გუშინ ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 36 წლის ახალგაზრდა კაცი სათხილამურო ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სხვა მოთხილამურეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ბაკურიანში, კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ცნობით, მას ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ტუხაშვილია. ის წარმატებული სტარტაპერი იყო. წლები კონსალტინგის მიმართულებით მუშაობდა. ეხმარებოდა კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს და წარმატებით აშენებდა სტარტაპ ეკო-სისტემას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Startup Grind Tbilisi-ის ზრდაში, რაც სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ხელშესახებ ღირებულებას ქმნის.
გიორგი 2 წლის წინ მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპ Kernel-ის თანადამფუძნებელი გახდა. თავდაპირველად ის კომპანიის პროდუქტის გუნდს ხელმძღვანელობდა. გიორგის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. გარდაცვლილი ახალგაზრდა ცნობილი ექიმისა და ფოტომემატიანის გივი ტუხაშვილის ვაჟია. ტრაგიკული შემთხვევის დროს გიორგი ბაკურიანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.