნოზის ეტაპზე იყო, დღეს კი მართლა ხდება ის პროცესები, რაზეც კლიმატოლოგები ადრე მომავლის პერსპექტივით საუბრობდნენ. ახლო მომავალში აღმოსავლეთ საქართველოში შემცირდება ნალექები, ანუ 20-30-წლიან პერიოდში წვიმის დაახლოებით 10-20%-ის კლებაა ნავარაუდევი, მაგრამ გაიზრდება წვიმის ინტენსივობა - წლის განმავლობაში ნაკლები წვიმა მოვა, მაგრამ როცა მოვა, იქნება ძალზე ინტენსიური. რეალურ ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ: 1. გაიზრდება გვალვიანი დღეების რაოდენობა, რაც ძალზე მტკივნეული იქნება სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოსთვის (განსაკუთრებით კახეთისა და ქვემო ქართლისთვის). მდინარეებს მოუწევთ ახალი ჰიდროლოგიური რეჟიმის ჩამოყალიბება, რაზეც, სავარაუდოდ, არ იქნება ადაპტირებული ჩვენი განსახლების არეალები - მდინარეები ჩამოაყალიბებენ დიდი რაოდენობით წყალს, წყალმოვარდნას და დატბორავენ ისეთ ტერიტორიებს, რომლებიც აქამდე არ დაუტბორავთ. ბოლო წლების მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ ვერეს ხეობაც. ამასვეა მიბმული ფერდობების სტაბილურობა - ფერდობები ძველ კლიმატთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ როცა ნალექის რეჟიმი იცვლება, შეიძლება ფერდობებიც გამოვიდნენ წონასწორობიდან (ეს იყო ვერეს ხეობის მაგალითი, როცა ხანგრძლივმა და ინტენსიურმა წვიმამ მდინარის კალაპოტში მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მეწყრული მასალა ჩაიტანა).

დასავლეთ საქართველოში ამას ემატება მყინვარების დნობა, რაც, ცხადია, აღმოსავლეთ კავკასიონზეც ხდება, თუმცა დასავლეთში უფრო მეტი მყინვარი და მდინარეა, რომლებიც მყინვარის ნადნობი წყლით იკვებებიან. დღეს დროებით ილუზია გვაქვს, რომ ამ მდინარეებში წყლის რაოდენობა საკმარისია, მაგალითად, ჰიდროენერგეტიკისთვის, მაგრამ მყინვარების დნობა არ არის ულევი პროცესი, მათ თავისი ლიმიტი აქვს. აღმოსავლეთ საქართველოში არის მყინვარები, რომლებიც უკან იხევენ, ფაქტობრივად, ქრებიან, დასავლეთ საქართველოში უკან იხევენ და ორად იყოფიან.

  • თუ კლიმატის ცვლილება ასეთი ტემპით გაგრძელდა, მდინარეებში წყლის რესურსების გადაფასება მოგვიწევს, ჰიდროენერგეტიკას სხვა თვალით უნდა შევხედოთ და ა.შ.

გვალვიანი და მზიანი დღეების რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა პირდაპირ კავშირშია ტყისა და ველის ხანძრებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტყე არ არის, ხშირია ინტენსიური ველის ხანძრები. ამას ემატება ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები. ასევე, უნდა ვახსენოთ სეტყვაც, რომელიც ხშირად მოდის აღმოსავლეთ საქართველოში და რომლის ინტენსივობაც გაიზრდება. როცა კლიმატის ცვლილებაზეა საუბარი, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება საპირისპირო სურათი დადგეს, ანუ უფრო აგრილდეს, ამინდი უფრო ტენიანი და ნალექიანი გახდეს. არსებობს კლიმატის ცვლილების მოდელები, რომლებიც დამოკიდებულია ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევის ინტენსივობაზე. თუ გაფრქვევების რაოდენობა ნაკლები ტემპით გაიზრდება, დასტაბილურდება ან შემცირდება, სხვა სცენარი მოქმედებს, მაგრამ საბოლოოდ მეტ-ნაკლებად ის სურათი იქმნება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ..წაიკითხეთ სრულად