ავტორი:

ტრადიციული მუქარა, თუ ომისთვის მზადება? - კიმი აპირებს სასხლეტს გამოკრას? რისთვის ემზადებიან ჩრდილოეთ კორეაში

ტრადიციული მუქარა, თუ ომისთვის მზადება? - კიმი აპირებს სასხლეტს გამოკრას? რისთვის ემზადებიან ჩრდილოეთ კორეაში

2023 წელი ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა ცეცხლოვანი გამოსვლით დაასრულა, სადაც კორეის მუშათა პარტიას მიმართა და უარი თქვა სამხრეთ კორეასთან მშვიდობიანი გზით გაერთიანებაზე. მან მეზობელ კორეასთან ურთიერთობას "მტრული და საომარი“ უწოდა, ინფორმაციას KCNA ავრცელებს.

  • კიმმა თავის არმიას, ასევე ბირთვული არსენალის გაფართოებისკენ მოუწოდა, ასევე პირობა დადო, რომ 3 მზვერავ თანამგზავრს გაუშვებდა.

სიტყვით გამოსვლისას კიმმა სამხრეთ კორეა და აშშ "გაუაზრებელი ნაბიჯების“ გადადგმაში დაადანაშაულა. პარტიის წევრები კი გააფრთხილა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე შესაძლოა, ომი ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. 2023 წელს ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობა გამოცადეს. ქვეყანაში აცხადებენ, რომ საკონტინენტშორისო ბალისტიკურ ბირთვულ ქობინიან რაკეტას აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადებით, გასული წლის ბოლოს ფხენიანმა მესამე ცდით გაუშვა რაკეტა, რომელმაც ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა. ეს თანამგზავრი "მტრული ქვეყნების“ სამხედრო ბაზებს სურათებს გადაუღებს. 6 იანვარს სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა სულ მცირე, 60 არტილერიული ჭურვი გაისროლა იუნფხიუნდოს კუნძულის მიმართულებით.

  • 13 იანვარს 38 North-მა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სიტუაციის მონიტორინგით არის დაკავებული და ვაშინგტონის სიმსონის ანალიტიკურ ცენტრს ეკუთვნის, გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიმ ჩენ ინის მოქმედებები და განცხადებები, შესაძლოა, ფხენიანისთვის დამახასიათებელ ცარიელი მუქარების ფარგლებს გასცდეს.

სტატიის ავტორები, რობერტ კარლინი და ფიგფრიდ ჰეკერი, ამბობენ, რომ ნახევარკუნძულზე 1950 წლის შემდეგ ახლა ყველაზე უფრო დაძაბული ვითარებაა.

"შესაძლოა, ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ვთვლით, რომ როგორც მისმა ბაბუამ 1950 წელს, კიმ ჩენ ინმაც სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ომში ჩაერთოს. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როდის და როგორ აპირებს კიმი სასხლეტის გამოკვრას. არ მიგვაჩნია, რომ გასულ წელს ჩრდილოეთ კორეულ მასმედიაში გამოჩენილი ინფორმაცია და ომის სამზადისის თემა ტიპური მუქარა იყოს“, - ნათქვამია სტატიაში.

  • რა შეიცვალა კორეის ნახევარკუნძულზე?

ანალიტიკოსების თქმით, ჩრდილოეთ კორეაში მიიჩნევენ, რომ მათი დიდი ხნის მიზანი - აშშ-თან ურთიერთობის ნორმალიზება, შეუძლებელი გახდა. სტატიის ავტორების აზრით, ახლა ფხენიანმა "მთლიანად უარი თქვა აშშ-თან ურთიერთობის დასტაბილურებაზე, რამაც კორეაში და მის გარშემო სტრატეგიული ლანდშაფტი სრულად შეცვალა“.

მათი თქმით, 2019 წლის შეუმდგარი შეხვედრა ჰანოეში, რომელიც კიმ ჩენ ინსა და ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის უნდა გამართულიყო, კიმისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. იმ შეხვედრის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობა, ხოლო ფხენიანის მხრიდან ბირთვული-სარაკეტო პროგრამის შეზღუდვა უნდა ყოფილიყო.

სტატიის ავტორების აზრით, ფხენიანში ფიქრობენ, რომ ახლა აშშ "გლობალური უკან დახევის“ სტადიაშია.

  • მოქმედებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა რაციონალურად?

სხვა ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ იმ ამბავს, რომ თითქოს ჩრდილოეთ კორეა ომისთვის ემზადება. "შეიარაღების გაძლიერების მოწოდებები ფხენიანისთვის რაიმე უჩვეულო არ არის, - ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს მოწოდებები არაფერს ნიშნავს, მაგრამ არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ ეს ომის დაწყებას ნიშნავს“, - ამბობს პროფესორი გარენ მალლოი.

ტოკიოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის დოცენტი რიო ჰინატა-იამაგუჩი ფიქრობს, რომ ამჟამად კიმის სამხედრო ავანტიურის დრო არ არის.

"ჩრდილოეთს რუსეთთან და ჩინეთთან, როგორც მის მოკავშირეებთან, პროგრესი აქვს და მე ვერ ვხედავ მიზეზებს, რის გამოც მათ ამ მომენტში ომი სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანს მოსკოვსა და პეკინთან კარგი ურთიერთობა აქვს, კიმი არ ფიქრობს, რომ ომში მის დასახმარებლად მივლენ. ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელები სულელები არ არიან და კიმი და მისი და სიტყვებს სტრატეგიული წნეხის გაძლიერებისთვის იყენებენ“, - დასძინა იამაგუჩიმ.

კარლინი და ჰეკერი კი ამბობენ, რომ მსოფლიო ჩრდილოეთ კორეისგან ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი მზად უნდა იყოს. "შესაძლოა, ეს ქვეყანა გეგმავდეს ისეთ რამეს, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ჩვენს გამოთვლებს“, - დასძენენ ისინი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

"ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა დრონი" - გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი იარაღი გამოცადა: რას აცხადებენ ფხენიანში