გუშინ თბილისში ფემიციდის მორიგი ფაქტი მოხდა. ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. კაცმა მეუღლეს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურია.
გარდაცვლილი ქალი 27 წლის ქეთევან ედიბერიძეა, ბრალდებული - გიორგი კავლელაშვილი. მას პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული ქალის ოჯახი. "ტვ პირველს" გოგონას ბაბუა უყვება, რომ მისი სიძე სვამდა და ამის გამო მას საყვედურობდა კიდეც. რაც შეეხება ცოლ-ქმრის ურთიერთობას, ქალის მამა ამბობს, რომ მის შვილსა და სიძეს "მოსიყვარულე ურთიერთობა" ჰქონდათ".
"ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოსიყვარულედ იყვნენ, ბოლო სამი დღე მათთან გავატარე. ოღონდ სვამდა. როცა მკვლელობა მოხდა, ბიჭის მამაც იქ იყო, იმ სახლში. ეძინა, როცა ეს მოხდა. რაღაც მოხდა. სამი დღე მთვრალი იყო, დავტუქსე კიდეც, სასმელს ალბათ რაღაცა მიამატა, რაღაც დალია კიდევ... 4 თვის "კუკლა" ბავშვი დატოვეს" - ამბობს მოკლული ქალის ბაბუა.
როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლებმა გუშინ განაცხადეს, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა.
"დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ახლოს არ ვიცნობდი, ეს მეორე ცოლია, ორსული როცა იყო, ეზოში ერთად სეირნობდნენ ხოლმე. ერთი-ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. ამ დროს სოფელში, თუ არ ვცდები, დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. მეზობელმა მითხრა, გოგლამ ცოლი მოკლაო. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.