უკვე მრავალი წელია, ისრაელში წვევამდელ ქალთა ჯგუფები საათობით ზიან სადამკვირვებლო პუნქტებში და სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებში ეძებენ რაიმე საეჭვო ნიშნებს ღაზის საზღვარზე, სადაც უამრავი კამერაა დამონტაჟებული.
როგორც ირკვევა, 2023 წლის 7 ოქტომბრის "ჰამასის" თავდასხმამდე მათ არაერთი საეჭვო ნიშანი აღმოაჩინეს ისრაელსა და ღაზის გამყოფ ბარიერზე, მაგრამ როგორც ჩანს, ზედა ეშელონებში საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასეს.
ნოა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ნანახის შესახებ მათ არაერთხელ გადასცეს ინფორმაცია დაზვერვისა და უმაღლესი რანგის ოფიცრებს, მაგრამ მეტი არაფერი შეეძლოთ. "ჩვენ მხოლოდ თვალები ვიყავით..." - ამბობს ქალი.
ბევრი მათგანისთვის ცხადი იყო, რომ "ჰამასი" რაღაც გრანდიოზულის მოწყობას გეგმავდა.
BBC-ის ჟურნალისტი ესაუბრა დამკვირვებელ ქალებს მათ მიერ ნანახ საეჭვო აქტივობებზე, წარდგენილ ანგარიშებზე და იმ უპასუხო მოხსენებებზე, რაც ისრაელის თავდაცვის უფროს ოფიცრების გადასცეს.
ჟურნალისტმა ნახა "ვოთსაპის“ ჩატი, რომელშიც ქალები 7 ოქტომბრამდე შეტყობინებებს ერთმანეთს უგზავნიდნენ. ზოგიერთი მათგანი წერდა, ნეტა ვინ იქნებოდა იმ დღეს მორიგე, როდესაც გარდაუვალი შეტევა მოხდებოდა?
მსგავსი მტკიცებულებების გამოჩენის შემდეგ ისრაელის ხელისუფლების მიმართ კითხვების რაოდენობა იზრდება.
"პრობლემა ის არის, რომ სამხედროებმა არ გააერთიანეს ყველა ინფორმაცია, რომელსაც დაზვერვის დაბალი რგოლიდან იღებდნენ", - ამბობს BBC-თან ერთ-ერთი სასაზღვრო ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ისინი მიხვდებოდნენ, რომ "ჰამასი" რაღაც უპრეცედენტოს ამზადებდა.
19 წლის შაი აშრამი ერთ-ერთი მორიგე მეთვალყურე ქალი იყო გასული წლის 7 ოქტომბერს. როდესაც ოჯახს დაურეკა, სროლის ხმა უკვე ისმოდა. საუბარში მათ უთხრა, რომ "ბაზაზე ტერორისტები იყვნენ და რომ ძალიან ცუდი რაღაც მოხდებოდა". შაი და ათზე მეტი მოთვალთვალე მორიგე იმ ღამეს დაიღუპა. დანარჩენები ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს.
"ჰამასის" თავდასხმის დროს, ქალები ნაჰალ ოზის ბაზაზე, რომელიც ღაზის საზღვრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, WhatsApp-ის ჯგუფში ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ნოა, რომელიც იმ დღეს სამსახუში არ იყო და შეტყობინებებს შინიდან კითხულობდა. ფიქრობდა, რომ ეს იყო თავდასხმა, რომლისაც დიდი ხნის განმავლობაში ეშინოდათ და ეს რეალურად მოხდა.
მათი ბაზების მდებარეობის გამო, დამკვირვებელი ქალები (ებრაულად ეძახიან "ტაცპიტანიოტებს") პირველ ისრაელელებს შორის იყვნენ, რომლებსაც "ჰამასის" "ბოევიკები" დაესხნენ თავს.
ისინი დღეების განმავლობაში ზიან საზღვრის მახლობლად, სპეციალურ ოთახებში და საათობით უთვალთვალებენ არხებს CCTV კამერებიდან, რომლებიც დამონტაჟებულია გამყოფი ბარიერის გასწვრივ და ღაზის თავზე.
რამდენიმე ასეთი შენაერთი განლაგებულია ღაზის ბარიერთან, ხოლო სხვები ისრაელის საზღვრის გასწვრივ სხვადასხვა პოზიციებზე. დამკვირვებლებად 19-25 წლამდე ასაკის გოგონები მუშაობენ. ისინი იარაღს არ ატარებენ. თავისუფალ დროს ვარჯიშობენ, ცეკვავენ, ერთად ამზადებენ საჭმელს და უყურებენ სატელევიზიო შოუებს. ბევრი მათგანისთვის სამხედრო სამსახური ოჯახებისგან მოშორებით ცხოვრების პირველი გამოცდილებაა და ამბობენ, რომ ერთმანეთისთვის დებივით არიან. თუმცა, ისინი სერიოზულად ეკიდებიან სამსახურს.
"ჩვენი ამოცანაა დავიცვათ ყველა მოქალაქე. ძალიან მძიმე სამუშაო გვაქვს - ცვლაში ზიხარ და უფლება არ გაქვს წამითაც კი დახუჭო თვალი ან ეკრანს მოაშორო. მუდამ კონცენტრირებული უნდა იყოთ“, - ამბობს ნოა.
როდესაც დამკვირვებლები შეამჩნევენ რაიმე საეჭვოს, ისინი აცნობებენ მეთაურს და პარალელურად ინფორმაცია შეაქვთ კომპიუტერულ სისტემაში, რათა საფრთხე შეაფასონ უმაღლესი თანამდებობის პირებმა.
"ჰამასის" თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, ისრაელის მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ საფრთხე კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ საზღვარზე ბევრი ნიშანი იყო, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
ედენ ჰადარი - ბაზაზე კიდევ ერთი დამკვირვებელი იხსენებს, რომ მისი სამსახურის დასაწყისში იმ ადგილზე, სადაც აკვირდებოდა, "ჰამასის" მებრძოლები ძირითადად ფიზიკური მომზადებით იყვნენ დაკავებულნი. სამსახური აგვისტოში დატოვა, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე შენიშნა გადასვლა "ნამდვილ საბრძოლო მომზადებაზე".
ქალების ნაწილი ამბობს, რომ ბარიერის მახლობლად (ისრაელში მას "რკინის კედელს" ეძახიან) "ჰამასმა" ბომბები ააფეთქა, როგორც ჩანს, მისი სიძლიერის შესამოწმებლად. 7 ოქტომბერს გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს დიდი აფეთქებები, რის შემდეგაც "ჰამასის" მებრძოლები მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან.
ყოფილი დამკვირვებლი რონი ლიფშიცი "ჰამასის" თავდასხმის დღეს არ მუშაობდა, მაგრამ მისი თქმით, ყველაზე საგანგაშო იყო თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე, "ჰამასის" რეგულარული სატრანსპორტო პატრულის წევრები, რომლებიც ჩერდებოდნენ დაცვის პუნქტებზე, ბარიერის მეორე მხარეს.
მას ახსოვს, როგორ "ლაპარაკობდნენ ისინი, მიუთითებდნენ კამერებზე და ღობეზე, იღებდნენ სურათებს“. მისი თქმით, მან ბოევიკების ფორმით დაადგინა, რომ "ჰამასის" ნუხბას ელიტარულ ქვედანაყოფს ეკუთვნოდნენ. ისრაელმა განაცხადა, რომ სწორედ ის იყო ერთ-ერთი "წამყვანი ძალა" ოქტომბრის თავდასხმისას.
დამკვირვებლების ნაწილი ღობის გადაკვეთის გახშირებულ მცდელობებზეც ლაპარაკობს. ქალებმა დაიწყეს უცნაური ცვლილებების შემჩნევა სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ადამიანების ქცევაში. ამბობენ, რომ ღაზელი ფერმერები საზღვარს საეჭვოდ უახლოვდებოდნენ. დამკვირვებლები ახლა ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები "ჰამასის" დაზვერვისთვის აგროვებდნენ ინფორმაციას.
გოგონების თქმით, ისინი გადასცემდნენ ინფორმაციას ზემდგომ ორგანოებს, მაგრამ რეაგირება შესაბამისი არ იყო, მათ დამატებით კითხვებსაც არ უსვამდნენ.
ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ მათ იმედგაცრუება და წუხილი ოჯახებს გაუზიარეს.
შაჰაფის დედა, ილანა იხსენებს შვილის ნათქვამს: "რატომ ვართ აქ, თუ არავინ გვისმენს? მან მითხრა, რომ გოგონები ხედავენ, რომ არეულობა მზადდებოდა“. მაგრამ შაჰაფის შეშფოთების მიუხედავად, მის ოჯახს, ისევე როგორც სხვებს, სრული ნდობა ჰქონდა ჯარისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ.
2023 წლის 7 ოქტომბერი - ეს უმძიმესი დღეა ისრაელის ისტორიაში, როდესაც დაახლოებით 1300 ადამიანი დაიღუპა და 240 მძევლად აიყვანეს (პრემიერის ოფისის ცნობით).
"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო და სახმელეთო შეტევებს ღაზაში 23 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
"რკინის კედლის" დამკვირვებლები არ იყვნენ ერთადერთი, ვინც მიუთითებდა საგანგაშო მოვლენებზე და მათი დაკვირვებები არ იყო ერთადერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვრის მეორე მხარეს რაღაც ხდებოდა.
New York Times-ის სტატიის თანახმად, ისრაელის ოფიციალურ პირებს ხელთ ჰქონდათ დეტალური დოკუმენტი, რომელიც ასახავდა "ჰამასის" გეგმებს 7 ოქტომბრის თავდასხმამდე ერთი წლით ადრე. თუმცა, როგორც ჩანს, ამას არარეალურად მიიჩნევდნენ და უფრო "ჰამასის" ამბიციებს მიაწერდნენ, ვიდრე მის შესაძლებლობებს.
თავდასხმამდე სამი თვით ადრე, ვეტერანმა ანალიტიკოსმა ისრაელის ქვედანაყოფი 8200 სადაზვერვო სააგენტოდან გააფრთხილა, რომ "ჰამასი" ატარებდა ინტენსიურ წვრთნებს. ინფორმაცია "ჰამასის" და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ ჩატარებული წვრთნების შესახებ ასევე გამოქვეყნდა სოციალურ მედიაში.
”ნიშნები იყო,” - ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ეიტან დანგოტე. ”თუ მათ შეაჯამებდნენ, შეეძლოთ ადრე მიეღოთ გადაწყვეტილება და რაიმე გაეკეთებინათ ამის შესაჩერებლად. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთებულა“.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრული გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა, ცხადია, რომ დამკვირვებელთა ანგარიშებს "არ მიაქციეს ისეთი ყურადღება, რასაც იმსახურებდა ეს ანგარიშები“.
”ზოგჯერ ეს უფროსი ოფიცრების ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია... ამგვარი დამოკიდებულების - კარგი, გავიგე, მაგრამ მე შენზე მეტი ვიცი. ზოგჯერ ეს შეიძლება სექსიზმის ბრალი იყოს. უნდა დაჯდე ამ ხალხთან, ყურადღებით მოუსმინო, რას ამბობენ, როგორ აანალიზებენ ამას“.
ბრიგადის გენერალი ამირ ავივის - ღაზაში დივიზიის მეთაურის ყოფილ მოადგილეს არ სჯერა, რომ ეს იყო სექსიზმი და ქალებს სქესის გამო არ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ თანხმდება, რომ მეტი უნდა გაკეთებულიყო დამკვირვებლების შეშფოთების გასაანალიზებლად.
დამკვირვებლები განსხვავებულ პასუხებს იძლევიან კითხვაზე, რატომ არ მოუსმინეს მათ:
"იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სისტემის ყველაზე დაბალი რგოლი... ამიტომ ჩვენი სიტყვა ნაკლებად პროფესიონალურად მიიჩნევა. ყველა მხოლოდ თვალებად გვხედავს, ისინი არ გვიყურებენ, როგორც ჯარისკაცებს”, - ამბობს რონი.
თავდასხმიდან სამი თვის შემდეგ, გადარჩენილი დამკვირვებლები და მსხვერპლთა დამწუხრებული ოჯახები გამოძიების მოლოდინში მომხდართან შეგუებას ცდილობენ.
მშობლების სახლში ნოა ყოველდღიურად უყურებს სოციალურ ქსელებში ძველ ვიდეოებს, რომლებშიც მისი მეგობრები მღერიან და ცეკვავენ ბაზაზე. ყოველ ღამე დივანზე სძინავს, ოთახში მარტო დარჩენის ეშინია.
"ეს ყველგან თან მდევს - კოშმარებში და ფიქრებში ვარ, არ მეძინება, არ მაქვს მადა", - ამბობს ქალი. "მე აღარ ვარ ისეთი, როგორიც ადრე ვიყავი."
WhatsApp-ის სამუშაო ჩატს ათვალიერებს და ამბობს, რომ ბევრი მათგანი მოკლულია და ზოგიც გატაცებული. ნაჰალ ოზის ბაზაზე, ოთახი, სადაც ტაცპიტანიოტები მუშაობდნენ, ახლა განადგურებულია და ეკრანები, რომლებზეც ისინი უყურებდნენ "ჰამასის" შეტევისთვის მზადებას, დამწვარი და ჩაბნელებული. "ჰამასის" მებრძოლებმა ნაჰალ ოზში ათობით ადამიანი მოკლეს.
დაღუპულთა შორის ბევრია იმ ქალებიდან, რომლებიც ასე ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ისრაელის სახელმწიფოს საზღვრებს და ეშინოდათ, მიუხედავად ისრაელის უზარმაზარი ძალაუფლებისა და რესურსებისა... ისინი შიშობდნენ, რომ ოდესმე მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო.... მათ, სამწუხაროდ, არავინ მოუსმინა.