ავტორი:

"4-5 წელში თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება" - როგორია გეგმა, რომელ უბნებშია ყველაზე მეტი მიუსაფარი ძაღლი და როდის მიმართავენ თავშესაფრებში ევთანაზიას?

"4-5 წელში თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება" - როგორია გეგმა, რომელ უბნებშია ყველაზე მეტი მიუსაფარი ძაღლი და როდის მიმართავენ თავშესაფრებში ევთანაზიას?

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კობიაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 4-5 წელიწადში დედაქალაქში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აღარ იქნება. იქამდე კი პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც მოხდება ცხოველების რეგისტრაცია, სტერლიზაცია და დაწესდება მაღალი ჯარიმები იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც შინაურ ცხოველს ქუჩაში დატოვებს.

- ბატონო გიორგი, დღე არ გავა, სოციალურ ქსელში რომ არ შეგვხვდეს პოსტი, სადაც წერენ, რომ ქუჩის ძაღლმა ადამიანს უკბინა. შემდეგ ეს იწვევს დისკუსიას და სვამენ კითხვას, რას აკეთებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო?

- ჩვენი ძირითადი მოვალეობაა შინაური ცხოველების რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, მათი სტერილიზაცია, კასტრაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ასევე ადამიანების და ცხოველების დაცვა სხვა საშიში ცხოველებისგან და ქალაქში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები და ცხოველები იცხოვრებენ მეგობრულად.

- დღეს არის დედაქალაქში ასეთი გარემო?

- საკმაოდ რთულია, ჯერჯერობით არ არის ასეთი გარემო, რადგან საკითხი მასშტაბურია და ეს მხოლოდ თბილისის პრობლემა არ არის, მთელი ქვეყნის პრობლემაა. ეს საკითხი რომ გადაიჭრას მსოფლიოში აღიარებულია ჰუმანური მეთოდები, შინაური ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და რეგისტრაცია. ახლა მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა მაია ბითაძის ჩართულობით და წესით მალე უნდა გვქონდეს კანონი, რაც ხელს შეგვიწყობს უკეთესობისკენ წავიდეთ.

ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ გამრავლების წყაროები, ცხოველების მიგრაცია რეგიონებიდან, ასევე პატრონის მხრიდან მიტოვების ფაქტები ისევ არსებობს. უიმედოდ ნამდვილად არ ვართ, ეს კანონი რომ გვექნება, შეეზღუდებათ მომშენებლებს უკონტროლო გამრავლება, ასევე მაღალი ჯარიმები დაწესდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიატოვებს საკუთარ ცხოველს, ვეტკლინიკა ვეღარ შეძლებს დაურეგისტრირებელი ცხოველის მიღებას და მეპატრონე მიხვდება, რომ სავალდებულოა ცხოველის რეგისტრაცია. ამ კანონის პირობებში 4-5 წლიან პერიოდში ქალაქში შეიქმნება უსაფრთხო, გასტერილებული ძაღლების პოპულაცია.

დიახ, ხშირია დაკბენის ფაქტები, რადგან დიდია ძაღლების კონცენტრაცია თბილისში. არიან მოქალაქეები, რომლებიც კვებავენ ამ ძაღლებს, მაღაზიებთან, სკვერებში, საცხობებთან, რესტორნებთან, მერე ძაღლებსაც უჩნდებათ ინსტინქტი, რომ დაიცვან ის ადგილი.

ასევე არიან მოქალაქეები რომლებმაც არ იციან, როგორ მოექცნენ ამ ძაღლებს, ჯოხს უქნევენ, ქვებს ესვრიან. ჩვენ ყველა გამოძახებაზე ვახდენთ რეაგირებას, როდესაც კბენის ფაქტი ფიქსირდება, მოგვყავს თავშესაფარში და ათი დღის ვადაში ცოფზე ვაკვირდებით. შემდგომ კინოლოგები აკვირდებიან ამ ძაღლებს და როდესაც ჩათვლიან, რომ მზად არიან ქალაქში დასაბრუნებლად, უკან ვაბრუნებთ. თუ არ არიან მზად, ჩერდებიან თავშესაფარში, ჩვენთან გადიან სოციალიზაციას.

- დედაქალაქში არსებობს რამდენიმე პრობლემური უბანი, მაგალითად გლდანი და ვარკეთილი. რა იწვევს ამ უბნებში უპატრონო ცხოველების გამრავლებას?

- მომიჯნავე უბნებია სხვა მუნიციპალიტეტთან. ადამიანები ლეკვებს რომ ვეღარ უვლიან, ქუჩაში ტოვებენ და ამისთვის ცენტრალურ უბანს არ ირჩევენ, გარეუბნებში მიჰყავთ. ასევე დიდია ძაღლების მიგრაცია კახეთისა და რუსთავის მხრიდან.

- დღის განმავლობაში რამდენი ზარი შემოდის დაკბენის შესახებ?

- ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ საგანგაშო ციფრიც არ არის. ყველა ზარზე ვახდენთ რეაგირებას.

- არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქე წერს, რომ ძაღლები ჯგუფურად არიან სადარბაზოსთან ან სკოლასთან, სადაც გავლა შეუძლებელია, თუმცა მონიტორინგის სამსახური ეუბნებათ, რომ თუ კბენის შემთხვევა არ დაფიქსირდა, ადგილზე ვერ მივლენ...

- ჩვენი მაშველი ეკიპაჟი აუცილებლად მივა ასეთ ადგილზე, მაგრამ თუ ცხოველი აგრესიულია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვყავს თავშესაფარში. ყველა მისამართზე გადიან, მაგრამ ადგილზე ხდება სიტუაციის შეფასება, რამდენად წარმოადგენს ეს ძაღლები საშიშროებას მოსახლეობისთვის.

- ცოფზე რა პერიოდულობით უტარდებათ აცრები. ვიცით, რომ როდესაც ძაღლს ყურზე ბირკა აქვს, აცრილია, თუმცა ხომ საჭიროა პერიოდულად რევაქცინაციზაცია?

- დიახ, თუ ყურზე ყვითელი ბირკა აქვს, ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ის ცოფზე ერთხელ მაინც არის აცრილი. ძაღლის ცოფზე აცრა წელიწადში მინიმუმ ერთხელ აუცილებელია. ჩვენთან შემოსული ყველა ცხოველის შემთხვევაში ხდება გადამოწმება, როდის არის ის აცრილი. ასევე ხდება ხოლმე მათი გადაცრა. ბოლო დროს ქუჩებშიც ხდება ცხოველების გადაცრა.

- ხშირად წერენ, რომ თავშესაფარში ძაღლებს წამებით კლავენ და არ დარეკონ მათ წასაყვანად. რეალურად, რა შემთხვევაში მიმართავთ ევთანაზიას?

- მაშინ როდესაც ცხოველს აქვს განუკურნებელი დაავადება და მისთვის ყოველი დღე ტანჯვაა. სხვა შემთხვევაში ჩვენთან შემოდიან ცხოველები დაავადებული, ტრავმირებული სტატუსით, ასევე დაკარგულები და აგრესიულები. რა თქმა უნდა, ეს რთული პროცესია, შემოყვანილი ცხოველი შეიძლება იყოს დაავადებული და ვეტერინარმა ვერ შეძლოს მისი გადარჩენა. მოქალაქეებისაც მესმის, ხედავენ ცხოველს, რომელიც ცოცხალია და ოპერაციის შემდეგ ვერ გადარჩა. ჩვენ ცხოველებს არ ვაძინებთ, ყველას ვუწევთ პირველად დახმარებას. ღიაა ეს პროცესი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს თუ ვინმეს რაიმე ეჭვი აქვს. მკურნალობის ამბავში ყოველთვის გვერდში ვუდგავართ მოქალაქეებს.

- ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ თბილისს არ ყოფნის ერთი თავშესაფარი, არის გამოსავალი კიდევ უფრო დიდი თავშესაფრის გახსნაში?

- მეტი თავშესაფარი არ არის ცუდი, მაგრამ ცხოველისთვის მუდმივი სამყოფელი ვერ იქნება გამოსავალი. პრობლემა მაინც დარჩება თუ არ შევზღუდავთ უკონტროლო გამრავლების პროცესს, არ მივმართავთ კასტრაციას და არ შევაჩერებთ მიგრაციას. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ახალი შენობის მშენებლობა, ეს იქნება პოპულაციების მართვის ცენტრი, სადაც მოხდება სტერილიზაცია, კასტრაცია და იქნება საოპერაციო ბლოკიც. რის შემდეგაც ძაღლები დაბრუნდებიან პოპულაციის ადგილას.

- როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ვიცით, რომ იქ ვერ ნახავთ ქუჩის ძაღლებს...

- ჩვენი მიზანია, რომ ქალაქის ქუჩებში არცერთი მიუსაფარი ძაღლი არ იყოს. ეს გზა გაიარეს ევროპის ქვეყნებმაც: სტერილიზაცია, კასტრაცია და ძაღლების აღრიცხვა. ზუსტად იმ გზას გავდივართ ჩვენც, ახალი ველოსიპედი არ მოგვიგონია. ჩვენს ქვეყანაში, დედაქალაქში, არცერთი მიუსაფარი ცხოველი არ უნდა გვყავდეს. თუმცა ამის მიღწევა ერთ და ორ თვეში შეუძლებელია.

- ბოლო დროს, პიტბულის ჯიშის ძაღლთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა ერთგვარი შიში. თქვენ აღნიშნეთ, რომ მონიტორინგში შემოყვანილ ძაღლებს გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან აბრუნებთ, რა ხდება როდესაც პიტბულის ჯიშის ძაღლი შემოდის?

- არიან მომეტებული აგრესიის ჯიშის ძაღლები, რომლებთანაც ვმუშაობთ და ვცდილობთ გავაჩუქოთ. ასეთ ძაღლებს სჭირდებათ სპეციალური გაწვრთნა. ახალი კანონით ესეც დარეგულირებული იქნება. ჩვენთან პიტბულის ჯიშის ძაღლი შემოდის მხოლოდ დაკარგულის სტატუსით, ასეთ ძაღლს ან ვაჩუქებთ ან პატრონს მიჰყავს.

- ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ თქვენს სამსახურს. რა ურთიერთობა გაქვთ მათთან, პერიოდულად თუ ხვდებით მათ, რა პრეტენზიები აქვთ თქვენი მისამართით.

- ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს მათთან ურთიერთობა. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არ არის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ შექმნილი პრობლემა. ჩვენ ვერ დავძლევთ ამ საკითხს, სანამ არ შეწყდება ძაღლების თვითნებური გამრავლება, შემოდინება და მეპატრონეების უპასუხისმგებლობა. კანონს დავუბრუნდები და მისი მიღების შემდეგ უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობა. ეს სააგენტო რომ არ არსებობდეს, იქნებოდა სრული განუკითხაობა, იქნებოდა გაუსტერილებელი და აუცრელი ძაღლების დიდი პოპულაცია დედაქალაქში.

- როდის უნდა ველოდოთ კანონის მიღების შემდეგ რეალურ შედეგს?

- საერთოდ მიუსაფარი ცხოველი რომ არსებობს, ეს უკვე ჩვენი, ადამიანების პრობლემაა. რა თქმა უნდა, იქნება დღე, როდესაც საქართველოში მიუსაფარი ძაღლი ქუჩაში აღარ იქნება. ვფიქრობ, 4-5 წლიან პერიოდში თუ გვექნება კანონი, დადგება დღე, რომ თბილისში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ფოტოები მოწოდებულია თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ

წაიკითხეთ ასევე: