ავტორი:

აშშ პატიმრის უპრეცედენტო დასჯის მოლოდინშია - რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს კაცი, რომელსაც აზოტის ინჰალაციის გზით სიკვდილი მიესაჯა?

აშშ პატიმრის უპრეცედენტო დასჯის მოლოდინშია - რა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს კაცი, რომელსაც აზოტის ინჰალაციის გზით სიკვდილი მიესაჯა?

აშშ-ს ისტორიაში პირველად, ალაბამას შტატში, პატიმარს აზოტის ინჰალაციის გზით სიკვდილით დასჯიან. ამ მეთოდის გამოყენება იწვევს ადამიანის დახრჩობას. 58 წლის კენეტ სმიტს სასჯელი 1988 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მიესაჯა. პატიმრის ადვოკატები სიკვდილით დასჯის მეთოდს აპროტესტებენ და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი "საცდელი სუბიექტი" გახდება, რადგან უცნობია, რას გრძნობს ადამიანი ასეთი სიკვდილის დროს. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს უწოდებენ.

კენეტ სმიტს სიკვდილით დასჯა 1988 წელს პასტორის მეუღლის მკვლელობისთვის მიესაჯა. სმიტმა ქალს ცივი იარაღი რვაჯერ დაარტყა მკერდში და ერთხელ კისერზე. პროკურატურის თქმით, დამნაშავემ პასტორისგან ცოლის მკვლელობისთვის ათასი დოლარი მიიღო. პასტორი იმედოვნებდა, რომ ამ გზით დაზღვევის თანხას მიიღებდა, რადგან დიდი რაოდენობით ვალი დაუგროვდა. გამოძიების დაწყების შემდეგ პასტორმა თავი მოიკლა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტს სიკვდილით დასჯა 1989 წელს მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი აპელაციის დროს გააუქმდა და საქმე კვლავ განახლდა. 1996 წელს სმიტი ისევ ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს - 11 ხმით ერთის წინააღმდეგ, კაცი დამნაშავედ ცნეს და ითხოვეს, რომ მისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, მაგრამ მოსამართლემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

  • სმიტისთვის 2022 წლის ნოემბერში სასიკვდილო ინექცია (ეს არის სიკვდილით დასჯის ყველაზე გავრცელებული მეთოდი შეერთებულ შტატებში) უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ კაცს ვენა ვერ უპოვეს და პროცედურა შეწყდა. დამნაშავე საკანში დააბრუნეს.

წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ სმიტის ადვოკატების წარდგენილ საჩივარში ნათქვამია, რომ პატიმარი ოთხი საათის განმავლობაში იყო სპეციალურ სკამზე დაბმული, განიცდიდა ტკივილს და არავინ ეუბნებოდა რა ხდებოდა მის თავს.

ამ ფაქტის შემდეგ შემდეგ ალაბამას გუბერნატორმა ქეი აივიმ მოითხოვა სმიტის სიკვდილით დასჯა აზოტის გაზით. ამ დროს პატიმარს სახეზე უკეთებენ რესპირატორს და ჰაერის ნაცვლად ის აზოტს ისუნთქავს, რის შედეგადაც დახრჩობის შედეგად კვდება. ალაბამას გარდა, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი მხოლოდ აშშ-ის ორ შტატშია დაშვებული - ოკლაჰომასა და მისისიპში, მაგრამ აქამდე არასოდეს ყოფილა გამოყენებული.

სმიტის დამცველები აპროტესტებდნენ აზოტის გაზით განაჩნის აღსრულებას. მათი თქმით, რესპირატორი დაფარავს პატიმრის ცხვირსა და პირს, რაც ხელს შეუშლის მას ხმამაღლა ილოცოს ან საბოლოო განცხადება გააკეთოს სიკვდილამდე.

10 იანვარს რაიონულმა მოსამართლემ ოსტინ ჰაფაკერმა უარყო სმიტის მოთხოვნა სიკვდილით დასჯის შეჩერების შესახებ. მისი თქმით, აზოტის გაზით სასიკვდილო განაჩენის აღსრულება ახალი მეთოდია და ლეტალური ინექცია, რომელიც ახლა დაშვებულია შტატში, ასევე ოდესღაც სიახლე იყო. „სმიტს არ აქვს გარანტირებული უმტკივნეულო სიკვდილი“, - თქვა მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში. მან აღნიშნა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აზოტის გაზით სიკვდილი „პატიმრისთვის მნიშვნელოვან ტკივილს გამოიწვევდა“. სმიტის ადვოკატმა, რობერტ გრასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარე მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას. "სმიტი გაურბოდა სასიკვდილო განაჩენს 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში", - თქვა ალაბამას გენერალურმა პროკურორმა სტივ მარშალმა.

სმიტის სიკვდილით დასჯა 25 იანვარს არის დაგეგმილი. თუმცა შეიძლება გადაიდოს, თუ ადვოკატთა მიმართვა ზემდგომ ორგანოებში წარმატებული იქნება.