ავტორი:

საფრთხის უმაღლესი დონე და განგაში მთელ ქვეყანაში - რა ხდება ისლანდიაში, სადაც ქალაქ გრინდავიკთან, 2 ვულკანური ნაპრალი გაიხსნა და ლავამ ამოხეთქა?

საფრთხის უმაღლესი დონე და განგაში მთელ ქვეყანაში - რა ხდება ისლანდიაში, სადაც ქალაქ გრინდავიკთან, 2 ვულკანური ნაპრალი გაიხსნა და ლავამ ამოხეთქა?

ისლანდიაში, მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკში სახლები ცეცხლის ალში მას შემდეგ გაეხვია, რაც მათ სიახლოვეს ორი ვულკანური ნაპრალი გაიხსნა, ქალაქის მთავარი გზა კი ლავის ნაკადმა წალეკა. საბედნიეროდ, მთავრობამ მოსახლეობის ევკუაცია ვულკანის ამოფრქვევამდე მოახერხა და ახლა მათი განსახლების გეგმას განიხილავს.

ექსპერტები ამბობენ, რომ "სიტუაცია ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით ვითარდება".

გრინდავიკის მთელი მოსახლეობა (4000 ადამიანი) ევაკუირებულია და დეკემბერში აშენებული თავდაცვითი ნაგებობების წყალობით, ლავის გარკვეული ნაწილი შეკავდა, თუმცა ზოგიერთ ადგილას მაინც გაარღვია ჯებირები.

14 იანვარს, საღამოს ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა მოსახლეობას პირდაპირ ეთერში მიმართა: "ერთად დავდგეთ და თანაგრძნობა გამოვიჩინოთ მათ მიმართ, ვინც საკუთარ სახლში დარჩენას ვერ ახერხებს." პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია მალე ჩაწყნარდება, მაგრამ დასძინა, რომ "არაფერია გამორიცხული".

სამეცნიერო ჟურნალისტმა და ვულკანოლოგმა რობინ ენდრიუსმა განაცხადა, რომ მიმდინარე ვულკანის ამოფრქვევა "უკიდურესად საშიში და საზიანოა და ამჟამინდელი მონაცემებით, ვულკანს ჩაცხრობის ნიშნები არ აქვს".

ის ხალხს ლავის ხელახლა ამოფრქვევის შესაძლო პრობლემურ შედეგებზეც აფრთხილებდა. მისი თქმით, ბუნებრივი მოვლენა განსაკუთრებით საზიანო მათთვის იქნება, ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს, რადგან ვულკანი ისეთ გაზებს უშვებს, როგორიცაა გოგირდის დიოქსიდი, რომელიც კანს, თვალებს, ცხვირსა და ყელს აღიზიანებს.

ამჟამად ისლანდიაში სამდონიანი შკალიდან საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა დაფიქსირებული და ქვეყანაში განგაშია გამოცხადებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბუნებრივმა კატასტროფამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს დასახლებებს, ადამიანებს, მათ სახლებს, ქონებას ან გარემოს.

ისლანდიას ჯამში 33 აქტიური ვულკანური სისტემა აქვს. რეიკიანესის ნახევარკუნძულზე 2021 წლის შემდეგ ეს რიგით უკვე მეხუთე ვულკანური ამოფრქვევაა.

Live კამერა გრინდავიკიდან:

<iframe width="1264" height="480" src="https://www.youtube.com/embed/hvcP4kVVOnk" title="Grindavik" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა