ავტორი:

"წონის გამო მლანძღეს... ისედაც სულ ვშიმშილობ, სანამ თავბრუ არ დამეხვევა, იქამდე არ ვჭამ" - ინდირა ჯგერნაია მარტოხელა დედობაზე, კარიერაზე, ბულინგსა და მისეულ Ancora-ზე

"წონის გამო მლანძღეს... ისედაც სულ ვშიმშილობ, სანამ თავბრუ არ დამეხვევა, იქამდე არ ვჭამ" - ინდირა ჯგერნაია მარტოხელა დედობაზე, კარიერაზე, ბულინგსა და მისეულ Ancora-ზე

რამდენიმე დღის წინ, ინდირა ჯგერნაიას მიერ ნამღერმა იტალიურმა სიმღერამ Ancora, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიდეო მისგან დამოუკიდებლად, მეგობარმა გაავრცელა და მის შესრულებას აღარ აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამით ვინმეს აწყენინოს.

მარტოხელა დედა წლებია რაც 7 წლის ანდრიას ზრდის. ამბობს, რომ არ გასჭირვებია, რადგან დედა ძალიან ეხმარება. ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე იწვევენ. მუშაობს ბევრს და აღარ ფიქრობს პირადი ცხოვრების მოწყობაზე, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილია და მის გამო, შესაძლოა, ბევრ რამეზეც თქვას უარი, მათ შორის სიყვარულზეც...

- ინდირა, სად ხართ ახლა, როგორ ვითარდება თქვენი მუსიკალური კარიერა?

- ბოლო წლებია ძირითადად გზაში ვარ, თბილისსა და ქუთაისს შორის. არა უშავს, მთავარია საქმეს ვაკეთებ და ტყუილად არ დავდივარ და ამ საქმეს კარგად ვუძღვები. მუდმივად ქუთაისში ვცხოვრობ, თბილისში ცხოვრებას არც განვიხილავდი, დედაქალაქში შვილს ვერ გავზრდიდი, რადგან ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, ნახევარი ცხოვრების გატარება საცობში მომიწევდა. ბავშვის გაზრდაში დედა მეხმარება, ვამბობ, ხოლმე, ის რომ არ მყავდეს, არაფერი ქალი არ ვიქნებოდი-მეთქი.

ანდრია ახლა 7 წლის არის. ძალიან მოსწონს მომღერალი დედა, მაგრამ არა დატვირთული, ხანდახან ამის გამო პროტესტიც აქვს. ჯერჯერობით კარიერას და ბავშვთან ყოფნას, შემდეგ ვნახოთ. ანდრიას მუსიკალური ნიჭი აქვს, სმენაც, ხმაც, მაგრამ მე მგავს, ჯიუტია, ამიტომ არ ვაძალებ, რომ მაინც და მაინც იმღეროს. მჯერა, რომ ერთხელაც ამოხეთქავს ეს ნიჭი.

- მარტოხელა დედა ხართ, ამას რა სირთულეები ახლავს თან?

- არ არის რთული, თუ სწორად გაქვს გააზრებული, რომ არავისი იმედი არ უნდა გქონდეს. მაგრამ როცა დამხმარე არ გყავს, წარმოუდგენელია. მე ისეთი დედა ვარ, რომ სხვას შვილს ვერ ვანდობ. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ჩემი საქმე მე გავაკეთო, რის გამოც, მერე დროის განაწილებაზე მექმნება პრობლემა, ბევრ რამეს ვეღარ ვასწრებ. მიუხედავად ამისა, რაც ანდრიას ეხება, ყველაფერში ჩართული ვარ. შეიძლება ამის გამო, ახლობლებს, მეგობრებს რამე დავაკლო, იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტი შვილია.

- როდესაც მის დაბადებამდე გააცნობიერეთ, რომ ბავშვის გაზრდა მარტოს მოგიწევდათ, როგორ შეხვდა ამ ამბავს მაშინდელი ინდირა?

- რამაც არ მომკლა, ყოველთვის გამაძლიერა-თქო, ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებ. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ძალიან კარგია, რომ ანდრია დღეს ჩემს ცხოვრებაშია.

- კარიერის გასაგრძელებლად სხვა ქვეყნის არჩევაზე არ გიფიქრიათ, თქვენი თაობის მომღერლებიდან ბევრმა დატოვა საქართველო...

- ყოველთვის შიშით ვუყურებ ემიგრანტებს. არასოდეს არავინ გამიკიცხავს, რატომ დატოვა შვილი, მაგრამ ეს ჩუმი შიშია, მშობლის შიში. ღმერთს ყოველთვის იმას ვეხვეწები, ისე არ გამიჭირვო, რომ ავდგე და შვილი დავტოვო-თქო. ამ ურთიერთობას ვერაფრით ვეღარ ვიყიდი. იმიტომ ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ მჯერა სადღაც გამიმართლებს.

- ინდირა, ძირითადად სად მღერით?

- კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილია ეს თუ ნათლობა. ასევე გამოვდივარ კონცერტებზე.

- თქვენი ნიჭის ადამიანისთვის, რომელსაც სცენაზე ყოფნისას აღმერთებდნენ და რამდენიმე წლის წინ ეუბნებოდნენ, რომ წინ დიდი მომავალი ჰქონდა, არ გიფიქრიათ რომ ეს მინიმუმია?

- რა გავაკეთო, მითხარით და ვიზამ. ჩემი შვილი ცოტა კიდევ უნდა გაიზარდოს, რომ მისი დატოვება თუნდაც რამდენიმე თვით შევძლო.

- ბოლო წლებში კონკურსებში მონაწილეობა აღარ გიცდიათ?

- უკრაინის „ვოისში“ ამიყვანეს, უკვე წასვლას ვაპირებდი, ომი რომ დაიწყო. არ ვიცი, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, რომ არ უნდა წავსულიყავი.

- მომღერლების ნაწილი სადღესასწაულო პერიოდში ამბობენ ხოლმე, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იბლოკებიან, თქვენ თუ გიგრძვნიათ საკუთარ თავზე მსგავსი დამოკიდებულება?

- არავინ არსად არ მბლოკავს, თუმცა ვცდილობ პოლიტიკაში მაქსიმალურად არ ჩავერიო. დამბლოკავენ და თვითონ დაიბლოკებიან. არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც ვინმე უსამართლოდ მომექცა და შემდეგ არ მიიღო... ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია. ყველგან ვარ, ქუთაისშიც ვიმღერე საახალწლო კონცერტზე და თბილისშიც, ორბელიანის მოედანზე.

- ვისთან მეგობრობთ მომღერლებიდან?

- თითქმის ყველასთან, ჯერ მარტო ჩემს შვილს 17 ნათლია ჰყავს. ზაფხულში მოვასწარი მონათვლა, სანამ ნათლიებზე შეზღუდვები დაწესდებოდა. აქედან ცნობილები არიან ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია. მყავს მეგობრები, ვისაც 30-მდე ნათლია ჰყავს, ხუმრობენ ხოლმე, რა იყო, ლომბარდს ხსნიო. მეც მეუბნებოდნენ, ბავშვმა ცოლი ხომ უნდა მოიყვანოს, ყველა რომ მისი ნათესავი გახდაო, მაგრამ ისეთი ხალხი შევარჩიე, ვისთანაც იქამდეც მქონდა ახლო ურთიერთობა ან ნათესაური კავშირი.

- ცოტა ხნის წინ, რუსკა მაყაშვილი ამბობდა, რომ სოციალურ ქსელში წონის გამო აბულინგებენ, ამაზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ქართველი ვარსკვლავები, თქვენ რა სახის კომენტარებს გაუბრაზებიხართ?

- დიდი ხანია ამაზე რეაქცია აღარ მაქვს. მე მლანძღეს წონაზე, როდესაც ია ფარულავასთან ვიყავი გადაცემაში, მალინისფერი კაბით. ისედაც ეკრანი 8 კილოს მატებს და სულ ვშიმშილობთ ის ადამიანები, ვინც ეკრანზე ვჩანვართ. ახლაც, ახალი წლის პერიოდში მოვიმატე და ისევ შიმშილი დავიწყე. სანამ თავბრუ არ დამეხვევა, იქამდე არ ვჭამ. სრული შიმშილითა და მადის დაქვეითებით უფრო ვიკლებ. ადამიანი ვარ და მეც მიყვარს გემრიელი ჭამა, მეც ვსუნთქავ, მეც მაქვს გული, ოჯახი და რა ვქნა, არ ვჭამო? - ჩემი საყვარელი გამონათქვამია - „თუ მშია და თუ მწყურია რა მემღერება?“

- ინდირა, ბოლო წლებში შეყვარებული აღარ ყოფილხართ, რა არის დღეს თქვენთვის სიყვარული?

- მაგაზე ვხუმრობ ხოლმე, ეგ რა არის, იჭმევა-მეთქი? - იმას თუ გულისხმობთ, რომ მეორე ნახევარი და რაღაც... არა, ძალიან უნდობლობა მაქვს.

- ასე მგონია, მხოლოდ შვილის ცხოვრებით ცხოვრობთ...

- უკეთესი ვინ ვნახე, ვისითაც მიცხოვრია? არ ვთვლი, რომ სიყვარული აუცილებელია. ჩემ დროს, ენერგიას და ოქროს წლებს ანდრიას თუ მოვაკლებ, მეშინია, რომ წინ კიდევ დიდი იმედგაცრუება მელოდება.

- ინტერვიუს დასასრულს თქვენს მიერ შესრულებულ "ანკორაზე" მინდა გესაუბროთ, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- ვფიქრობ, ეს სიმღერა აღარ უნდა ვიმღერო, იმიტომ რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნებაც დაგეგმილი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს "ანკორას" შესრულების უფლება. იმ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, მთხოვეს „ანკორას“ თუ იმღერებო, ტექსტიც მაშინ მოვძებნე, ვიდეოში ხომ ჩანს, რომ ვკითხულობ, თან ვერც ვასწრებდი, არ არის ადვილი იტალიური. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სიმღერა შევასრულე და როდესაც სცენიდან ჩამოვედი, ვნახე, რომ ჩემს მეგობარს, კოკი ფერაზს აუტვირთავს. უკვე ბევრი ნახვა ჰქონდა და პოზიტიური კომენტარები. ვთხოვე, წაეშალა, მაგრამ აღარ წაშალა. რაღაცნაირად არ მინდა, რომ ვინმეს ვაწყენინო ან ვინმეს რამე წავართვა.

- სოფო ნიჟარაძემ თუ მოისმინა, ხომ არ გისაუბრიათ ამ თემაზე?

- არა, არ გვისაუბრია, გადასარევი გოგოა, დარწმუნებული ვარ მსგავს რაღაცაზე რეაქციაც არ ექნებოდა. ტელევიზიით რომ გამოვსულიყავი და ისე შემესრულებინა, მის ადგილას ნამდვილად მეწყინებოდა. ვფიქრობ, ყველას აქვს ნებისმიერი უცხოური სიმღერის შესრულების უფლება და ამაში დასაძრახი არაფერია.