ავტორი:

"თურმე ქონებას მითვლიან... 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, რა ვქნა, ბევრს ვპატრონობ" - რას ჰყვება სკანდალური მევახშე და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

"თურმე ქონებას მითვლიან... 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, რა ვქნა, ბევრს ვპატრონობ" - რას ჰყვება სკანდალური მევახშე და რას აპირებს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლებული ოჯახი?

დღეს, 23 იანვარს, აღსრულების პოლიციამ თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან ხუთსულიანი ოჯახი გამოასახლა. ოჯახის წევრებთან ერთად ბინაში შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ, პოლიციამ ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

  • აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.

როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან "საქართველოს ბანკიდან" თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვენახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა - საბოლოოდ, ხატიაშვილებმა "საქართველოს ბანკს" 10-წლიან 20 000-ის სესხში 5 წელიწადში 43 000 დოლარი გადაუხადეს. კერძო იპოთეკარებისთვის კი მათ მთლიანობაში გადახდილი აქვთ 80 000 დოლარი.

აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა. მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.

ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.

აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო გამოსახლების პროცესი.

მარინე ხატიაშვილი: "დღეს კიდევ შევიკრიბებით ახლობლები და მოვილაპარაკეთ, როგორ მოვიქცეთ. არსად გაქცევას არ ვაპირებ, არც გაჩერებას, ვეცდებით, რომ ნაც-ქოცური კოალიცია დავასრულოთ. ქუჩაში კი დავრჩით, მაგრამ, ღვთის მადლით, მყავს მეგობრები და მათთან გავათენებ ღამეებს... ჩვენსა და მევახშეს შორის გუშინ ვერ შედგა შეთანხმება იმიტომ, რომ ისეთ საქმეზე მოლაპარაკება, რომელიც 5 წელი არ გამოვიდა, საათებით ადრე როგორ გამოვიდოდა? ისე, ესეც თვალში ნაცრის შეყრა იყო...

სასამართლომ ბინა აუქციონზე გაიტანა და ვისგანაც თანხა ნასესხები მაქვს, იმანვე შეისყიდა. დავრჩი ღია ცის ქვეშ. სახელმწიფო აწყობილია სამევახშეო სისტემაზე და არავინაა დაინტერესებული, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება დადგეს - არც ის მევახშე დაზარალებულიყო და არც ჩვენ. ამ ქალბატონმა იმდენი ქნა, ხელში ჩაიგდო ქონება, როგორც ჩანს, მას სასამართლო სისტემაშიც და სხვაგანაც ჰყავს მფარველები. ზოგადად, სასამართლო სისტემა ემსახურება (რამდენიმე მოსამართლეა გამონაკლისი) მევახშეებს, ჩვენი მოსამართლეც ეჭვი მაქვს, გარიგებაში შევიდა დვალთან. რომ არა კორუფციული გარიგება, ეს საქმე ასე არ გადაწყდებოდა. ჩვენ უამრავი მასალა გვაქვს მოპოვებული, რომ ესენი არც გადასახადებს იხდიან და არც არაფერი. როცა ვჩიოდი, მოსამართლეებმა საქმე წარმოებაში არ მიიღეს.

დღეს აღსრულების ბიურომ ყველაფერი, მათ შორის ჩემი ბიბლიოთეკა გარეთ გამოყარა, წიგნები ტალახში ყრია და ფეხებით გადაუარეს. ამაზე ძაან არაფერზე დამწყვეტია გული. რა თქმა უნდა, ვაპირებ ბრძოლას ამ ქალბატონის წინააღმდეგ, რომელსაც ადამიანსაც ვერ დაარქმევ, არ არის ადეკვატური. დღეს ჩემთან პოლიციური გამოსახლება ჩატარდა (რაც 2015 წელს აიკრძალა), აღსრულება და პოლიცია ერთად მოქმედებდა, ახლაც იქ არიან, პოლიციამაც დაგვარბია, როცა გამოვდიოდი წამაქციეს, კეფა მაქვს დარტყმული, გონება დავკარგე. სისტემასთან ბრძოლას ვაპირებ, რა საკვირველია, სამართლებრივ ჩარჩოებში".

  • "ტვ პირველის" ინფორმაციით გაირკვა, რომ 68 წლის მევახშე დარეჯან დვალი ფლობს უამრავ უძრავ ქონებას და მის ანგარიშზეა 6 ბინა, 7 მიწის ნაკვეთი და სხვა.

ხატიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, დარეჯან დვალი მუდმივად სხვისი ქოენების მიტაცებითაა დაკავებული და ასევე, ჰყავს მაღალჩინოსანი მფარველები, რადგან ის და მისი ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართულები მევახშეობით, მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ სხვადასხვა პირების ქონება მიიტაცონ და ისინი ქუჩაში დატოვონ ისევე, როგორც ჩვენ, ხუთსულიანი ოჯახი დაგვტოვა.

"დარეჯან დვალი არავინ იცის, ვინ არის, ალბათ ვიღაც პარლამენტარის, ან ვიღაც ბიზნესმენის ფულს ატრიალებს. ჩვეულებრივი კალოშებიანი ქალია, რომელიც ასე გამწარებული ხალხის ბინებით ნაშოვნი ფულით ჭამს საჭმელს მთელი ცხოვრება. მას ოჯახის სამი წევრი მევახშე ჰყავს. აღსრულების ფურცლით 43 600 დოლარი იყო გადასახდელი და მაშინ რომ გადაგვეხადა, ბინას დავიბრუნებდით, მაგრამ გაიწელა სიტუაცია, მაშინ ვერ გადავიხადეთ. აუქციონზე გაიტანა და თვითონ მოიგო ეს ბინა. მას შემდეგ თითქმის 2-ჯერ მეტს, 70 ათას დოლარს ვთავაზობთ, მაგრამ უარზეა, გუშინ და დღეს დილამდე მევახშე დვალი 130 ათას დოლარს ითხოვდა“, - ამბობს ხატიაშვილის ოჯახის წევრი.

AMBEBI.GE დარეჯან დვალს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ბრალდება უარყო და ისიც, რომ მფარველები ჰყავს. როგორც მევახშე გვარწმუნებს, მაღალჩინოსანი კი არა, ქვეყანაში კანონია მისი მფარველი.

"ცუდად ვარ, ვწერავ, აწეული მაქვს შაქარი და წნევა. ეს არ არის კარგი საქმე და მე ცუდად ვარ... რა ბრალდებებიც გაისმა, ყველაფერი ტყუილია, ვინც ჩემზე რაღაცეებს ლაპარაკობს, უთხარით, სიცრუეს თავი დაანებონ. ქონებას მითვლიან, 6 სახლიო, 7 მიწის ნაკვეთიო, და ვაიმე, დედა, რა ვქნა, 6 დედმამიშვილიც მყავს და ვერ გავწყვიტავ ვერც მათ და ვერც მათ შვილებს?! ყველას მე ვპატრონობ და ძალიან ბევრი გაჭირვებული მყავს - რძალმა შვილები მიატოვა, რომლებიც მე უნდა გავზარდო, ვუპატრონო და ამის გარდა, გაჭირებული კიდევ მილიონი მყავს. ვინ მაღალჩინოსანი მფარველობს, ვუი, ვუი, დამანებეთ თავი, არ გამაცინოთ, კანონია ჩვენი მფარველი! ცუდად ვარ და ისე ნუ იზამთ, უარესად გავხდე" - ამბობს დარეჯან დვალი.