იოზეფ ფრიცლი, ავსტრიელი სექსუალურად მოძალადე, რომელმაც ქალიშვილი 24 წლის განმავლობაში სარდაფში გამოკეტა და მასთან შვიდი შვილი გააჩინა, შესაძლოა, მკაცრი რეჟიმის ციხიდან გადაიყვანონ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ფრიცლის, რომელიც ახლა 88 წლისაა, 2009 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი ფსიქიატრიული ანგარიშით ირკვევა, რომ ფრიცლის აქვს დემენცია და ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, სასამართლომ მისი ჩვეულებრივ ციხეში გადაყვანა გადაწყვიტოს. ფრიცლი ამჟამად სასჯელს იხდის ფსიქიკურად აშლილ დამნაშავეთა დაწესებულებაში.
ავსტრიაში პატიმრებს, რომლებსაც სამუდამო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ, შეუძლიათ პირობით გათავისუფლება მოითხოვონ.
ამ კანონის მიხედვით, თეორიულად შესაძლოა, ფრიცლი ვადაზე ადრე გათავისუფლდეს სასჯელისგან. იურიდიული საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია ფრიცლის პირობით გათავისუფლება, რაც ნიშნავს, რომ ფრიცლი, რომელმაც სახელი შეიცვალა, შეიძლება გადავიდეს მოხუცთა სახლში.
იოზეფ ფრიცლის საქმე ავსტრიის კრიმინალურ ისტორიაში შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და საზარელი დანაშაული. მას ბრალად ედება უყურადღებობის გამო ერთ-ერთი შვილის მკვლელობა, გაუპატიურება, ინცესტი და ქალიშვილის დამონება.
ავტორი: ანრი კურტანიძე