ავტორი:

"ტვინი წყვეტს მუშაობას, მარტივად რომ ვთქვა, “შტერდები”, სიცარიელის გრძნობა გეუფლება... " - რას წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი

"ტვინი წყვეტს მუშაობას, მარტივად რომ ვთქვა,  “შტერდები”,  სიცარიელის გრძნობა გეუფლება... " - რას წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი

სოციალურ ქსელებს დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი მხარე რომ აქვს, ამაზე ყველა თანხმდება. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია "ტიკტოკი", სადაც უამრავ გასართობ და სახალისო ვიდეოსთან ერთად, არაერთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა განთავსებული. ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი, რომელიც თვითონაც აქტიურად იყენებს "ტიკტოკს", ამ პლატფორმის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

"ჩემი ტიკტოკთან ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა ამ პლატფორმის შესახებ ჩემი აზრი გაგიზიაროთ. არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ტიკტოკი ისეთი უაზრო და გაუგებარი რაღაცაა, როგორც ჩამოვტვირთე, ისე წავშალეო. ისევე, როგორც ყველა სოციალურ ქსელში, ტიკტოკში ძალიან ბევრი ნაგავია და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი, ვიდრე მაგალითად ფეისბუქში.

პირველად, როცა ტიკტოკი გადმოვწერე და დავათვალიერე, კინაღამ გადავირიე, იმდენი უმსგავსობა, უაზრობა და სისულელე ვნახე ერთბაშად, მერე მივხვდი, რომ ტიკტოკს ყველასგან განსხვავებით, ბევრად უფრო დახვეწილი ალგორითმი აქვს და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ ის ძალიან მალე ხვდება, რა ტიპის კონტენტი მოგწონს შენ პირადად და დროთა განმავლობაში გაჩვენებს ისეთი ტიპის ვიდეოებს, როგორიც შენ მოგწონს, ანუ მოერგება შენს გემოვნებას.

სწორედ ამის გამო, კონკრეტულად შენთვის, შენი ტიკტოკი ძალიან საინტერესო ხდება, იმდენად საინტერესო, რომ შეიძლება შემდეგ მეორე უკიდურესობაში გადავარდე და საათობით სქროლო.

თუ ტიკტოკს ხანგრძლივად სქროლავ (ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელს), მალევე იგრძნობ, რომ ტვინი წყვეტს მუშაობს, მარტივად რომ ვთქვა - “შტერდები” და ამასთანავე კარგავ უამრავ ძვირფას დროს ისე, რომ ვერც ამჩნევ და ხვდები, რომ მიღებული ინფორმაცია, როგორც მიიღე, ისე აორთქლდა და რაღაცნაირი სიცარიელის გრძნობა გეუფლება.

კიდევ უფრო უარესია, თუ ამ სიცარიელის შევსებას ისევ ტიკტოკის ან ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელის საშუალებით ცდილობ.

მე დაყენებული მაქვს დღიური დროის შეზღუდვა და გარკვეულ დროზე მეტხანს ტიკტოკში ვერ შევდივარ. ტიკტოკი არის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ასაკის, მსოფლმხედველობის, განათლების, ინტელექტის, გემოვნების ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შექმნას კონტენტი, რომელიც იქნება თუ არა ღირებული, ამას საზოგადოება განსაზღვრავს.

ტიკტოკს აქვს უამრავი ფუნქცია, რომელიც ძალიან ხშირად იცვლება და იხვეწება, მსგავს ფუნქციებს ფეისბუქი და ინსტაგრამი ცდილობს შემოგვთავაზოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტიკტოკი დღესდღეობით ლიდერია", - წერს მანანა მგალობლიშვილი.