თვითნასწავლი მხატვარი ნელი ბერაია გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაიმეტა. ახლა 93 წლის არის და სამებაში ცხოვრობს. იმ ოთახში, სადაც ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდნენ, ახლა ქალბატონი ნელი ცხოვრობს. ოთახი სავსეა მისი ნახატებით. 93 წლის მხატვარი შესანიშნავად გამოიყურება. მის ახლანდელ ყოფაზე და ტრაგიკულ ბედზე ია ფარულავას გადაცემაში ისაუბრა:
ნელი ბერაიასა და ირაკლი უჩანეიშვილის სიყვარულის ისტორია
"42 წლის ვიყავი, როცა ირაკლი გავიცანი. 11 წელი ერთად ვიცხოვრეთ და მისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს. სულ იუმორში და დადებით ემოციებში იყო, მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი. გაცნობიდან ერთ თვეში გავყევი ცოლად. შოთა მანაგაძემ გამგზავნა სტუდიაში, იქ ვნახე ირაკლი, ფილმს ახმოვანებდა. მაშინ ირაკლი ცოლს გაშორებული იყო, ორი შვილი ჰყავდა. თავიდან ნუცუბიძეზე ვცხოვრობდით, შემდეგ ბაგებში, მის მამიდასთან.
არაჩვეულებრივი მეუღლე იყო. ეჭვიანი არ იყო, არც ვაძლევდი მიზეზს, არც მე ვეჭვიანობდი. რატომ დავშორდით? იყო მიზეზი ამის. ერთი, რაც ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის - როცა მოვიდა შესარიგებლად, ძალიან ცივად მივიღე, თურმე უკვე ავად იყო. არ ვიცოდი, რომ მცოდნოდა ავად იყო, არ გავუშვებდი. სიმსივნე ჰქონდა. მალევე გარდაიცვალა. სამძიმარზე მივედი თეატრში, იქიდან გაასვენეს. ერთხელ ერთ გადაცემაში მკითხეს, რა გაქვთ თქვენ და ოდრის საერთოო და ვუპასუხე, ისიც სამჯერ იყო და მეცთქო".
ნელი ბერაიას შვილების ტრაგიკული ისტორია
"1973 წელს გარდაიცვალა ჩემი გოგო, ბებიამ აბორტი გაუკეთა და სეფსისი დაემართა. მე არ ვიცოდი ამის შესახებ. უსიამოვნება ჰქონია ქმართან და ალბათ ამიტომ. ამ დროს მამამისი მთავარი ექიმი იყო აჭარის პირველი საავადმყოფოში, თუმცა როცა აბორტი გაკეთდა, იმ დროს უკვე ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. ძალიან უნერვიულია ამ ამბის გამო, მალე გარდაიცვალა.
ბებია არც ექიმი იყო, არც ექთანი, რატომ გაბედა აბორტის თვითნებურად გაკეთება, არ ვიცი. თავად გაუკეთა აბორტი. მანამდე ვიღაცისთვის ჰქონდა ასევე გაკეთებული თვითნებურად, მაშინაც შვილმა, ჩემმა ყოფილმა ქმარმა, ერთი დღე დააყარა და მაინც გაბედა და მეორედ ჩემს შვილს გაუკეთა.
შემდეგ ჩემს გოგოს სეფსისი დაემართა. მე გვიან გავიგე რომ ბებიის გაკეთებული იყო. ახლა ჩემი გოგო 70 წლის უნდა იყოს. შვილიშვილიც მყავს, 4 წლის იყო, როცა ჩემი გოგო გარდაიცვალა. მამამისმა მალე ახალი ცოლი შეირთო და ეს ბავშვი ქუთაისში გაიზარდა. გავიცანი როცა უკვე გაიზარდა, ცოლი რომ მოიყვანა. დეპრესიაში ვიყავი ამის შემდეგ და სწორედ მაშინ დავიწყე ხატვა. ეს იყო სასწაული, რადგან ჩემს ცხოვრებაში ხატვის ნიჭი არ მქონია. ერთ დღეს თამარ მეფე დავხატე. დღეს მსოფლიოსი ჩემს ნამუშევრებს ანალოგი არ აქვს.
შემდეგ 1992 წელს 35 წელის ვაჟი დავკარგე, ვაჟა ერქვა, იურისტი იყო. გაძარცვეს და მოკლეს. ქურთუკის გამო მოკლეს, სახლში. ოჯახში იყო სტუმრად, ძალიან პატივს სცემდა იმ ოჯახს. იმ ოჯახის წევრს მოსწონდა მისი ქურთუკი, 19 წლის ბიჭი იყო. მათთან სტუმრად რომ იყო, მაშინ გამოჰყვა ვაჟას სახლში, მეგობრებთან ერთად, შეიპატიჟა ჩემმა შვილმა, უნდა დაელიათ და მაგ დროს მოხდა მკვლელობა. წითელ დიპლომზე ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი. უნიჭიერესი იყო. პროკურორად უნდა დაენიშნათ, როცა მოკლეს."